უკვე ასწლეულზე მეტია, ეს საკითხი – პენსია და საპენსიო სისტემები – დასავლეთში ეკონომისტების და პოლიტიკოსების განხილვებისა და დებატების საგნად იქცა, რადგანაც საპენსიო სისტემა უფრო და უფრო ღრმა და მასშტაბურ გავლენას ახდენს სახელმწიფო ბიუჯეტზე და ზოგადად, სოციალურ გარემოზე. ამას თან დაერთო სხვადასხვა ქვეყანაში “წარმატებული” თუ “წარუმატებელი” რეფორმების განვლილ ათწლეულებში დაგროვილი გამოცდილება. დაგროვდა სტატისტიკური მონაცემები, შეიცვალა რეგულაციები. ყველაფერმა ამან კიდევ უფრო მეტად წარმოაჩინა პენსიისა და საპენსიო რეფორმის მნიშვნელობა.
პოსტსაბჭოთა ქვეყნებში ამ საკითხის სიმწვავე ჯერ კიდევ მაშინ შეიგრძნეს, როცა “სახელმწიფოდ ქცეულ” ქვეყნებში გაჩნდა დამოუკიდებელი სახელმწიფო ბიუჯეტები, რომლებიც უნდა მომსახურებოდა არსებულ პენსიონერთა გაზრდილ რიცხვს. ზოგან ადრე და ზოგან გვიან (ჩვენთან კი – ძალიან გვიან) მიხვდნენ, რომ საპენსიო რეფორმა სასწრაფოდაა ჩასატარებელი და ჩასატარებელია არა არსებული პენსიონერებისთვის, არამედ მომავალში, 15 წლის შემდეგ საპენსიო ასაკს მიღწეული ხალხისთვის, რომლებიც დღეს დასაქმებულები არიან და სულაც არ ფიქრობენ თავიანთ მომავალ პენსიაზე თუ “ღირსეულ სიბერეზე” (ეს ტერმინი მოგვიანებით დამკვიდრდა). საპენსიო რეფორმები გარდაუვალი გახდა, სხვანაირად, ვერანაირი “სოციალურად ორიენტირებული” ბიუჯეტები, მით უფრო – განვითარებადი ქვეყნის, ამას ვერ გაუძლებდნენ.
და მაინც, კიდევ ერთხელ ვუპასუხოთ მთავარ კითხვებს, რაზედაც ბევრჯერ უკვე ითქვა სხვადასხვა ფორმატში.
რა არის საპენსიო რეფორმის ჩატარების ძირითადი მიზეზები? ამის სამი ფუნდამენტური მიზეზი არსებობს:
1. გაიზარდა მოსახლეობის საშუალო სიცოცხლის ხანგრძლივობა, რამაც შეცვალა დემოგრაფიული სტრუქტურა თითქმის ყველა ქვეყანაში, მათ შორის – საქართველოშიც. კერძოდ, საპენსიო ასაკის მოქალაქეების წილი გაიზარდა მთლიან მოსახლეობაში. ანუ შემცირდა პროპორცია დასაქმებულსა და პენსიონერს შორის (საქართველოში ეს ფარდობა უკვე დიდი ხანია, 1-ზე ნაკლებია).
2. ისედაც მუდმივად დეფიციტური ბიუჯეტის ზრდა ვერ დაეწია საპენსიო მოთხოვნებს – სახელმწიფო ბიუჯეტი უკვე აღარ ყოფნის პენსიონერების მინიმალურ პენსიასაც კი, არათუ “ღირსეული სიბერისთვის” საკმარის პენსიას. თავის მხრივ ეს გამოიწვია ცხოვრების დონის ზრდამ და ამავდროულად “ჩანაცვლების კოეფიციენტის” შემცირებამ (პენსიის მოსალოდნელი დონე საშუალო ხელფასთან).
