პეტრას ციხე, რომელიც აჭარაში მდებარე გვიანანტიკურ ნაქალაქარ ციხისძირთანაა გაიგივებული, VI საუკუნეში, ლაზიკაში (ეგრისში) ბიზანტიის იმპერიის გავლენის სიმბოლოდ და დასაყრდენად აშენდა. მისი სტრატეგიული მდებარეობა საშუალებას აძლევდა ბიზანტიელებს, რეგიონში ვაჭრობა ეკონტროლებინათ და, ეკონომიკის მონოპოლიზებით, მეტი შემოსავალი მიეღოთ იმპერატორ იუსტინიანეს ომების დიდი ხარჯების დასაფარად, მაგრამ ეს რეგიონში ახალი, მასშტაბური კონფლიქტის დამატებით მიზეზადაც გადაიქცა.
ბიზანტიის იმპერატორმა იუსტინიანემ, 532 წელს, ირანის შაჰთან, ხოსრო I ანუშირვანთან ზავს მიაღწია და ბიზანტიის აღმოსავლეთ პროვინციებში მშვიდობამ დაისადგურა. ამ პერიოდში, 535 წელს, ბიზანტიელი ისტორიკოსის, პროკოპი კესარიელის მიხედვით, ბიზანტიელმა სტრატეგოსმა იოანე ციბემ, ბიზანტიური გავლენის ქვეშ მოქცეულ ლაზიკაში, თანამედროვე დასავლეთ საქართველოს ტერიტორიაზე, რომელიც, იმპერიის აღმოსავლეთ საზღვრების დასაცავად და კავკასიაში პოზიციების გასამტკიცებლად, საკვანძო მნიშვნელობის იყო, ახალი ციხე-ქალაქი – პეტრა ააგო. ბიზანტიური ცნობებით, ქალაქს მისი ამშენებელი იმპერატორის პატივსაცემად „იუსტინიანესაც“ უწოდებდნენ. ის მიუვალი იყო, რადგან ერთი მხრიდან ზღვა იცავდა, მეორე მხრიდან – კლდეები; ერთი ვიწრო შესასვლელი ჰქონდა დაბლობიდან. კედლები და კოშკები ისე იყო ნაშენი, რომ საალყო იარაღით მათი დანგრევა ძალიან რთული ყოფილიყო. ქალაქი კარგად იყო მომარაგებული წყლითა და სურსათით. ის მდებარეობდა ზედ ლაზიკისა და ბიზანტიის იმპერიის საზღვარზე, შესაბამისად, აკონტროლებდა ამ სივრცეს და მასზე გამავალ სავაჭრო გზებსაც.
მართალია, ბიზანტიელი ავტორი როგორც პეტრას აშენების ინიციატორად, ისე ეკონომიკური პოლიტიკის წარმმართველად ბიზანტიელ სტრატეგოსს, იოანე ციბეს წარმოაჩენს, მაგრამ აშკარაა, რომ ასეთ მნიშვნელოვან ნაბიჯებს ის იუსტინიანესგან დამოუკიდებლად ვერ გადადგამდა. შესაბამისად, იოანე ციბე მხოლოდ ბიზანტიის იმპერატორის მოხელე და მისი შემოღებული პოლიტიკის გამტარებელი გახლდათ, რომელიც აღჭურვილი იყო როგორც სამხედრო, ისე სამოქალაქო ძალაუფლებით.
იოანე ციბემ, იმპერიისა და ლაზიკის საზღვარზე მდებარე პეტრას ციხე-ქალაქის სტრატეგიული, სავაჭრო, საგზაო მდებარეობა ოსტატურად გამოიყენა და ეკონომიკის მონოპოლიზება მოახდინა. ვაჭრებს ნება აღარ ჰქონდათ, ქვეყანაში გაეყიდათ საქონელი, რომელიც ლაზებისთვის აუცილებლად საჭირო იყო და არც ლაზებისგან შეეძლოთ რამე შეეძინათ. ვაჭრობა და საქონლის შეძენა-გაყიდვა მხოლოდ იოანე ციბეს შეეძლო. ის იაფად ყიდულობდა ყოველგვარ საქონელს, რომელიც ლაზიკაში საზღვაო და სახმელეთო გზებით შემოდიოდა, შემდეგ კი ლაზებს ძვირად მიჰყიდდა. ამით იმპერიას მეტი მოგება რჩებოდა, მაგრამ, სამაგიეროდ, დიდ უკმაყოფილებას იწვევდა ლაზებში და საბოლოოდ ამ პოლიტიკამ ბიზანტია ძალიან დააზარალა.
