ამერიკული ფარმაცევტული კომპანია Pfizer-ის განცხადებით, რუსეთიდან მიღებულ მთელ მოგებას უკრაინელების დასახმარებლად გაიღებს. ამას გარდა, მწარმოებლის ინფორმაციით, რუსეთს მხოლოდ ჰუმანიტარული მედიკამენტების მარაგს მიაწვდის. აღნიშნული ნაბიჯით Pfizer-ი იმ საერთაშორისო კომპანიებს შეუერთდა, რომლებმაც რუსეთის უკრაინაში შეჭრის საპასუხოდ ოკუპანტ ქვეყანასთან კავშირის ფორმა შეცვალეს ან თანამშრომლობა შეწყვიტეს.
მსოფლიომ რუსეთს უპრეცედენტო სანქციები დაუწესა, თუმცა ჰუმანიტარული მიზეზების გამო ეს მედიკამენტებს არ შეეხო. Pfizer-ის განცხადებით, რუსეთისთვის მედიკამენტების მიწოდებაზე უარის თქმა, კომპანიის ფუნდამენტურ პრინციპს დაარღვევდა, რომელიც, პირველ ადგილზე პაციენტის ჯანმრთელობასა და სიცოცხლეს აყენებს. თუმცა, როგორც მწარმოებელი აცხადებს, ეს იმას არ ნიშნავს, რომ სახელმწიფოში კომპანიის საქმიანობა ჩვეული ფორმით გაგრძელდება.
Pfizer-ის ინფორმაციით, კომპანია რუსეთში კლინიკურ კვლევებს აღარ ჩაატარებს. მწარმოებლის თქმით, ის აშშ-ის მედიკამენტებისა და სურსათის ხარისხის კონტროლის სააგენტოსთან (FDA), ასევე სხვა მარეგულირებელ ორგანოებთან ერთად იმუშავებს, რათა მიმდინარე კლინიკური კვლევები რუსეთის ფარგლებს გარეთ, ალტერნატიულ ობიექტებზე გადაიტანონ.
ამას გარდა, ამერიკულმა ფარმაცევტულმა კომპანიამ, რომელიც რუსეთში საწარმოო ობიექტებს არ ფლობს, განაცხადა, რომ შეწყვეტს ყველა დაგეგმილ ინვესტიციას ადგილობრივ მომწოდებლებთან.
როგორც Pfizer-ის განცხადებაში ვკითხულობთ, კომპანიის გადაწყვეტილებები მიმართულია იმისაკენ, რომ რუსეთიდან მიღებული თითოეული დოლარი უკრაინისა და უკრაინელი ხალხის გაძლიერებას მოხმარდეს – ერის, რომელიც მამაცურად იცავს თავს „არაპროვოცირებული და გაუმართლებელი თავდასხმისაგან“.
დატოვე კომენტარი