რა ჰქვია ავტომობილს მათთვის, ვინც უკვე დარგო ხე, ააშენა სახლი და მისცა დასაბამი ახალ სიცოცხლეს? – Porsche.
ადამიანი იმიტომ იბადება, რომ ააშენოს სახლი, დარგოს ხე და მისცეს დასაბამი ახალ სიცოცხლეს. ნამდვილი ავტომოყვარული კი იმიტომ იბადება, რომ ააშენოს სახლი, დარგოს ხე, მისცეს დასაბამი ახალ სიცოცხლეს და მართოს Porsche. პირველი და ბოლო ვალდებულებები თითქმის ერთნაირად ძვირი სიამოვნებაა, თუმცა ყველა ცხოვრებისეული ვალდებულება იაფი ვერ იქნება.
ნამდვილი ავტომოყვარულისთვის დამატებულ ამ მეოთხე ვალდებულებაში პირველ რიგში მაინც Porsche 911 Carrera იგულისხმება – ნაღდი, ცივსისხლიანი, სრულყოფილი სპორტული ავტომობილი, რომელსაც მსოფლიოს საუკეთესო სარბოლო ტრასებზეც კი ბადალი არ ჰყავს.
როგორც ნებისმიერ ავტომოყვარულს, მეც არასდროს დამავიწყდება ის დღე, როცა მამაჩემმა პირველად მანდო ავტომობილი, ასევე დღე, როცა პირველად ვმართავდი პირველ საკუთარ ავტომობილს და დღე, როცა სარბოლო ტრეკზე პირველად „ვიფრინე“ Porsche 911-ით. თუმცა დრო, როცა Porsche მხოლოდ წმინდა წყლის სპორტქარებს ქმნიდა, დიდი ხანია, წარსულს ჩაჰბარდა. 21-ე საუკუნის დასაწყისში, ბაზარზე გაჩენილი მოთხოვნიდან გამომდინარე, Porsche, ფაქტობრივად, იძულებული გახდა, გამოეშვა ამ მარკისთვის უჩვეულო, მაგრამ იმ დროისთვის უკვე წარმოუდგენლად პოპულარული კლასის ავტომობილი Porsche Cayenne, რომელიც Volkswagen Touareg-ისა და Audi Q7 „ბიძაშვილია“ – სამივე ერთ ტექნიკურ პლატფორმაზე აიწყო. სწორედ აქედან დაიწყო Porsche-სა და Volkswagen-ის კონცერნის „დანათესავება“, რაც 2009 წელს იმით დამთავრდა, რომ Porsche „ფოლკსვაგენ ჯგუფის“ წევრი გახდა.
Porsche-ის მშობლიურ ქალაქ ცუფენჰაუზენში სამართლიანად მიიჩნევენ, რომ Cayenne იყო პირველი ბიძგი ფინანსური წარმატებისკენ 21-ე საუკუნის დასაწყისში – ანუ, მაშინ, როცა სუფთა სპორტქარების გაყიდვებმა იკლო და მოდაში SUV-კლასის მანქანები შემოვიდა (ავტომობილები, რომლებსაც ჩვენ დღემდე „ჯიპებს“ ვუწოდებთ). Cayenne წარმატებამ Porsche-ს 2009 წლისთვის კიდევ ერთი მისთვის უჩვეულო, მაგრამ ისეთი ავტომობილის წარმოებისკენ უბიძგა, რომელსაც წარმატება და პოპულარობა ჩანაფიქრშივე გარანტირებული ჰქონდა: Porsche Panamera-ს ვგულისხმობ. 4-კარიანი Porsche და თანაც სედანი? ამ უსპორტულესი მარკის ძირძველმა ფანებმა თავში ხელები წაიშინეს, მაგრამ…
დღეს უკვე არა მარტო ექსპერტების მოსაზრებით, არამედ სტატისტიკით, ციფრებით და სარბოლო ტრასებზე დაფიქსირებული შედეგებითაც დამტკიცებულია, რომ Porsche Panamera ყველაზე სპორტული მდიდრული სედანია – ლუქს-კლასის ლიმუზინი Porsche-სთვის დამახასიათებელი დინამიკით, მართვადობით, მანევრულობითა და, ამავდროულად, კომფორტით, რომლის მსგავსსაც Panamera-მდე მხოლოდ Mercedes S-კლასიდან ან BMW-ს მეშვიდე სერიიდან იცნობდით.
