Pfizer-ი აცხადებს, რომ მიმდინარე წელს, კორონავირუსის ვაქცინის გაყიდვებიდან შემოსავლების სახით, $15 მილიარდის მიღებას ელოდება თავის პარტნიორ BioNTech-თან ერთად.
კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა წელს, კომპანიის მთავარი გაყიდვადი პროდუქტია.
გარდა ამისა, Pfizer-ში აცხადებენ, რომ 2021 წლის ბოლომდე, ორი მილიარდი დოზა ვაქცინის წარმოება აქვთ გეგმაში. კომპანიის აღმასრულებელი ხელმძღვანელის ალბერტ ბურლას თქმით, ისინი მუშაობენ არაერთ ინიციატივაზე, რათა წარმოება გაზარდონ.
ჩვენ უკვე გავაორმაგეთ წარმოება, გავაუმჯობესეთ ჩვენი წარმატების დონე, ვაგრძელებთ მცდელობებს, რათა ვნახოთ, რა შეგვიძლია კიდევ გავაკეთოთ, რომ უფრო მეტი დოზის უფრო სწრაფად წარმოება შევძლოთ, – განაცხადა ალბერტ ბურლამ.
კომპანია 2021 წლისთვის $59.4 მილიარდიდან $61.4 მილიარდამდე ღირებულების გაყიდვებს ელოდება.
31 იანვრის მდგომარეობით, Pfizer-მა მსოფლიოს უკვე მიაწოდა 65 მილიონი დოზა ვაქცინა, ხოლო აშშ-ს 200 მილიონი დოზა. აღსანიშნავია, რომ კომპანიამ მაისის ბოლომდე აშშ-ის დამატებით კიდევ უნდა მიაწოდოს 200 მილიონი დოზა ვაქცინა.
აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრი აცხადებს, რომ მათ მხოლოდ 1 თებერვალს 50 მილიონ დოზამდე Pfizer-ის და Moderna Inc-ის ვაქცინის დისტრიბუცია შეძლეს.
შეგახსენებთ, რომ Pfizer-ის კოვიდ-ვაქცინა პირველი იყო, რომელმაც აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის ავტორიზაცია მოიპოვა.
დატოვე კომენტარი