ლაზიკისთვის საზღვაო ვაჭრობა მნიშვნელოვანი და, გარკვეული თვალსაზრისით, შეიძლება ითქვას, სასიცოცხლოც კი იყო. უმთავრესი პროდუქტები, რაც საზღვაო გზებით შემოჰქონდათ, იყო მარილი, მარცვლეული და ღვინო. მარილი და მარცვლეული კოლხეთში ძველი დროიდან შემოდიოდა. ამ რესურსებით ვაჭრობა რეგიონში დიპლომატიური ურთიერთობების მნიშვნელოვან ფაქტორს წარმოადგენდა. ლაზიკაში მარილი, ძირითადად, ყირიმიდან შემოჰქონდათ. მარილი დიდი რაოდენობით იყო საჭირო, რადგან აუცილებელი გახლდათ ყველანაირი საკვების შესანახად. ამას გარდა, ეს რესურსი ზღვისპირეთიდან მთელ კავკასიაში შედიოდა და ეს სავაჭრო გზა ფუნქციონირებდა როგორც ანტიკურ ხანაში, ისე შუა საუკუნეებში და ახალ დრომდე. ბიზანტიელი ავტორი, პროკოპი კესარიელი სავსებით მართებულად მიუთითებს ლაზიკისთვის მარილის განსაკუთრებულ საჭიროებასა და მნიშვნელობაზე.
მარცვლეულში (ბერძნულად sitos) პროკოპი უნდა გულისხმობდეს როგორც ხორბალს, ქერს, ისე, პარკოსნებსაც. ზოგადად ლაზიკაში ადგილობივ მარცვლეულს, ღომს იყენებდნენ, რომელსაც დღეს ძირითადად სიმინდის ღერღილით ამზადებენ, მაგრამ ანტიკურ ხანაში მცენარე ღომით მზადდებოდა. ამ მცენარის სამეცნიერო სახელწოდებაა Panicum Italicum (ინგლისურად Foxtail Millet – მელისკუდა ფეტვი). დასავლეთ საქართველოს კლიმატი ხელშემწყობ პირობებს ქმნიდა იმისთვისაც, რომ აქ წამყვანი მარცვლეული კულტურა ღომი გამხდარიყო. მიუხედავად იმისა, რომ ეს მცენარე მთელ ანტიკურ სამყაროში და იტალიაშიც კი გავრცელებული საკვები იყო, მაგრამ პურის მნიშვნელობა გაცილებით მაღალი იყო, რის გამოც რომაულ არმიაში ფეტვის ულუფა სასჯელის ზომადაც კი მიიჩნეოდა. VI საუკუნეში, როდესაც ბიზანტიის არმია ლაზიკაში იბრძოდა, ფეტვის წამყვანი მდგომარეობა მას მნიშვნელოვან პრობლემას უქმნიდა. ამან გავლენა მოახდინა ბიზანტიური გარნიზონების მდგომარეობაზეც, რომელთაც, პურის მიწოდების სირთულეების გამო, დატოვეს სტრატეგიული სიმაგრეები და ქვეყნის სიღრმეში დაიხიეს. ომის პერიოდში ლაზიკის ტერიტორიაზე რესურსების სიმცირე გამოჩნდა მაშინაც, როდესაც ბიზანტიელმა მეომარმა, ვინმე იოანე ლიბიელმა დაიწყო ლაზიკაში პროდუქტების ყიდვა და სატვირთო ხომალდებით გადაზიდვა, რითაც მძიმე დარტყმა მიაყენა და კრიტიკულად დააზარალა ბიზანტიური ჯარის მომარაგება. ლაზიკის ომის თანადროული ავტორის, აგათია სქოლასტიკოსის მიხედვით, ბიზანტიელები ზოგჯერ იძულებულები ხდებოდნენ, ლაზთა სოფლები ეძარცვათ ღომისა და სხვა საკვების მოსაპოვებლად.