ეს არის 5 მეტრი სიგრძის მქონე მდიდრული სედანი 6- და 8-ცილინდრიანი ძრავებითა და 250-დან (პირველი თაობის დიზელი) 570 ცხენის ძალამდე (Turbo S, 2014-დან) სიმძლავრით. Panamera ის შემთხვევაა, როცა ცხენის ძალებთან ერთად აუცილებლად უნდა ახსენო მისი ტრანსმისიებიც: Porsche-ს ლეგენდარული PDK, რომელიც უნიკალური 7-საფეხურიანი ავტომატური გადაცემათა კოლოფია, ან ასევე მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო მწარმოებლის, ZF-ის 8-საფეხურიანი ავტომატიკა.
Panamera-ს შეძენა არა მარტო იმ მეოთხე ცხოვრებისეული ვალდებულების შესრულებას ნიშნავს, არამედ, ფაქტობრივად, ახდენილი საავტომობილო ოცნებაა, რადგან ხდები სტატუსის განმსაზღვრელი ლუქს-ავტომობილის მფლობელი და, შესაბამისად, ნებისმიერ დროსა და ნებისმიერ ადგილზე ყურადღების ცენტრში ხარ და, ამავდროულად, ხდები ისეთი მანქანის მფლობელი, რომლითაც ყოველგვარი ორჭოფობის გარეშე შეგიძლია მიაშურო ტრეკს და დაიკმაყოფილო სპორტული სურვილები. საამისოდ Panamera-ში ყველა წინაპირობაა – მათ შორის, სვლის ისეთი აუცილებელი რეჟიმები, როგორიცაა „სპორტი“ და „სპორტ პლუსი“, რომლითაც Panamera ნამდვილ სარბოლო ბოლიდს ემსგავსება.
ყველა ამ სიკეთესთან ერთად, Porsche-ს მფლობელი ავტომატურად ხდება რჩეულთა კლუბის წევრი, რადგან Porsche არა მარტო სტატუსის მაჩვენებელია, არამედ ცხოვრების სტილსაც გამოხატავს. სწორედ ამიტომ შექმნეს შტუტგარტელებმა Porsche-Travel-კლუბი, სადაც სწორედ ზემოთ ხსენებული რჩეული საზოგადოებაა გაერთიანებული და Porsche, სპეციალურად მათთვის, პერიოდულად აწყობს სამოგზაურო ღონისძიებებს მსოფლიოს საუკეთესო ადგილებში. თანაც მინიმალურ ფასად – ანუ, თავად Porsche-ს ამ მოგზაურობებიდან მოგება არ რჩება. Porsche-Travel-კლუბი მხოლოდ და მხოლოდ მისი წევრების სიამოვნებისთვისაა შექმნილი.
სწორედ Porsche-Travel-კლუბმა მოაწყო მორიგი ასეთი მოგზაურობა ზაფხულში – ოღონდ, ამჯერად ჟურნალისტებისთვის და „Porsche ცენტრი თბილისის“ ამ ზღაპრულ წინადადებაზე უარის თქმა, რა თქმა უნდა, არც ერთ შემთხვევაში არ შეიძლებოდა, ასეთი შანსი ადამიანს მხოლოდ ორ შემთხვევაში ეძლევა – ან Porsche-ს მფლობელი უნდა იყოს, ან Porsche-Travel-კლუბში გაწევრიანებული ჟურნალისტი.
