ერთწლიანი მცდელობების შემდეგ, Paramount Global-მა წიგნების გამომცემლობა Simon & Schuster-ი გაყიდა. კერძო საინვესტიციო ფირმა KKR-თან მიღწეული გარიგების ღირებულება $1.62 მილიარდია. ბირჟის დახურვის შემდეგ Paramount-ის აქციები 4%-ით გაიზარდა.
თავდაპირველი შეთანხმება, რომლის ფარგლებშიც Paramount-ი, $2.2 მილიარდად, გამომცემლობის Penguin Random House-ისთვის მიყიდვას გეგმავდა, გასულ წელს, ფედერალური მოსამართლის აკრძალვის შემდეგ ჩაიშალა. კომპანიის CFO-ს, ნავინ ჩოპრას ინფორმაციით, გარიგების შეწყვეტის საკომისიო, $200 მილიონი, რომელიც Paramount-მა Penguin-სგან მიღო, მასთან ერთად კი, დივიდენდების შემცირებით დაზოგილი თანხა, ბერკეტების შემცირებას მოხმარდება.
კომპანიის აღმასრულებლების განცხადებით, Simon & Schuster-ის გაყიდვიდან მიღებული შემოსავალი, მიმდინარე დავალიანების დაფარვისთვის იქნება გამოყენებული. გარდა ამისა, როგორც ცნობილია, Paramount-ი BET Media Group-ში წილის გაყიდვასაც განიხილავს.
Paramount-ის კვარტალური შემოსავალი, გასულ წელთან შედარებით, 2%-ით შემცირდა და $7.62 მილიარდს გაუტოლდა. მისი კლება ძირითადად დაბალი სარეკლამო შემოსავლების გავლენით, კომპანიის სატელევიზიო სეგმენტის შემცირებამ განაპირობა. 30 ივნისს დასრულებული კვარტლის მონაცემებით, Paramount-ის წმინდა ზარალმა $299 მილიონი შეადგინა (48 ცენტი აქციაზე), მაშინ როდესაც გასული წლის იმავე პერიოდში, კომპანიის მოგება $419 მილიონს უდრიდა (62 ცენტი აქციაზე).
პარალელურად, სატელევიზიო სეგმენტში 10%-ით შემცირდა რეკლამირებიდან მიღებული შემოსავალი, სატელევიზიო ბიზნესის შემოსავალი კი 2%-ით, $5.16 მილიარდამდე დაეცა.
Paramount-ის ინფორმაციით, ზრდას განაგრძობს კომპანიის სტრიმინგსეგმენტი. კვარტლის დასასრულს, Paramount+-ის აბონენტთა რაოდენობამ თითქმის 61 მილიონს მიაღწია, ხოლო გამოწერიდან მიღებული შემოსავალი, 47%-ით, $1.22 მილიარდამდე გაიზარდა.