საქართველოს პარლამენტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი ჩააგდო. კენჭისყრაზე მეორე მოსმენით მისი მიღების წინააღმდეგ ხმა 35-მა დეპუტატმა მისცა, მომხრე კი ერთი იყო. კენჭისყრაზე რეგისტრაცია 112-მა დეპუტატმა გაიარა.
შეგახსენებთ, მმართველმა პარტიამ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის გაწვევის გადაწყვეტილება ბოლო დღეებში თბილისში გამართული მასშტაბური აქციების გავლენითა და უცხოელი ოფიციალური პირებისა თუ ორგანიზაციების მოწოდებების ფონზე გუშინ მიიღო.
„როგორც საზოგადოების თითოეული წევრის წინაშე პასუხისმგებელმა მმართველმა ძალამ, მივიღეთ გადაწყვეტილება, უპირობოდ, ყოველგვარი დათქმის გარეშე გავიწვიოთ ჩვენ მიერ მხარდაჭერილი კანონპროექტი“, – წერია „ქართული ოცნების“ პოლიტიკური საბჭოს, „ხალხის ძალისა“ და საპარლამენტო უმრავლესობის ერთობლივ განცხადებაში.
პარლამენტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს პირველი მოსმენით მხარი 7 მარტს დაუჭირა. მისი მიღების სასარგებლოდ ხმა 76 დეპუტატმა მისცა, წინააღმდეგ კი 13 წავიდა. როგორც მთავრობის წარმომადგენლები აცხადებენ, ვენეციის კომისიას კანონპროექტის განხილვის გასაუქმებლად უკვე მიმართეს.
დატოვე კომენტარი