მოგზაურობა ევროპაში დაიგეგმა: სტარტი პრაღაში, მეორე დღე ბრატისლავაში, მესამე დღე ბუდაპეშტში, ფინიში – ვენაში. გზად კი, რა თქმა უნდა, ჩეხეთის, სლოვაკეთის, უნგრეთისა და ავსტრიის საუკეთესო ადგილების მონახულება. რაც შეეხება ყველაზე მთავარს, ავტომობილს: ჩვენს განკარგულებაში იყო Porsche Panamera-ს ყველა მნიშვნელოვანი ვერსია – დაწყებული ჩვეულებრივი მოდელით (თუკი შეიძლება, რომ Panamera-ს რომელიმე მოდელს ჩვეულებრივი ეწოდოს), ვიდრე იმ ექსკლუზიურ ვერსიამდე, რომლის მხოლოდ 100 ეგზემპლარი არსებობს. მთელ მსოფლიოში, რა თქმა უნდა.
სტარტი Porsche-ს პრაღის ცენტრიდან ავიღეთ – დაუვიწყარი მოგზაურობა სწორედ იმ Panamera-თი დაიწყო, რომელიც მოგზაურობებისთვისაა ზედგამოჭრილი: Porsche Panamera GTS. ეს Porsche-ს სამოდელო რიგში ერთ-ერთი გამორჩეული მოდელია. GTS ასე იშიფრება: Gran Turismo Sport. როგორც კი საჭესთან მოვთავსდი, სანამ სავარძელს მოვირგებდი, თვალში მომხვდა ბოთლი. წყლის ბოთლი Porsche-ს ლოგოთი და წარწერით „საუკეთესო სუვენირი – თქვენი პირადი მოგონებები“ და თამამად შეიძლება ითქვას, რომ ამ სიტყვების გამართლება ყველაზე უკეთ სწორედ Panamera GTS-ს შეუძლია. გაძლიერებული სიმძლავრე, გაძლიერებული მუხრუჭები, სპორტული, მაგრამ არა 911-ივით ხისტი დაკიდება, ამორტიზატორების რეგულირების სისტემა PASM, რაც, ძრავის მადისაღმძვრელ ჟღერადობასთან ერთად, სპორტული ავტომობილისთვის აუცილებელი ატრიბუტიკაა და პლუს ამას კომფორტი – რეალური კომფორტი! ასევე მოდიფიცირებული ატმოსფერული V8-ძრავა 4,8-ლიტრიანი მოცულობით, 440 ცხენის ძალითა და 520-ნიუტონმეტრიანი ბრუნის მომენტით. ეს მათთვის, ვინც Porsche Panamera GTS-ს საერთოდ არ იცნობს, ისე კი, ტექნიკურ მონაცემებს „Porsche ცენტრი თბილისშიც“ მოიკითხავთ, აქ კი სულ სხვა რამეზე მსურდა ყურადღების გამახვილება…
განუმეორებელია განცდა, როცა გრძნობ, რომ ავტომობილი ნებისმიერ დროსა და ნებისმიერ ადგილზე ყურადღების ცენტრში გამყოფებს, მხოლოდ რჩეულთათვის განკუთვნილ კომფორტს გთავაზობს და სტატუსთან ერთად უდიდეს სიამოვნებასაც განიჭებს. უფრო მარტივად რომ ვთქვათ, მიადგამ, მიფრინავს, თუ არა და – მიცურავს. ამ ყველაფერში ერთ-ერთი უმთავრესი როლი აქვს გადაცემათა კოლოფს – Porsche-ს განუმეორებელ PDK-ს. როგორ აგიხსნათ? აი, ავტომოყვარულები რომ ამბობენ ხოლმე, ავტომატიკას მექანიკა მირჩევნიაო, ეს, რა თქმა უნდა, აბსოლუტურად ლეგიტიმური მოსაზრებაა, რომელსაც ნებისმიერ ავტომოყვარული ლოგიკურად დაასაბუთებს. მაგრამ თუკი არსებობს საუკეთესო ავტომატიკა, ეს პირველ რიგში (და იქნებ სულაც მხოლოდ) Porsche-ს PDK-ზე ითქმის! და თუ Porsche-ს შეიძენთ, არ თქვათ უარი PDK-ზე! ეს არის საუკეთესო ავტომატური გადაცემათა კოლოფი მათ შორის, რაც ოდესმე შექმნილა! და რაც მთავარია, Panamera GTS-ს PDK სტანდარტულ კომპლექტაციაში მოჰყვება. სხვათა შორის, ისევე, როგორც Sport Chrono პაკეტი, რომლითაც Porsche-ში ძალიან ამაყობენ და, სამართლიანადაც. ყველა ამ სიკეთით აღჭურვილი Panamera GTS 100 კმ/სთ-მდე 4,4 წამში ჩქარდება და მაქსიმუმ 288 კმ/სთ-ის განვითარება შეუძლია.
