კორონავირუსის პანდემიის გამო, ესპანეთის პრიმერა და სეგუნდა დივიზიონების კლუბებმა 2020/21 წლების სეზონში საერთო ჯამში 892 მილიონი ევროთი იზარალეს. ამ საფეხბურთო ლიგების მმართველი ორგანო LaLiga-ს მიერ გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, მიმდინარე, 2021/22 წლების სეზონში, დაწესებული შეზღუდვების შემსუბუქების ფონზე, კლუბები სამჯერ ნაკლებ, €297-მილიონიან დანაკარგს მოელიან.
გარდა ამისა, გასულ სეზონთან შედარებით, ე.წ. მატჩის დღეების შემოსავლის გაორმაგებაა მოსალოდნელი, რა შემთხვევაშიც ის დაახლოებით 742 მილიონ ევროს გაუტოლდება.
LaLiga-ს ინფორმაციით, 2020/21 წლების სეზონში ორივე დივიზიონში მოასპარეზე კლუბებმა ერთობლივად 3.82 მილიარდ ევროზე მცირე შემოსავალი მიიღეს. ეს 24,1%-ით ნაკლებია წინა, 2019/20 წლების სეზონის მაჩვენებელზე, რომელმაც 5 მილიარდ ევროს გადააჭარბა.
LaLiga მიმდინარე სეზონში პრიმერა და სეგუნდა დივიზიონების კლუბების საერთო შემოსავლის 5%-ით ზრდას პროგნოზირებს. ამასთანავე, ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ ამ კუთხით კლუბები პანდემიამდელ მდგომარეობას, სავარაუდოდ, 2023/24 წლების სეზონში დაუბრუნდებიან.
დატოვე კომენტარი