პარიზის დისნეილენდი, ევროპის უდიდესი ტურისტული ღირსშესანიშნაობა, შაბათიდან კორონავირუსის ვაქცინაციის პროცესს საკუთარ ტერიტორიაზე უზრუნველყოფს. პარკი 30 ოქტომბრიდან აღარ ფუნქციონირებს, რის გამოც 17 000-მა თანამშრომელმა სამსახური დაკარგა. პარიზის დისნეილენდის გახსნა 2 აპრილს იყო ნავარაუდები, თუმცა კორონავირუსის შემთხვევების ზრდის გამო გადაიდო.
შეგახსენებთ, რომ საფრანგეთი ცდილობს, დააჩქაროს ვაქცინაციის პროცესი, ვინაიდან, ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ვაქცინის ერთი დოზა მოსახლეობის მხოლოდ 20.1% აქვს გაკეთებული, რაც დაახლოებით 12.8 მილიონი ადამიანია. ორივე დოზით აცრილია მოსახლეობის 7.5%.
2020 წლის ივლისის გამოკითხვის თანახმად, მოზრდილთა დაახლოებით მესამედი უარს ამბობს COVID-19-ის ვაქცინაზე, AstraZeneca-სთან დაკავშირებულმა შემთხვევებმა კი საზოგადოებაში ვაქცინის მიმართ უნდობლობა გამოიწვია. მიუხედავად ამისა, აღსანიშნავია, რომ საფრანგეთის ვაქცინაციის ტემპი სრულად შეესაბამება დასავლეთ ევროპის სხვა მრავალი ქვეყნის (გერმანია, იტალია, ესპანეთი, ბელგია) ტემპს.
საფრანგეთის პრეზიდენტ, ემანუელ მაკრონის განცხადებით, პარიზის დისნეილენდში ვაქცინაცია დღეში დამატებით 1000 ვაქცინირებულ ადამიანს ნიშნავს. საფრანგეთი მიზნად ისახავს, მაისის შუა რიცხვებში 20 მილიონი ადამიანი იყოს იმუნიზაციის პროცესში ჩართული.
პარიზის დისნეილენდში ვაქცინაციისთვის სპეციალური ადგილი იქნება გამოყოფილი გასართობი პარკის გარეთ, Newport Bay Club-ში. ასევე, სამედიცინო მომსახურება მხოლოდ შაბათ-კვირას იქნება შესაძლებელი.
პარკის ვიცე-პრეზიდენტი ერიკ მარიონი აცხადებს: „პარიზის დისნეილენდი ამაყობს, რომ მონაწილეობას იღებს ვაქცინაციის პროცესში და მხარს უჭერს ხელისუფლებას პანდემიის დაძლევაში“.
დატოვე კომენტარი