GTS-ის შემდეგ ჩვენს განკარგულებაში ჯერ Panamera Turbo, მერე კი Panamera Turbo S იყო და სწორედ ამ უკანასკნელით გადავედით სლოვაკეთში. რაკი დღეს ევროპაში საზღვრები აღარ არსებობს, ხშირად ერთი ქვეყნიდან მეორეში ისე გადადიხარ, რომ ვერც ხვდები. ამ შემთხვევაშიც ასე იყო და უკვე სლოვაკეთში რომ ვიყავით, მხოლოდ გზების უარესი ხარისხით და მძღოლების თავხედური ქცევით მივხვდით. Panamera Turbo და, მით უმეტეს, Panamera Turbo S Porsche-ის სამოდელო რიგში ზემოთ ხსენებულ GTS-ზე მაღლა დგანან – უფრო მეტი მდიდრულობითა და სპორტულობით გამოირჩევიან. Turbo S საერთოდ ღმერთის საჩუქარია – 4,8-ლიტრიანი V8 ძრავით, ორი ტურბოდამბერით, 570-ცხენისძალიანი სიმძლავრითა და 750-ნიუტონმეტრიანი ბრუნის მომენტით. აჩქარება 100 კმ/სთ-მდე 3,8 წამში! მაქსიმალური სისწრაფე კი 310 კმ/სთ! და ეს ყველაფერი სედანში!
მართალია, ეს მოგზაურობა სპორტული ტრასების დაპყრობას არ მოიცავდა, მაგრამ როგორ გინდა, რომ მართავდე Panamera Turbo S-ს, ანუ, ყველაზე ძლიერ Panamera-ს ყველა Panamera-ს შორის და არ გაააქტიურო Sport Plus რეჟიმი? ეს ხომ უდიდესი ცოდვა იქნებოდა! ჰოდა, მაინც გავააქტიურეთ, ოღონდ ავტობანზე და კიდევ ერთხელ ვისიამოვნეთ იმ ფაქტით, რომ ისედაც უსწრაფესი Panamera Sport Plus რეჟიმში უველურეს ცხოველს ემსგავსება. ეს რეჟიმი ცვლის ყველაფერს – ძრავის ჟღერადობით დაწყებული, მოხვევის სისტემის გამძაფრებით გაგრძელებული, ვიდრე სპორტქარისთვის სამაგალითო სიხისტემდე. ადრენალინი, მეგობრებო! და 570 ცხენისგან შემდგარი „ორკესტრის“ მუსიკა.
ისე დაემთხვა, რომ უნგრეთის ერთ-ერთ ულამაზეს ადგილზე, ბალატონის ტბაზე ყველაზე ექსკლუზიური მოდელით მივედით – ეს გახლავთ მთელი მსოფლიოს მასშტაბით მხოლოდ 100 ბედნიერისთვის შექმნილი Panamera Exclusive Series. და ამ 100-დან ერთ-ერთი ჩვენ გვყავდა – ყველაზე ექსკლუზიური ყველა Panamera-ს შორის და ერთ-ერთი ყველაზე ექსკლუზიური ყველა მდიდრულ ავტომობილს შორის.
ნამდვილი ავტომოყვარული იმიტომ იბადება, რომ ააშენოს სახლი, დარგოს ხე, მისცეს დასაბამი ახალ სიცოცხლეს და მართოს Porsche. Panamera-ს ყველა ვერ იყიდის. და ვინც იყიდის, შეუძლია თქვას, რომ რჩეულია. რჩეული რჩეულთა შორის.
დატოვე კომენტარი