საფრანგეთში, პარიზში 13 ივნისს სტარტი აიღო სამხედრო და უსაფრთხოების მსოფლიოში ერთ-ერთმა ყველაზე მნიშვნელოვანმა გამოფენამ „ევროსატორი 2022“-მა. ეს გახლავთ რამდენიმედღიანი ღონისძიება, რომელზეც მსოფლიოს ყველა სამხედრო ტექნოლოგიური სიახლე თუ ინოვაცია იყრის თავს.
წლევანდელ საერთაშორისო სამხედრო გამოფენაზე საკუთარი განახლებული შეიარაღება არაერთმა მსხვილმა სამხედრო კომპანიამ წარადგინა. საერთო ჯამში „ევროსატორი 2022“-ზე ასეთი კომპანიების რიცხვი 1700-ს შეადგენს.
გამოფენა პირველ დღესვე დასამახსოვრებელი აღმოჩნდა რამდენიმე განსაკუთრებით მნიშვნელოვანი სიახლის გამო. გერმანელებმა Rheinmetall-ის წარმოების Panther-ის ტიპის ტანკის ახალი მოდიფიკაცია KF 51-ი წარადგინეს. თუმცა, გერმანელების სიახლეები მხოლოდ ამით არ შემოიფარგლა. ქვეყნის სამხედრო კომპანიებმა, KMW-მ და Nexter-მა EMBT-ისა და Leopard-ის ტიპის ტანკების ახალი მოდიფიკაციები შემოგვთავაზეს.
საკმაოდ ბევრი სიახლე შევიტვყეთ თურქული სამხედრო ტექნოლოგიური განვითარების ტემპების შესახებაც. სახმელეთო სისტემების მწარმოებელმა, Otokar-მა საზოგადოებას ახალი ჯავშანტრანსპორტიორი, Cobra II გააცნო. გარდა Cobra-ს განახლებული ვერსიისა, კომპანიამ საკუთარი წარმოების ქვეითთა საბრძოლო მანქანა TULPAR-ის ახალი კონფიგურაციაც წარმოადგინა. ამასთანავე, ახალი ტექნოლოგიის, უფრო დახვეწილი მულტისპექტრული ოპტიკური ხედვის სისტემის, MEPORS-ის შესახებ გვამცნო თურქულმა ASELSAN-მა.
გასაკვირი არ არის, რომ ერთ-ერთი ყველაზე მოწინავე სამხედრო-ტექნოლოგიური შეიარაღება ისრაელის სამხედრო კომპანიებმა წარმოადგინეს. მაგალითად, Rafael-მა ელექტროოპტიკური მართვადი რაკეტის, SPIKE-ის მეექვსე თაობის ნიმუში გამოფინა. გარდა ამისა, კომპანიამ გამოფენაზე სხვადასხვა სახის საჰაერო და სარაკეტო თავდაცვის სისტემები, ასევე სახმელეთო და ციფრული დანადგარები წარადგინა.
საინტერესო გამოდგა ევროპული Airbus Helicopters-ის მიერ წარმოებული ახალი Tiger-ის ტიპის დამრტყმელი შვეულმფრენის ხილვაც.
საერთაშორისო სამხედრო გამოფენა „ევროსატორი 2022“ 17 ივნისს დაიხურება.
დატოვე კომენტარი