ვარაუდობენ, რომ მარცვლეული ანტიკური ხანიდან შემოჰქონდათ კოლხეთში, თუმცა, ვინაიდან ამ მხრივ კავკასიაც არ იყო ღარიბი, ადგილობრივი ხორბალიც გამოიყენებოდა. როგორც ისტორიკოსი დევიდ ბრაუნდი მიუთითებს, ყველა შემთხვევაში, ადგილზე მოყვანილი ღომი მეტ-ნაკლებად საკმარისი იყო ლაზიკის მოსახლეობისთვის და, ზოგადად, მარცვლეულის უცხოეთიდან შემოტანა სასიცოცხლო მნიშვნელობის არ იყო. განსაკუთრებული პრობლემები გაჩნდა ქვეყანაში საომარი მდგომარეობის დროს.
მოსავლის მოყვანასა და აღებას ხელს უშლიდა მიმდინარე სამხედრო მოქმედებები, ქვეყანაში ბიზანტიური და ირანული გარნიზონებიც იდგა, რესურსი არ იყო საკმარისი, რის გამოც საჭირო ხდებოდა მარცვლეულის შემოტანა. შესაბამისად, VI საუკუნის შუა ხანებში, ტრაპიზონიდან მარცვლეულის შემოტანა მნიშვნელოვანი გახლდათ ლაზიკისთვის. მეორე მხრივ, ირანელთა ჯარი ძირითადად იბერიიდან და პერსარმენიიდან მარაგდებოდა, შესაბამისად, მარცვლეულს და სხვა საკვებს ისინი ამ გზებით შემოიტანდნენ. ირანელთა ლოგისტიკური სირთულეები, რომლებიც თანადროულ ავტორებს აქვთ აღწერილი, მიუთითებს იბერიასა და ლაზიკას შორის უღელტეხილების გადალახვის სირთულეებზე, განსაკუთრებით – თოვლიან ზამთარში და წვიმიან პერიოდებში, როცა მთიანი და ტყეებით დაფარული ადგილები, ფაქტობრივად, გაუვალი ხდებოდა.
ლაზიკაში ღვინოს ანტიკური ხანიდან აყენებდნენ. ისევე როგორც მარცვლეულის შემთხვევაში, ღვინის იმპორტიც არ იყო გადამწყვეტი და უცხოური ღვინო უფრო ფუფუნების საგანს წარმოადგენდა. ღვინოსთან ერთად, შემოდიოდა სხვა პროდუქტებიც, მათ შორის – ხმელთაშუა ზღვისპირეთიდან. აღმოჩენილი სატრანსპორტო ჭურჭლის, ამფორების ანალიზით დადასტურდა, რომ, მაგალითად, აქ შემოჰქონდათ ზეითუნის ზეთი ანტიოქიიდან. ვინაიდან ლაზიკაში ზეთისხილი არ მოჰყავდათ, ზეთის შემოტანა აუცილებელი იყო, თანაც არა მხოლოდ ლაზებისთვის, არამედ აქ მდგარი ბიზანტიური გარნიზონებისთვისაც.
საინტერესოა, რომ დასავლეთ საქართველოში რესურსების სიმცირეს გვიანფეოდალურ საქართველოში ნამყოფი უცხოელი მოგზაურებიც აღნიშნავდნენ. მაგალითად, XV საუკუნეში იტალიელები, იოსაფატ ბარბარო და ამბროჯიო კონტარინი აღნიშნავდნენ, რომ აქ ძირითადად ღომი მოჰყავდათ, მარილი – ყირიმიდან, კაფადან, ხოლო ღვინო და დამარილებული თევზი ტრაპიზონიდან შემოჰქონდათ. XVII საუკუნეში არქანჯელო ლამბერტი წერდა ტრაპიზონთან, კაფასთან, კონსტანტინოპოლთან აქტიური საზღვაო ვაჭრობის შესახებ. განთქმული მოგზაური ჟან შარდენი მიუთითებდა ბრინჯის, ხორბლისა და ქერის მოსავლის სიმცირეზე და ღომის განსაკუთრებულ მნიშვნელობაზე. ისტორიული წყაროებითა და კავკასიაში მოგზაურთა ცნობებით თუ ვიმსჯელებთ, ანტიკური ხანიდან XVIII საუკუნემდე, დასავლეთ საქართველოს მეურნეობა, რესურსები და აღმოსავლეთ შავიზღვისპირეთის ვაჭრობა განსაკუთრებულად არ შეცვლილა.
