კორონავირუსის პანდემიამ კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი სანდო სიახლეების გავრცელების მნიშვნელობას. ჟურნალისტიკის შემსწავლელი როიტერზის ინსტიტუტის მიერ ჩატარებული კვლევის შედეგები ცხადყოფს, რომ პანდემიის განმავლობაში მედიისადმი მომხმარებლების ნდობა საგრძნობლად გაიზარდა, განსაკუთრებით კი დასავლეთ ევროპაში. აღსანიშნავია, რომ კვლევაში მონაწილე ქვეყნების ყველა ასაკობრივი კატეგორიის უმრავლესობა მიიჩნევს, რომ ნეიტრალური ჟურნალისტიკა მეტ ნდობას იწვევს.
ტექნოლოგიური რევოლუციის სწრაფი ტემპის გათვალისწინებით, მოსახლეობის 73%-ს სმარტფონების მეშვეობით უკვე აქვს წვდომა სიახლეებზე. მათი მნიშვნელოვანი ნაწილი ინფორმაციის წყაროდ და სადისკუსიოდ სოციალურ ქსელსა და სამესიჯო აპლიკაციებს იყენებს. TikTok-ის მომხმარებლები 35 წლამდე მოსახლეობის უკვე 24%-ს მოიცავს, განსაკუთრებით მაღალია ეს მაჩვენებელი აზიასა და ლათინურ ამერიკაში. Facebook-ი კი მცდარი ინფორმაციის გამავრცელებელ ერთ-ერთ უმთავრეს პლატფორმად ითვლება.
მიუხედავად მსოფლიო მასშტაბით მედიის ნდობის ზრდისა, ზოგი ქვეყნისთვის პანდემიის პერიოდში მედიაზე მოთხოვნა და ნდობა შემცირდა. პერუს, ინდონეზიის, ტაილანდის, მიანმარისა და აშშ-ის პროტესტების გაშუქებისას მოსახლეობა ნაკლებად ენდობოდა მედიას. ასევე აღსანიშნავია, რომ ახალგაზრდები, შავკანიანი და ესპანურენოვანი ამერიკელები, აღმოსავლეთგერმანელები და დიდი ბრიტანეთის კონკრეტული სოციოეკონომიკური კლასები აღნიშნავენ, რომ ბოლო პერიოდში მედია არასამართლიანად გადმოსცემდა სიახლეებს.
დატოვე კომენტარი