3. სახელმწიფოს მიერ საპენსიო განაწილების არაეფექტიანმა მართვამ კიდევ უფრო დაამძიმა მდგომარეობა და შედეგად “პენსია” რეალურად სოციალური შემწეობა გახდა, ანუ მოსახლეობის დიდი ნაწილი პოლიტიკური გადაწყვეტილების მძევლად იქცა – ვინც მეტ პენსიას დაპირდება, ამომრჩეველთა დიდი ნაწილი მას აძლევს ხმას.
ეს მიზეზები საქართველოშიც იქცა საპენსიო რეფორმის აუცილებლობის წინაპირობად, ოღონდ ვერც ერთი ხელისუფლება ამ რეფორმის წამოწყებას ვერ ბედავდა ერთი მთავარი მიზეზის გამო – მომავალ არჩევნებამდე ასეთი რეფორმა მხოლოდ ხარჯია და სხვა არაფერი. ეს ვითარება იმ დრომდე გაგრძელდა, სანამ არაპოპულარული ნაბიჯის გადადგმა კრიტიკულად აუცილებელი არ გახდა. დღეს ეს გადაწყვეტილება მიღებულია სწორედ გრძელვადიანი პერსპექტიულობის აღიარებით. ეს მართლაც გაბედული ნაბიჯია, რადგან თეორიულადაც კი ნებისმიერი რეფორმა პროგრესული ხელისუფლების პირობებში გარდაუვალობის აღიარებით არის ნაკარნახევი. დიახ, დღევანდელი საპენსიო რეფორმა არის გარდაუვალი აუცილებლობა, რომელმაც მხოლოდ გრძელ ვადაში (8-10 წლის შემდეგ) უნდა მოგვცეს რეალურად სასარგებლო შედეგები (ცხადია, რეფორმის სწორად განხორციელების პირობებში).
ახლა იმის შესახებ, თუ რამდენად კარგად ვატარებთ ამ რეფორმას.
ბუნებაში საპენსიო სისტემების მრავალი მოდელი არსებობს. ერთ უკიდურესობას, რომელსაც პირობითად “ავღანური მოდელი” შეიძლება დავარქვათ და მეორე უკიდურესობას შორის, რომელსაც ასევე პირობითად “ჩრდილოეთ კორეის მოდელი” ვუწოდეთ, შეიძლება ვიპოვოთ რამდენიმე ძირითადი მოდელი, მაგრამ ჯერ ეს ორი უკიდურესობა უნდა აღვწეროთ, რომ კარგად გავიგოთ შემოთავაზებული მოდელის რეალური აუცილებლობა და შინაარსი.
ავღანეთში პრაქტიკულად არავის აინტერესებს და არც არავინ ფიქრობს რაიმე სისტემის შექმნაზე, რაც მოხუცებულების სოციალურ სტატუსს დაიცავს. ის უბრალოდ კულტურულ ფასეულობებზე დგას და ნებისმიერი მოხუცი (მათ შორის არანათესავი) “უზრუნველყოფილია” სოციალური სტატუსით მემკვიდრის, ნათესავის, თემის ან რომელიმე ოჯახის მხრიდან. რაც არ უნდა ვიკამათოთ, თეორიულად ავღანეთში ვერანაირი საპენსიო რეფორმა ამ კულტურულ- ტრადიციულ მიდგომას ვერ ჩაანაცვლებს “ღირსეული სიბერის” მისაღწევად. ამას ათწლეულებზე მეტი დასჭირდება. თანამედროვე ჩრდილოეთ კორეაში საერთოდაც არავინ წუხს საპენსიო ასაკში “ღირსეულ სიბერეზე”, რადგან ეს უბრალოდ შეუძლებელია – ყველაფერზე ბელადი და პარტია “იზრუნებენ” და ეს პრობლემად არავის მიაჩნია (ყოველ შემთხვევაში – დღეს). რამდენსაც იტყვის პარტია – ის იქნება საკმარისი პენსია. რაც უნდა სარკაზმულად გვეჩვენოს – ეს რეალობაა.