პეტრას აგების, იუსტინიანეს გავლენის გაძლიერების, ბიზანტიური გარნიზონების ლაზიკაში ჩადგომითა და ეკონომიკის მონოპოლიზებით უკმაყოფილო ლაზებმა, რომელთაც ამ დროს მეფე გუბაზ II მართავდა, ირანელთა მხარეზე გადასვლა გადაწყვიტეს და ბიზანტიელთა განდევნისთვის ირანის შაჰს მიმართეს. ამ გადაწყვეტილებას, ბუნებრივია, მხოლოდ ეს საკითხები არ განაპირობებდა, არამედ, სასანური ირანის გაძლიერება კავკასიაში, იბერიაში მეფობის გაუქმება და მომავალი ომის პოტენციური საფრთხეც; ვინაიდან ბიზანტიის იმპერიის ყურადღება ამ დროისთვის მიპყრობილი იყო დასავლეთისკენ, აფრიკისა და იტალიისკენ, რადგან იუსტინიანე დასავლეთ რომის ყოფილი ტერიტორიების დაბრუნებისთვის იბრძოდა ვანდალებთან და ოსტგოთებთან.
ირანის შაჰ ხოსრო ანუშირვანთან გაგზავნილმა ლაზმა ელჩებმა ისაუბრეს იმაზე, თუ რა უპირატესობებს მისცემდა ლაზებთან მოკავშირეობა ირანელებს – ისინი მიიღებდნენ ტერიტორიას ბიზანტიის საზღვრებთან, გააკონტროლებდნენ კავკასიას, გავიდოდნენ ზღვაზე და დაემუქრებოდნენ კონსტანტინოპოლს. ირანის შაჰმა ეს შესაძლებლობა გამოიყენა, ცრუ ინფორმაციის გავრცელებით ბიზანტიელთა ყურადღება მოადუნა და ლაზი მეგზურების დახმარებით ლაზიკაში შეიჭრა. მისი სამიზნე ლაზიკის საკვანძო ციხე-ქალაქი პეტრა იყო. პეტრას აღება არც ისე მარტივი აღმოჩნდა, მაგრამ იოანე ციბეს ბრძოლის ველზე სიკვდილის შემდეგ, ირანელებმა შეძლეს ქალაქის აღება და ის თავის ციტადელად აქციეს შავი ზღვის სანაპიროზე.
ასე დაიწყო ლაზიკის ომი, რომელიც 541-დან 562 წლამდე გაგრძელდა, მისი საკვანძო ეტაპი კი სწორედ პეტრას დასაუფლებლად ორი იმპერიის ბრძოლა იყო. ლაზებმა, რომელთაც ირანის შაჰთან კავშირით ვერაფერი მოიგეს და კულტურულად და რელიგიურად უფრო მისაღები ბიზანტიის იმპერიის გავლენის ქვეშ დაბრუნდნენ, ახლა უწინდელ მოკავშირეებს, ირანელებს დაუპირისპირდნენ. მას შემდეგ, რაც ბიზანტიელებმა შეძლეს თავიანთი ყოფილი სიმაგრის დაკავება და განადგურება 551 წელს, ომი ინერციით დასასრულისკენ წავიდა და მიუხედავად იმისა, რომ კიდევ რამდენიმე წელლიწადს გაგრძელდა, ირანელებმა მასში გარდატეხის შეტანა ვეღარ შეძლეს, საბოლოოდ კი ბიზანტიამ, რომელიც ლაზიკაში უბრალოდ თავს იცავდა, ძირითადი ომები კი ხმელთაშუა ზღვისპირეთში ჰქონდა, ომი მოგებიანი ზავით დაასრულა.
პეტრას ციხის უწინდელივით დიდი მნიშვნელობა შემდგომ პერიოდში აღარ იკვეთება, თუმცა ის არსებობას აგრძელებდა. მას სხვადასხვა დროს ქართველები, შემდეგ ოსმალები და ბოლოს რუსეთის იმპერიაც აკონტროლებდა. საბჭოთა კავშირის დროს ციხის ნაწილი დააზიანეს, დაანგრიეს და ლემონარიუმი მიაშენეს. მიუხედავად ამისა, ციხისძირი-პეტრა, არქეოპოლისთან (ნოქალაქევი) ერთად, დღეს საქართველოს უმნიშვნელოვანესი გვიანანტიკური ძეგლი და გამორჩეული ტურისტული ღირსშესანიშნაობაა.
დატოვე კომენტარი