სოფელ ჭელაში მინარეთის დემონტაჟს საქართველოს ვაჭრობის საერთაშორისო პალატის თავმჯდომარის, ფადი ასლის საჯარო განცხადება მოჰყვა. მისი თქმით, ისლამოფობიური განწყობა ქვეყანას ძვირი დაუჯდება. Forbes Georgia გთავაზობთ ინტერვიუს ფადი ასლისთან.
თქვენ განაცხადეთ, რომ საქართველოში არსებული ისლამოფობიური განწყობა აბრკოლებს ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას. უფრო დეტალურად მოგვახსენეთ თქვენი აზრი ამასთან დაკავშირებით.
საქართველოში უცხოური ინვესტიციების მნიშვნელოვანი ნაწილი ისლამური ქვეყნებიდან – თურქეთიდან, აზერბაიჯანიდან, ყაზახეთიდან, არაბეთის გაერთიანებული საამიროებიდან ან ირანიდან მოდის. ამიტომ ნებისმიერი ისლამოფობიური განწყობა საქართველოში სერიოზულ ზემოქმედებას ახდენს იმ ინვესტორების გადაწყვეტილებაზე, რომლებიც წარმოშობით ამ ქვეყნებიდან არიან.
ინვესტორები იქ იწყებენ საქმიანობას, სადაც თავს უსაფრთხოდ გრძნობენ და სადაც მთავრობაც და ხალხიც გულთბილად ხვდება – ორივე ძალზე მნიშვნელოვანია. იმ დროს, როდესაც საქართველოს ჰაერივით სჭირდება უცხოური ინვესტიციები, სიბეცედ მიმაჩნია მავანთა მიერ ისლამოფობიური გრძნობების გაღვივება გარკვეული პრივილეგიების, ან ხმების სანაცვლოდ. ამგვარი განწყობა საფრთხის მატარებელია ქვეყნის სამოქალაქო მშვიდობისთვის.
უნდა იქონიოთ მხედველობაში ისიც, რომ საქართველოში ანტიისლამური განწყობის გაღვივებამ შეიძლება გამოიწვიოს საპასუხო რეაქცია ქართველი მართლმადიდებელი ქრისტიანების მიმართ, რომლებიც მეზობელ მუსლიმანურ ქვეყნებში უმცირესობას წარმოადგენენ; რელიგია სულიერი იდენტობაა და არ იზღუდება ქვეყნის გეოგრაფიული საზღვრებით. ის საზოგადოება, რომელიც უმრავლესობას წარმოადგენს საკუთარ ქვეყანაში, შეიძლება განსაზღვრულ რეგიონში უმცირესობას წარმოადგენდეს.
საქართველოში ინვესტიციების რა წილი მოდის ისლამური ქვეყნებიდან?
უცხოური პირდაპირი ინვესტიციების არსებითი ნაწილი ისლამურ ქვეყნებზე მოდის და ამიტომაც საქართველო ვერ მისცემს თავის თავს უფლებას გააბრაზოს, აწყენინოს ან შეაშინოს ამ ქვეყნების წარმომადგენელი ინვესტორები. მე არ ვფლობ ზუსტ მონაცემებს, მაგრამ სულაც არ არის აუცილებელი დიდი მეცნიერი იყო იმის მისახვედრად, რომ საქართველოში ჩადებულ უცხოურ პირდაპირ ინვესტიციებში ისლამური ქვეყნების ხვედრითი წილი მნიშვნელოვანია.
ამ ბოლო პერიოდში ბევრი არასამთავრობო ორგანიზაცია და უფლებადამცველი საუბრობდა საქართველოს მუსლიმანური მოსახლეობის ქრისტიანულ მოსახლეობასთან არათანაბარ პირობებში ჩაყენებაზე. რამდენად დიდია საფრთხე, რომ ეს ფაქტორი მნიშვნელოვან ბარიერად იქცეს მუსლიმან ინვესტორებთან ურთიერთობისას?
ამჟამად ისლამოფობიური განწყობა საქართველოში აშკარად გამოკვეთილი არ არის და შესაბამისად, მისი ზეგავლენა მუსლიმან ინვესტორებზე შეზღუდულია; თუმცა, თუ მთავრობა მთელი პასუხისმგებლობით არ მიუდგება საქართველოს კონსტიტუციაში ნათლად განსაზღვრული რელიგიის თავისუფლების უპირობოდ განხორციელების უზრუნველყოფას და ასევე, იმ შემთხვევაში, თუ ისლამოფობიური განწყობა მეტად მოზღვავდება, მაშინ ცხადია, რომ მუსლიმანი ინვესტორები სიფრთხილით მოეკიდებიან საქართველოში მოღვაწეობის პერსპექტივას.
