პედრო კასტილიოსთვის კონგრესის მიერ იმპიჩმენტის გამოცხადების შემდეგ პერუს, ისტორიაში პირველად, პრეზიდენტი ქალი ჰყავს. დინა ბოლუარტემ, რომელიც ადრე პერუს ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობას იკავებდა, კონსტიტუციური კრიზისის ფონზე, დედაქალაქ ლიმაში ფიცი უკვე დადო.
ბოლუარტე ქვეყნის მეთაური 2026 წლის ივლისამდე იქნება, სწორედ იმ დრომდე, როდესაც კასტილიოს პრეზიდენტობის ვადა იწურებოდა. ფიცის დადების ცერემონიალისას 60 წლის ბოლუარტე ქვეყანაში არსებული კრიზისის დასაძლევად პოლიტიკური ზავის მოწოდებით გამოვიდა. „რასაც მე ვითხოვ, არის დრო და სივრცე ქვეყნის გადასარჩენად“, – განაცხადა პურუს პირველმა პრეზიდენტმა ქალმა.
შეგახსენებთ, რომ ოთხშაბათს პრეზიდენტმა კასტილიომ კონგრესის დაშლა და მისი „გამონაკლისი მთავრობით“ ჩანაცვლება დააანონსა. საკონსტიტუციო სასამართლოს ხელმძღვანელმა აწ უკვე ყოფილი პრეზიდენტი სახელმწიფო გადატრიალების მოწყობაში დაადანაშაულა, ხოლო განცხადებიდან რამდენიმე საათში დეპუტატებმა კასტილიოს იმპიჩმენტს დაუჭირეს მხარი. ამჟამად კასტილიო აჯანყების ბრალდებითაა დაკავებული, მის წინააღმდეგ კი ჯამში ექვსი საქმის გამოძიება მიმდინარეობს, რომელთა უმეტესობა კორუფციას ეხება.
პედრო კასტილიო პერუს პრეზიდენტად გასული წლის ივლისში დაინიშნა. ამ დროიდან მოყოლებული, კონგრესმა კასტილიოს იმპიჩმენტი ჯამში სამჯერ სცადა. კონგრესსა და ყოფილ პრეზიდენტს შორის ძალაუფლების ბრძოლისთვის სიტუაცია მას შემდეგ უფრო გამძაფრდა, რაც ქვეყნის გენერალურმა პროკურორმა საჩივარი შეიტანა და კასტილიო კრიმინალური ორგანიზაციის ხელმძღვანელობაში დაადანაშაულა.
დატოვე კომენტარი
Can you be more specific about the content of your article? After reading it, I still have some doubts. Hope you can help me.