ილონ მასკის კომპანია Neuralink-ის პირველმა პაციენტმა, რომელსაც ცოტა ხნის წინ ტვინის იმპლანტი გადაუნერგეს, ჭადრაკის ონლაინ თამაში შეძლო. კადრები პირდაპირ ეთერში თავად მილიარდერის კომპანიამ გადასცა.
პაციენტი 29 წლის ნოლანდ არბაუა, რომელიც დაივინგისას, უბედური შემთხვევის შედეგად, მხრის ქვემოთ პარალიზებული დარჩა. ლეპტოპზე ჭადრაკის თამაშისას, არბაუ, კურსორს Neuralink-ის მოწყობილობის საშუალებით ამოძრავებდა. სტარტაპის მიზანიც სწორედ ესაა – ჩიპი ადამიანებს საშუალებას მისცემს, კომპიუტერები ან სხვა მოწყობილობები, მხოლოდ გონების გამოყენებით მართონ.
„არბაუმ ტვინის იმპლანტი იანვარში გადაინერგა და კომპიუტერის კურსორის მართვა მას უკვე მხოლოდ თავისი აზრების საშუალებით შუეძლია“, – ვკითხულობთ ჯერ კიდევ ერთი თვის წინ, მასკის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. ხოლო როგორც თავად პაციენტი პლატფორმა X-ზე გამოქვეყნებულ ვიდეოში აღნიშნავს, ოპერაცია ძალიან მარტივი იყო, საავადმყოფოდან ფაქტობრივად ერთი დღის შემდეგ გამოწერეს და კოგნიტიური დარღვევებიც არ აღენიშნება.
ჩიპის ადამიანებზე გამოცდისთვის, მასკის სტარტაპმა აშშ-ის სურსათისა და მედიკამენტების ხარისხის სააგენტოსგან (FDA) თანხმობა მაისში მოიპოვა. გასული წლის ბოლოს კი ცდებისთვის პაციენტების მიღება დაიწყო. Neuralink-ის პირველ პროდუქტს „ტელეპათია“ ჰქვია. მასკის ინფორმაციით, პროდუქტის მომხმარებლები საწყის ეტაპზე იქნებიან პაციენტები, რომელთაც კიდურების მოძრაობის ფუნქცია აქვთ დაკარგული.