ყოველგვარი ღრმა ანალიზის გარეშე იმ დასკვნამდე შეიძლება მივიდეთ, რომ თუ დღევანდელი საპენსიო სისტემა (უფრო სწორედ სოციალური შემწეობის პოლიტიკური სისტემა) არ შეიცვალა, გრძელ ვადაში ჩვენ ნებსით თუ უნებლიეთ ამ ორი უკიდურესობიდან ერთ-ერთს ვირჩევთ საქართველოში – ან ავღანურს, ან ჩრდილოკორეულს – ეგ ბოლო ექნება ურეფორმობას.
არის თუ არა მესამე ალტერნატივა? – კი, მაგრამ არარეალურია ჩვენი ეკონომიკური ზრდის ტემპებისა და ცხოვრების უკვე გაზრდილი დონის პირობებში. ყოველწლიურად მთლიანი შიდა პროდუქტის ორნიშნა ზრდის პირობებში კი ჩვენ ვერ შევძლებთ ბიუჯეტში საკმარისი რაოდენობის საპენსიო რესურსის მობილიზებას. და თუ მაინც შევძელით რომელიმე წელს – მთლიანად არსებული ხელისუფლების პოლიტიკურ ნებაზე ვტოვებთ გადანაწილების სამართლიანობას (ისევ ჩრდილოეთ კორეის უკიდურესობა, ოღონდ “დემოკრატიული” ან “სამართლიანი” თუ “სოციალური” სახელმწიფოს ილუზიით).
არის თუ არა შემოთავაზებული საპენსიო რეფორმა ოპტიმალური საქართველოსთვის ? – ჩემი აზრით, კი. თუმცა შეიძლებოდა უკეთესიც – მთლიანად ნებაყოფლობით პრინციპებზე დაფუძნებული. თუმცა… თუ მხოლოდ ნებაყოფლობით დაგროვებით სისტემას შევთავაზებთ 40 წლამდე ასაკის მოქალაქეებს, მაშინ საპენსიო აქტივების მოცულობა იმდენად მცირე იქნება, რომ შეიძლება საერთოდ ზარალიანიც კი აღმოჩნდეს აქტივების დაბალი შემოსავლიანობისა და მაღალი ადმინისტრაციული ხარჯების გამო. ანუ ამით უფრო მეტი რისკის ქვეშ დავაყენებთ კერძო საპენსიო ანგარიშებზე დაგროვებულ რესურსებს. თუ ჩავთვლით, რომ მთლიანად ნებაყოფლობით პრინციპებზე დაფუძნებული სისტემის პირობებში 40 წლამდე დასაქმებულთა თუნდაც 60%-ზე მეტი გადაწყვეტს ხელფასიდან თავისი კერძო შენატანის, დამსაქმებლისა და სახელმწიფოს დანამატის დაგროვებას (ხელფასის 2%+2%+2%), მაშინ კიდევ შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ამ რეფორმას მოსალოდნელი დადებითი ეფექტი ექნება. და რომ გადაწყვიტოს გაცილებით ნაკლებმა ანუ, ვთქვათ, მხოლოდ 20%-მა, მაშინ? მაშინ რეფორმა არაეფექტიანი და მაღალი რისკების შემცველია და აპრიორი დაბალი ალბათობაა საერთო პოზიტიური შედეგის.
არის თუ არა გამართლებული ასეთი სავალდებულობა ანუ იძულება, რომ დასაქმებულმა თავისი საკუთარი პენსიის დაგროვება ჯერ კიდევ მუშაობის პერიოდში დაიწყოს? – ჩემი აზრით, კი, ისევე როგორც კანონმდებლობით სავალდებულოა ღვედის შეკვრა ავტომანქანაში მხოლოდ ჩვენი ინტერესების გამო და არა სახელმწიფოს ინტერესის გამო. ასეთივე სავალდებულო იძულებად შეიძლება გამოვიყვანოთ სასტუმროებში სახანძრო უსაფრთხოების ნორმების დაცვა და კერძო სექტორის (სასტუმროს მფლობელის) დამატებითი ხარჯების გაწევის იძულება სწორედ ამ მიზნით. ვფიქრობ, კიდევ ბევრი ასეთი მაგალითის მოყვანა შეიძლება ჩვენი რეალობიდან.
