1955 წლისთვის ამერიკის შეერთებულ შტატებში მცხოვრები ქართველების რაოდენობა 300 ადამიანს შეადგენდა. თუმცა სიმცირის მიუხედავად, ამ დიასპორამ დიდი გავლენა იქონია და ხუთი სხვადასხვა დარგის აღზევებაში უდიდესი ღვაწლი შეიტანა: გრიგოლ კობახიძემ სამედიცინო მინის მრეწველობა და ნაძვის ხის მინის სანთლები და სათამაშოები შექმნა; ალექსანდრე ქართველიშვილი სამხედრო ავიაციის მამამთავარი იყო, გიორგი ბალანჩივაძე –კლასიკური ამერიკული ბალეტის. გიორგი მაჩაბელი ყველაზე სურნელოვანი ინდუსტრიის გიგანტი გახდა. დღეს ამ უკანასკნელზე მოგითხრობთ.
გიორგი მაჩაბელი შექსპირის მთარგმნელ ივანე მაჩაბლის უფროსი ძმის, ვასილის ვაჟი იყო. გიორგი 1885 წელს დაიბადა და თბილისის სათავადაზნაურო გიმნაზიის დამთავრების შემდეგ ევროპაში გაემგზავრა განათლების გასაღრმავებლად. სამთო აკადემიის შემდეგ მაჩაბელი მსოფლიოს გარშემო სამოგზაუროდ გაეშურა. შვედეთში ყოფნისას მან გაიცნო გასტროლებზე მყოფი იტალიელი მსახიობი, ლამაზი და ნიჭიერი ნორინა ჯილი (მარია კარმი), რომელსაც დიდი წარმატება მოუტანა მადონას როლმა მაქს რეინოლდსის რელიგიური ხასიათის პიესაში „სასწაული“.
ევროპაში ცხოვრების დროს, გიორგი მაჩაბელი საქართველოს დამოუკიდებლობაზე ოცნებობდა და მონარქიის აღდგენის დიდი მომხრე იყო. ამისთვის მაჩაბელს გერმანელი პრინცის – კაიზერ ვილჰელმ მეორის უმცროსი ვაჟის იოახიმისა და ქართველი პრინცესის დაქორწინება ჰქონდა გამიზნული. მისი აზრით, ამ საქმისთვის საუკეთესო კანდიდატურა საქართველოს დამფუძნებელი კრების წევრის, „ეროვნულ-დემოკრატ“ მიხეილ მაჩაბლის ქალიშვილი მარინა იყო. ეს გეგმა კარგად ასახავს იმას, თუ როგორი ახლო ურთიერთობა იყო საქართველოს არისტოკრატიასა და გერმანიას შორის და როგორი მოლოდინი იყო იმისა, რომ პირველ მსოფლიო ომში გერმანია გაიმარჯვებდა. მაგრამ მაჩაბლის გეგმას შესრულება არ ეწერა.
როდესაც 1918 წელს რუსეთის იმპერიის დაშლის შემდეგ საქართველომ თავისუფლება მოიპოვა, გიორგი მაჩაბელი იტალიაში საქართველოს საელჩოს პირველი მდივანი გახდა, თუმცა მისი პოლიტიკური კარიერა ხანმოკლე გამოდგა. 1921 წელს საქართველოს გასაბჭოების შემდეგ მაჩაბელმა პოლიტიკური კარიერა დაასრულა და მეუღლესთან ერთად ამერიკაში გადასახლდა.
თავდაპირველად მაჩაბელი ანტიკვარიატით დაკავდა და ასე, 1924 წელს, მეუღლესთან ერთად ქალაქ ნიუ-იორკში, 545 მედისონ-ავენიუზე პატარა ანტიკვარული მაღაზია „წითელი და შავი“ (Le Rouge et le Noir) გახსნა.
