Pfizer–ის აღმასრულებელმა დირექტორმა, ალბერტ ბურლამ კვირას განაცხადა, რომ მსოფლიო ნორმალური ცხოვრების წესს ერთი წლის განმავლობაში დაუბრუნდება, თუმცა Covid ვაქცინის მიღება სავარაუდოდ ყოველწლიურად მოგვიწევს.
„ვფიქრობ, ჩვენ შევძლებთ ერთი წლის განმავლობაში დავუბრუნდეთ ჩვეულ ცხოვრებას.“ – თქვა ბურლამ ABC–სთან ინტერვიუში. თუმცა, იქვე აღნიშნა, რომ ერთ წელიწადში ვირუსი არ გაქრება, პირიქით, ის განაგრძობს მუტაციას და შესაძლოა თანდათან სხვადასხვა ვარიანტებიც გამოჩნდეს, შესაბამისად, ვაქცინაციის გარეშე ცხოვრება ნორმალურ კალაპოტს ვერ დაუბრუნდება.
ცხოვრების ჩვეულ რეჟიმში დაბრუნებას ერთ წელიწადში ვარაუდობს Moderna–ს აღმასრულებელი დირექტორი, სტეფან ბანსელიც.
„ჩემი ვარაუდით, ვირუსი კვლავ განაგრძობს მსოფლიოში გავრცელებას და ახალი ვარიანტებიც გამოჩნდება. ამასთან, ვაქცინაციის პროცესიც მსოფლიოში მინიმუმ ერთი წელიწადი გაგრძელდება. შესაბამისად უნდა დაველოდოთ და ვნახოთ მონაცემები როგორ შეიცვლება.“
პარასკევს, დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრების ხელმძღვანელმა დოქტორმა როშელ ვალენსკიმ Pfizer-ისა და BioNTech–ის Covid-19–ის ვაქცინის დამატებით დოზას მაღალი რისკის მქონე ადამიანებსა და ხანდაზმულებში ავტორიზაცია მიანიჭა.
საინტერესოა, რომ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია დამატებითი დოზის(ბუსტერის) კატეგორიული წინააღმდეგია და ამბობს, რომ მდიდარმა ქვეყნებმა დამატებითი დოზები იმ ღარიბ ქვეყნებს უნდა დაუთმონ, რომლებსაც ვაქცინაციის მინიმალური დონე აქვთ.
აღსანიშნავია, რომ Pfizer–ი განვითარების სხვადასხვა დონის მქონე ქვეყნებს ვაქცინას სხვადასხვა ფასად სთავაზობს. განვითარებადი ქვეყნები ვაქცინებს Pfizer–ის ფასად ყიდულობენ. ამასთან აშშ–ს მთავრობა ვაქცინის გარკვეულ დოზას მსოფლიოს უღარიბეს ქვეყნებს სრულიად უფასოდ აწვდის.
დატოვე კომენტარი