პანდემიის გამო დროთა განმავლობაში ცალკეულ ქვეყნებში სამოგზაურო შეზღუდვები იცვლება. ნაწილი ამსუბუქებს რეგულაციებს, ნაწილი კი პირიქით ამკაცრებს. Forbes-მა იმ ქვეყნების შესახებ მოამზადა სტატია, რომლებიც 1 ოქტომბრიდან, პირველად „ლოქდაუნის“ დაწესებიდან, საერთაშორისო მოგზაურებისთვის საზღვრებს ხსნიან. თუმცა, ვიზიტორებს გარკვეული სახის პირობების დაკმაყოფილება მოუწევთ. მაშ ასე, გთავაზობთ აღნიშნული ქვეყნების ჩამონათვალს:
სამხრეთ აფრიკა
ქვეყნის პრეზიდენტმა სირილ რამაფოზამ განაცხადა, რომ 1 ოქტომბრიდან საზღვრებს გახსნის როგორც შემომსვლელი, ასევე გამსვლელი მოგზაურებისთვის. გაიხსნება სავიზო საკონსულოებიც. მოგზაურებს შეეძლებათ ქვეყანაში შესვლა, თუ მათ არაუმეტეს 72 საათისა დაუფიქსირდებათ კოვიდ-უარყოფითი.
უცხოელი ვიზიტორებისთვის სამი აეროპორტი გაიხსნება, მათ შორის იოჰანესბურგის, კეიპ-ტაუნის და კინგ შაკას აეროპორტები.
თუმცა, აღსანიშნავია, რომ საზღვრების გახსნის შემდეგ, სამხრეთ აფრიკა ცალკეულ ქვეყნებს „წითელ სიაში“ შეიყვანს, საიდანაც შესვლა შეზღუდული იქნება. თუმცა, ქვეყნის პრეზიდენტს არ დაუკონკრეტებია თუ რა კრიტერიუმების მიხედვით შეადგენს აღნიშნულ სიას.
სენტ კიტსი და ნევისი
1 ოქტომბრიდან საზღვრებს ხსნის კარიბის ზღვის კუნძულოვანი სახელმწიფო სენტ კიტსი და ნევისიც. თუმცა, ჯერჯერობით უცნობია იქნება თუ არა რომელიმე ქვეყანა, რომელზეც გარკვეული შეზღუდვები იმოქმედებს.
ამ ქვეყანაში შესვლის მსურველებმა კი უნდა წარადგინონ ვალიდური სადაზღვევო დოკუმენტი, რომელიც კოვიდის აღმოჩენის შემთხვევაში, მათ სამკურნალო ხარჯებს დაფარავს. ასევე იმოქმედებს სავალდებულო კარანტინი 14 დღით ან მათ უნდა წარადგინონ არაუმეტეს 72 საათის წინ ჩატარებული კოვიდ-ტესტის პასუხიც, რომელიც რა თქმა უნდა უარყოფითი უნდა იყოს.
ტაილანდი
ტაილანდი მსჯელობს იმაზე თუ როგორ და რა პირობებით გახსნას საზღვრები ოქტომბრიდან. ქვეყანას ორი სქემა აქვს შემუშავებული. პირველი სქემის მიხედვით, მსურველი თავდაპირველად გაემგზავრება კუნძულ ფხუკეთზე და დარჩება იქ კარანტინში 14 დღით. ხოლო, თუ დადასტურდება რომ ვიზიტორს არ აქვს კორონავირუსი, შემდეგ მას შესაძლებლობა ექნება იმოგზაუროს მთელს კუნძულზე თავისუფლად.
მეორე სქემა კი დიდი ხნით დარჩენის მსურველებისთვისაა, ვიდრე ხანმოკლე არდადეგების გატარების მსურველთათვის. ამ შემთხვევაში ვიზიტორები უნდა დარჩნენ სახელმწიფოს მიერ მოწყობილ დაწესებულებაში 14 დღით კარანტინის გავლის მიზნით. ამის შემდეგ კი მათ შეუძლიათ იმოგზაურონ მთელი ქვეყნის მასშტაბით 90 დღის განმავლობაში.
რომელიმე ქვეყანაზე დააწესებს თუ არა შეზღუდვას ტაილანდი, ჯერ უცნობია.
პერუ
პერუს ტრანსპორტის მინისტრის განცხადებით, ქვეყანა საჰაერო რეისების აღდგენას 1 ოქტომბრიდან იწყებს ჩილესა და მექსიკიდან. გარდა ამისა, ქვეყანა მოლაპარაკებებს აწარმოებს აშშ-სთან, ესპანეთსა და ბრაზილიასთან საზღვრების გახსნის თაობაზე. თუმცა, ნებისმიერ შემთხვევაში კოვიდ-უარყოფითის დამადასტურებელი დოკუმენტი თან უნდა ჰქონდეს ვიზიტორს.
დატოვე კომენტარი