არის თუ არა ეს იძულებითი შენატანები საკუთარ საპენსიო ანგარიშებზე დამატებითი გადასახადის შემოღების ტოლფასი ? – ფინანსური თვალსაზრისით – არა, რადგან:
ა) ის სახელმწიფოს ბიუჯეტში არ შედის, არამედ საკუთარ ანგარიშზე ილექება და იწყებს საინვესტიციო შემოსავლის დაგროვებასაც;
ბ) სახელმწიფო, პირიქით – დამატებით სტიმულებს ქმნის საშემოსავლო გადასახადიდან ამ თანხების გათავისუფლებით და დანამატით, რომ ასეთი დანაზოგი თავიდანვე მნიშვნელოვანი ოდენობით მოხდეს. მართალია, გადასახადის გადამხდელის ჯიბიდან არის ეს რესურსი, მაგრამ ისევ მათ ჯიბეში მიდის (ლეგალურად ასეა);
გ) დამატებითი საინვესტიციო შემოსავალი მთლიანად კერძო ფონდებზეა დამოკიდებული და შესაძლებელია ამ საინვესტიციო დანამატის დაკვირვება და უკიდურეს შემთხვევაში, ფონდის შეცვლაც კი – ანუ მთლიანად კერძო პირი განკარგავს და არაა სახელმწიფოს ან ხელისუფლების პოლიტიკურ ნებაზე დამოკიდებული.
ამ კითხვისთვის მართლაც შეიძლება პოლიტიკური ელფერის მიცემა და დადებითი პასუხის გაცემა, ანუ – დიახ, ეს არის დამატებითი საგადასახადო ტვირთი, რადგან მთავრობას ირიბად შეუძლია ამ ფონდებისაგან ისესხოს ეს დანაზოგები და მერე ვერ დააბრუნოს (რაც მომხდარა კიდეც ისტორიაში) და ამიტომ ეს გადასახადია (?!). პოლიტიკოსის ლოგიკით, შესაძლებელია ნებისმიერი შენატანი საკუთარ საბანკო ანგარიშზეც ასეთად ჩაითვალოს, მაგრამ ეს რომ ასე არაა, ცხადია და ამის არგუმენტი ზემოთ მოვიყვანეთ. მთავრობას დღესაც შეუძლია ირიბად ისესხოს მოსახლეობისაგან ან კერძო სექტორისაგან ნებისმიერი ოდენობით თანხა და ეს გადასახადია? რა თქმა უნდა, არა.
რა რისკები არსებობს საპენსიო რეფორმის განხორციელების პროცესში? – რისკი ძალიან ბევრია და სწორედ ამ რისკების ადეკვატურ მართვაზეა დამოკიდებული ამ რეფორმის წარმატების საწინდარი. საპენსიო აქტივების მართვაში ზედმეტი რეგულაციები ან რეგულაციების გარეშე დატოვება – ორივე უკიდურესობისაგან თავი უნდა დავიზღვიოთ. მთავარია, იძულების საკმარის დოზას არ გადავაჭარბოთ და საპენსიო ანგარიშის მფლობელს მივცეთ თავისი “ღირსეული სიბერის” დანაზოგების გამჭვირვალედ მართვის შესაძლებლობა, რაც უზრუნველყოფს, ერთი მხრივ, საკუთრების უფლების დაცვას, ხოლო მეორე მხრივ, ინდივიდუალური პასუხისმგებლობის განცდას საკუთარ გადაწყვეტილებაზე. დიახ, ასეთი რთული, მაგრამ ეფექტიანია “ოქროს შუალედის” ძებნა.
დაბოლოს, დღეს უკვე საპენსიო ასაკს მიღწეული მოქალაქეებიც კი თავს სრულიად შრომისუნარიად თვლიან და ხშირად მათი შრომისუნარიანობა განცვიფრებასაც კი იწვევს. ასე რომ, ვინ იცის, საპენსიო ასაკი 20 წლის შემდეგ იქნებ 100 წელსაც გადასცდეს?! ვინატრებდი და რეალურადაც მიმაჩნია. ეს კიდევ ბევრს შეცვლის.
დატოვე კომენტარი