სასმელების კორპორაცია PepsiCo სოდიანი წყლისა და ცივი ჩაის შემადგენლობაში შაქრის 25%-ით შემცირებას გეგმავს. აღნიშნული გადაწყვეტილება კომპანიისათვის სიდიდით მეორე ბაზარზე, ევროკავშირის ტერიტორიაზე განხორციელდება. კომპანიაში აცხადებენ, რომ შედეგს 2025 წლისათვის მიაღწევენ.
გარდა ამისა, PepsiCo მიზნად ისახავს პროდუქტების რეფორმულირება მოახდინოს დაბალკალორიული დამატკბობლების ხარჯზე და მოხმარებაში ჩაუშვას უფრო ჯანსაღი წასახემსებლები პოპკორნის სახით. კომპანია ასევე აცხადებს, რომ გეგმავს დაბალცხიმოვანი პროდუქტი, Lay’s-ი, ღუმელში დამზადებული ჩიფსის სახით ახალ ბაზარზე შეიტანოს.
ბოლო დროს სასმელში შაქრის დიდი რაოდენობის გამო კომპანიაზე დიდი ზეწოლა მიმდინარეობდა, განსაკუთრებით – ევროკავშირის ტერიტორიაზე. ჯანმრთელობის პრობლემების შესამცირებლად შაქრის შემცველ სოდიან სასმელსა და ხილის წვენებზე რამდენიმე ქვეყანაში აქციზის ფასიც კი გაიზარდა.
PepsiCo-ს ევროპის აღმასრულებელი დირექტორის, სილვიუ პოპოვიჩის, განცხადებით, დღეს ევროპაში სამიდან ერთი სასმელი უშაქროა, შესაბამისად, ის იმედოვნებს, რომ აღნიშნული ტენდენცია აუცილებლად გაგრძელდება.
ევროპის ბაზარი კომპანიისათვის შემოსავლების მეხუთედს უზრუნველყოფს, რითაც ის ჩრდილოეთ ამერიკის შემდეგ მეორე ყველაზე მნიშვნელოვანი არეალია ოპერირებისათვის. კომპანია 2030 წლისათვის ევროპის მასშტაბით სასმელებში შაქრის 50%-ით შემცირებას აპირებს.
საინტერესოა, რომ მსგავსი ქმედების მზაობა გამოთქვეს PepsiCo-ს კონკურენტმა კომპანიებმაც.
დატოვე კომენტარი