დღეს საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე „გამჭვირვალობის შესახებ კანონის“ განხილვა და კენჭისყრა გაიმართა. მმართველმა პარტია „ქართულმა ოცნებამ“, 83 ხმით 23-ის წინააღმდეგ, კანონი მეორე მოსმენითაც მიიღო.
პირველი მოსმენისგან განსხვავებით, ამჯერად კენჭისყრას ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ. შეგახსენებთ, 17 აპრილს პარლამენტმა „რუსული კანონი“ პირველი მოსმენით, 83 ხმით 0-ის წინააღმდეგ, მიიღო.
იმისათვის, რომ კანონპროექტი მიღებულად ჩაითვალოს, მას პლენარულ სხდომაზე დეპუტატებმა მხარი სამი მოსმენით უნდა დაუჭირონ. მიღების შემთხვევაში ის ხელმოსაწერად საქართველოს პრეზიდენტს გადაეგზავნება. თუმცა სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ აღნიშნულ კანონს ვეტოს დაადებს.
პარალელურად, პარლამენტთან აქცია გრძელდება, რომლის მონაწილეებიც მთავრობისგან „რუსული კანონის“ უკან გაწვევას მოითხოვენ. აღსანიშნავია, რომ გუშინ აქციის მონაწილეები წყლის ჭავლის, ცრემლსადენი გაზისა და წიწაკის სპრეის გამოყენებით არაერთხელ დაარბიეს. დაშავდა ათეულობით ადამიანი, 63 პირი კი დააკავეს.