პენტაგონი Microsoft-თან დადებულ 10 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების გეგმას აუქმებს, რომელიც აშშ-ის თავდაცვის სამინისტროს მონაცემთა დისტანციური დამუშავების (cloud-computing) სისტემით უზრუნველყოფას გულისხმობს. მიზეზად შესაძლოა, Amazon-თან 2009 წელს დაწყებული სამართლებრივი დავა ჩაითვალოს.
აშშ-ის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, თავდაცვის ინფრასტრუქტურის საერთო პროექტი (Jedi) არ ერგება უწყების ამჟამინდელ მოთხოვნებს. შეგახსენებთ, რომ Jedi არის 10-წლიანი შეთანხმება აშშ-ის შეიარაღებული ძალების საიდუმლო მასალების შენახვისა და მონაცემთა დისტანციურად დამუშავების შესახებ. განცხადებაში პირდაპირ არ არის ნახსენები Amazon-თან სამართლებრივი დავა, თუმცა აქამდეც პენტაგონის წარმომადგენლებმა რამდენჯერმე აღნიშნეს, რომ აპირებდნენ Jedi-ის პროექტის გადახედვას, ნაწილობრივ სწორედ Amazon-თან დავის გამო.
თავის მხრივ, Microsoft-ი აცხადებს, რომ მათთვის გასაგებია პენტაგონის გადაწყვეტილება და ისინი შეიარაღებულ ძალებთან თანამშრომლობის გაგრძელებას აპირებენ. მათი თქმით, აშშ-ის თავდაცვის სამინისტრო დილემის წინაშე აღმოჩნდა: გააგრძელოს რამდენიმეწლიანი სამართლებრივი პროცესი, ან იპოვოს ახალი გამოსავალი შექმნილი სიტუაციიდან თავის დასაღწევად.
პენტაგონი აპირებს, რომ Jedi ახალი პროგრამით, “Joint Warfighter Cloud Capabiolity”-ით ჩაანაცვლოს. ამას გარდა გეგმავს, არ გაწყვიტოს ურთიერთობა Amazon-თან და Microsoft-თან და სამომავლოდ შესაძლოა ორივე კომპანიასთან ითანამშრომლოს.
შეგახსენებთ, რომ 2019 წელს Amazon-მა პენტაგონის გადაწყვეტილება Microsoft-თან კონტრაქტის გაფორმების თაობაზე სასამართლოში გაასაჩივრა. მიზეზად პოლიტიკური სახის დისკრიმინაცია დასახელდა. Amazon-ის წარმომადგენლები თვლიდნენ, რომ პენტაგონთან შეთანხმების ჩაშლის მიზეზი ტრამპის განცხადებები და ჯეფ ბეზოსის მიმართ მისი დამოკიდებულება იყო.
დატოვე კომენტარი