ამერიკის შეერთებულ შტატებში დაარსებული არაკომერციული ორგანიზაცია ODMP-ის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების მიხედვით, 2020 წლიდან დღემდე ქვეყანაში Covid 19-ით 470-ზე მეტი პოლიციელი დაიღუპა. ორგანიზაცია Fraternal Order of Police-ის მონაცემებით კი, პანდემიის დაწყებიდან აშშ-ში დაავადებამ საერთო ჯამში ამ პროფესიის წარმომადგენელი გაცილებით მეტი, 750-მდე ადამიანის სიცოცხლე შეიწირა.
აღსანიშნავია, რომ ამავე პერიოდში ქვეყანაში იარაღით მიყენებული ჭრილობების შედეგად დაახლოებით 100 პოლიციელი გარდაიცვალა. თითქმის ამდენივე სამართალდამცველი ემსხვერპლა ავტოსაგზაო შემთხვევებს. აქედან გამომდინარე, თამამად შეიძლება ითქვას, რომ აშშ-ში პანდემიის დაწყებიდან დღემდე Covid 19-მა უფრო მეტი პოლიციელის სიცოცხლე შეიწირა, ვიდრე ჯამურად იარაღმა და ავტოავარიამ.
აშშ-ში პოლიციელები იმ პროფესიის წარმომადგენელთა რიგებში მოხვდნენ, რომლებისთვისაც კორონავირუსის საწინააღმდეგო პრეპარატი ვაქცინაციის დაწყებიდანვე იყო ხელმისაწვდომი. ამის მიუხედავად, ბევრმა სამართალდამცველმა აცრისგან თავი შეიკავა. იქიდან გამომდინარე, რომ პოლიციელების რიცხვის შემცირება ქვეყანაში კრიმინალის გაზრდის საშიშროებას შექმნიდა, სხვადასხვა შტატის ხელისუფლების წარმომადგენლებს დათმობაზე წასვლა მოუწიათ.
მაგალითისთვის, კალიფორნიის შტატში მდებარე ქალაქ სან-ხოსეში მომუშავე სამართალდამცველებს, რომლებსაც Covid 19-ის საწინააღმდეგო ვაქცინა არა აქვთ გაკეთებული, პროფესიული მოვალეობის შესრულების უფლებას აძლევენ. თუმცა, ამის სანაცვლოდ აუცრელი პოლიციელებისგან გარკვეული დროის ინტერვალით კორონავირუსის უარყოფით ტესტს ითხოვენ.
ბოლო მონაცემებით, ამერიკის შეერთებულ შტატებში კორონავირუსით ინფიცირების 44.9 მილიონი შემთხვევა დაფიქსირდა. აქედან დაავადებას დაახლოებით 724 ათასი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.
დატოვე კომენტარი