კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინების მწარმოებელი Pfizer-ი და Moderna გაზაფხულზე წარმოებას გაზრდიან. ამის შესახებ ამერიკული Forbes-ი წერს.
როგორც კომპანიებმა ამერიკის კონგრესში განაცხადეს, თითოეულს ივლისის ბოლოსთვის ვაქცინის 300 მლნ დოზის უზრუნველყოფა შეუძლია, რაც 300 მლნ ადამიანის აცრისთვის საკმარისი იქნება, ვინაიდან ერთი ადამიანის სრულად ვაქცინაციას ორი დოზა ესაჭიროება.
Pfizer-ის განცხადებით, მარტის თვეში ისინი 13 მლნ დოზის, მაისის ბოლოს კი 80 მლნ დოზის მიწოდებას შეძლებენ. Moderna-ში კი აცხადებენ, რომ მარტის ბოლოსთვის ამერიკისთვის ისინი 100 მლნ დოზის მიწოდებას უზრუნველყოფენ.
ცნობისთვის, თუ Johnson & Johnson-ის ვაქცინამაც გაიარა ავტორიზაცია, კომპანია მარტის ბოლომდე 20 მლნ ამერიკელის ვაქცინაციისთვის საჭირო დოზებს მიაწვდის ქვეყანას, ხოლო 2021 წლის პირველ ნახევარში – ჯამში 100 მლნ დოზას.
აღსანიშნავია, რომ ამერიკის ფედერალური მთავრობა ვაქცინების დისტრიბუციას ზრდის. მიმდინარე კვირას შტატები ვაქცინის 14.5 მლნ დოზას მიიღებენ, მაშინ როდესაც გასულ კვირას 13.5 მლნ დოზის მიწოდება მოხერხდა, ბაიდენის პრეზიდენტობის პირველ კვირას კი – 8.6 მლნ დოზის მიწოდება.
როგორც Bloomberg -ის ანალიტიკოსები ამბობენ, მარტის ბოლოსთვის 130 მლნ ამერიკელის ვაქცინაციისთვის საჭირო დოზები იქნება უზრუნველყოფილი. 30 აპრილისთვის კი – 200 მლნ ადამიანის.
დატოვე კომენტარი