ისიც გავითვალისწინოთ, რომ ეკონომიკური აყვავება არის უძლიერესი არგუმენტი, რომელიც აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთს თვითაღიარებულ დამოუკიდებლობას დაათმობინებს და გამოიწვევს მათ რეინტეგრაციას საქართველოში; ისლამოფობიური განწყობის დამკვიდრება არა მარტო ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას შეაფერხებს, არამედ აფხაზებს დამატებით არგუმენტს მისცემს საქართველოში რეინტეგრაციაზე უარის სათქმელად.
მე ლიბანელი ქრისტიანი გახლავართ, ანუ ვარ იმ ქვეყნიდან, რომელშიც თვრამეტი სხვადასხვა რელიგიური ჯგუფი ცხოვრობს. ეს ის რეგიონია, სადაც მუსლიმანები დომინირებენ. მე ქრისტიანებსა და მუსლიმანებს შორის მიმდინარე სამოქალაქო ომის ნაწილი ვიყავი და უამრავი უბედურების გადატანის შემდეგ ერთი რამ ვისწავლე – იმისთვის, რომ შევინარჩუნოთ ჩვენი საკუთარი რწმენა და ტრადიცია, უპირველეს ყოვლისა, სხვების რწმენისა და ტრადიციების შენარჩუნებაზე უნდა ვიზრუნოთ, რათა მათ უსაფრთხოდ იგრძნონ თავი და თავდაცვითი პოზიციის მიღება არ მოისურვონ.
ამჟამად არსებობს თუ არა უკმაყოფილება მუსლიმან ინვესტორებში საქართველოში ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით?
რამდენადაც მე ვიცი – არა, გამომდინარე იქიდან, რომ მუსლიმანი ინვესტორების უმრავლესობას სჯერა – სურათი, რომელიც წელს ვიხილეთ, მხოლოდ დროებითი მოვლენაა და არა ორგანული. მსურს დაგარწმუნოთ, რომ უცხოელი ქრისტიანი ინვესტორებიც ზუსტად ისევე გმობენ იმ ისლამოფობიურ განწყობას, რომელსაც ზოგიერთები ავლენენ საქართველოში.
ფეისბუკზე თქვენს განცხადებაში საქართველოში ბოლო დროს გააქტიურებული რელიგიური დებატები შეაფასეთ, როგორც „ქრონიკული ისლამოფობიური განწყობა”. რატომ დაახასიათეთ მოვლენა, როგორც „ქრონიკული”? უახლოეს წარსულში თქვენთვის შესამჩნევი იყო რელიგიური ფონის გამწვავება საქართველოში?
რა თქმა უნდა, ისლამოფობიის საგრძნობი გამწვავება მართლაც შეიმჩნევა ბოლო თვეებში! წელს, ახალ ამბებშიც ბევრჯერ მოვისმინეთ და გაზეთებშიც წავიკითხეთ, რომ ქართველ მუსლიმან მოქალაქეებს აუკრძალეს ლოცვა ზოგიერთ სოფელში! მე უკვე 15 წელია, რაც საქართველოში ვცხოვრობ და ეს პირველი წელია, როდესაც მესმის მუსლიმან და ქრისტიან მორწმუნეთა შორის დაძაბულობის შესახებ; მოვლენებს, რომლებიც რეგულარულად მეორდება, ქრონიკული ეწოდება.
რა გავლენა აქვს რელიგიურ ფონს ქვეყნის ბიზნესგარემოზე?
რელიგია საერთოდ არ უნდა ახდენდეს გავლენას ბიზნესგარემოზე. ჩემი პირადი მოსაზრებით – რელიგია, პოლიტიკა და ბიზნესი სრულიად დამოუკიდებელი უნდა იყოს ერთმანეთისგან; ეს ერთადერთი სიცოცხლისუნარიანი სტრატეგია გახლავთ თანამედროვე და მდგრადი სახელმწიფოს ასაშენებლად. ეს არის ასევე ის, რაც მკაფიოდ წერია საქართველოს კონსტიტუციაში, ამიტომაც საქართველოს მთავრობის პასუხისმგებლობაა თითოეული მოქალაქის მიერ კონსტიტუციისადმი სრული პატივისცემის უზრუნველყოფა.
დატოვე კომენტარი