ანტიკვარიატის პარალელურად, მაჩაბელმა არომატების გამოსაყვანად ექსპერიმენტირება დაიწყო. მალე აღმოაჩინა, რომ მის მუშტრებს სუნამოები უფრო აინტერესებდათ, ამიტომ ანტიკვარიატზე ხელი აიღო. 1926 წელს, ქორწინების მეათე წლისთავზე, წყვილმა საკუთარი კომპანია „პრინცი მაჩაბელი“ – Prince Matchabelli Perfume Company – შექმნა.
მაჩაბელი თვითონ ქმნიდა და აფორმებდა სუნამოებს და რეკლამასაც თვითონ უკეთებდა. მაჩაბლის ფირმის ფლაკონზე გამოსახული იყო მისი საგვარეულო გერბი და სამეფო გვირგვინი. ფირმაში გიორგი მაჩაბლის მეგობრები, მასავით ლტოლვილი არისტოკრატები, მათი ცოლები და ქალიშვილები დასაქმდნენ.
სუნამოებს შორის ყველაზე პოპულარული აღმოჩნდა საქართველოს არშემდგარი დედოფლის, მარინა მაჩაბლისადმი მიძღვნილი სუნამო „საქართველოს დედოფალი“ (Queen of Georgia). ოქროს გვირგვინის ფორმის ფლაკონის მქონე სუნამოს მოჰყვა მეუღლისთვის მიძღვნილი სუნამო „პრინცესა ნორინა“ (Princess Norina), ინგლისელი ლამაზმანის სახელობის სუნამო „Duchess of York“, სუნამო „ოქროს შემოდგომა“, სააბაზანო ზეთი „აბანო“, ოდეკოლონი „ქარის სიმღერა“ (Wind Song), დაპრესილი პუდრი და პომადა.
ფლაკონები თავდაპირველად გერმანული ფაიფურისგან მზადდებოდა, შემდეგ ჯორჯ კობის (გრიგოლ კობახიძე) მინის კომპანიაში დაამზადეს გამჭვირვალე მინის ფლაკონი, რომლის ოქროთი მოვარაყება, ოქროსფერი ზარნიშისა და ზონრის დამზადება ხელით ხდებოდა. სულ მალე გიორგი მაჩაბლის გვირგვინები მთელ ამერიკას მოედო.
კომპანია 1920-1930-იან წლებში აშშ-ის უმნიშვნელოვანესი კორპორაციების ხუთეულში შედიოდა. საინტერესოა მაჩაბლის პირველი სუნამოს – „საქართველოს დედოფლის“ დამზადების ისტორია. მართალია გერმანულ-ქართული სამეფო ოჯახის იდეამ ხორცი ვერ შეისხა, მაგრამ მარინა მაჩაბლის სახელი ემიგრაციაში მყოფმა გიორგი მაჩაბელმა სუნამოთი უკვდავყო.
ბიზნესს მაჩაბელი საზოგადოებრივი საქმიანობისთვის არ ჩამოუშორებია. ის იყო 1931 წელს ამერიკის შეერთებულ შტატებში ქართული სათვისტომოს დაარსების ერთ-ერთი ინიციატორი, 1933-34 წლებში მისი თავმჯდომარე, 1934 წლიდან – ხაზინადარი.
1933 წელს გიორგი და ნორინა დაშორდნენ, მიზეზი ქალის სპირიტული სეანსებით გატაცება გახდა. 1935 წლის ივნისისთვის მე-5 ავენიუზე გიორგი მაჩაბელს დაგეგმილი ჰქონდა სადემონსტრაციო დარბაზის გახსნა. მარტში კი ფილიალების გახსნის მიზნით შანხაისა და კალიფორნიაში იმოგზაურა, მაგრამ გზაში გაცივდა და 1935 წელს, 50 წლის ასაკში, ფილტვების ანთებით გარდაიცვალა. ერთი წლის შემდეგ ყოფილმა მეუღლემ ნორინა ჯილიმ კომპანია $250,000-ად მიჰყიდა სოლ განცს (Saul Ganz), თუმცა ამერიკაში, კონექტიკუტის შტატში, დღესაც არსებობს პარფიუმერიული ფირმა PRINCE MATCHABELLI.
დატოვე კომენტარი