ფასდაკლების თერაპია

ფასდაკლების თერაპია

დღევანდელი გარიგება: ორი პიცა ერთის ფასად – ასე დაიწყო 20-მილიარდიანი კომპანია Groupon-ის ყველაზე სწრაფად განვითარებადი ბიზნესი სამი წლის წინ. იდეის ავტორი და კომპანიის აღმასრულებელი დირექტორი,30 წლის ენდრიუ მეისონი დღეს თითქმის მილიარდერია.

Groupon ინგლისური სიტყვების Group-ისა და Coupon-ის შეერთებით წარმოიშვა. კომპანიის არსი ფასდაკლებებში მდგომარეობს. ფასდაკლება ვრცელდება ყველანაირ პროდუქტსა და სერვისზე. მომხმარებელი ყიდულობს კუპონს, რომელიც კონკრეტული ფირმის დიდი ფასდაკლების გარანტს წარმოადგენს. Groupon -ის სიახლისა და ნოვატორობ ის არსი ის გახლავთ რომ ფასდაკლებას მომხმარებელი მხოლოდ იმ შემთხვევაში იღებს, თუკი ერთი და იმავე ქალაქის მოქალაქე ერთსა და იმავე პროდუქტს ერთ დღეს ყიდულობს.

Groupon-ის დამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი, ენდრიუ მეისონი პიტსბურგის გარეუბანში გაიზარდა. მისი მამა ხელზე მოვაჭრე, დედა კი ფოტოგრაფი იყო. სილიკონის ველზე შეშლილი არასოდეს ყოფილა, მისი გატაცება მუსიკა იყო და არა კომპიუტერები. „25 წლამდე ვფიქრობდი, რომ როკმუსიკოსი გავხდებოდი, ამბობს მეისონი, – საქმე ის კი არარის, რომ ვარსკვლავობა მსურდა, უბრალოდ, მინდოდა ალტერნატიული კულტურის ნაწილი გავმხდარიყავი”.

მიუხედავად მუსიკის განხრით ოცნებებისა, მისმა პრაქტიკულმა თვისებებმა ჯერ კიდევ მაშინ იჩინა თავი, როცა მეისონი 15 წლის იყო. შაბათობით ენდრიუ ახლად გამომცხვარ ნამცხვრებს არიგებდა და ადგილობრივი კომპანიები აღნიშნავენ, რომ მეისონი საუკეთესო გამყიდველი იყო.

კოლეჯის შემდეგ თვითნასწავლი პროგრამისტი კომპანია InnerWorkings -ში მოხვდა, სადაც მომავალი პარტნიორი ერიკ ლეფკოვსკი გაიცნო. იქ გაუჩნდა მეისონს ვებსაიტის შექმნის იდეა, რომელიც ისეთ საჩოთირო თემებს განიხილავდა, როგორიც არის, მაგალითად, ერაყში შექმნილი მდგომარეობა ან ჯანდაცვის პრობლემები. ამ იდეით მან ჩიკაგოს უნივერსიტეტის საჯარო პილიტიკის სტიპენდია მოიპოვა. თუმცა სწავლა არ დაუსრულებია, რადგან რამდენიმე თვეში InnerWorkings -ის დამფუძნებელმა ერიკ ლეფკოვსკიმ მეისონის იდეა $1 მილიონით დააფინანსა.
ასე შეიქმნა 2007 წლის ნოემბერში კომპანია The Point. თუმცა კომპანია არცთუ ისე წარმატებული გამოდგა: ერთ წელიწადში დანაკარგებმა კოლოსალურ თანხებს მიაღწია.„მე რომ რაციონალური ადამიანი ვყოფილიყავი, იმ მომენტში უნდა დავნებებულიყავი”, – ამბობს მეისონი.

მაგრამ ასე არ მომხდარა, სწორედ ამ დროს დაიწყო მეისონმა ნოვატორული იდეის განხორციელება. მან შექმნა ბლოგი, რომელიც მომხმარებელს ყოველდღე სხვადასხვა გარიგებას სთავაზობდა. მეისონის გუნდი შვიდი ადამიანისგან შედგებოდა, რომლებიც დღეში დაახლოებით 100 კომპანიას ურეკავდნენ. ასე დაიბადა groupon.com.
სულ რაღაც ექვს თვეში Groupon გაიხსნა ბოსტონში, ნიუ იორკსა და ვაშინგტონში. თითოეულ ქალაქს ჰქონდა თავისი საიტი, საკუთარი ყოველდღიური გარიგებით. შემდეგ Groupon-მა 88 ამერიკული ქალაქი და 22 ქვეყანა მოიცვა, რომელთა შორის არის თურქეთი და ჩილე.

Groupon-თან გარიგება პატარა ფირმებისთვის ძალიან მოგებიანი აღმოჩნდა. მაგალითად, ბედფორდის საჰაერო ნავიგაციის სკოლამ გადაწყვიტა ვერტმფრენით ფრენის გაკვეთილები ჩაეტარებინა და Groupon-თან გარიგება დადო. გაკვეთილის ჩვეულებრივი ფასი $225 დოლარი იყო, რაც სკოლამ $69 დოლარამდე -შეამცირა. დღის 11 საათზე Groupon იძულებული იყო გარიგებები შეეწყვიტა, რადგან ამ დროისთვის 2,500 კუპონი უკვე გაიყიდა, მაშინ როდესაც სკოლას მხოლოდ 200-ისს გაყიდვის იმედი ჰქონდა.
დღეს ენდრიუ მეისონი -მტკიცედ აცხადებს, რომ 35,000-მდე კომპანია ოცნებობს Groupon -თან თანამშრომლობაზე. თუმცა არსებობენ უკმაყოფილოებიც.ზოგიერთი კომპანიის წარმომადგენელი ამბობს, რომ ისინი Groupon-ის დღის გარიგებით საბოლოო ჯამში ფულსკარგავენ, რადგან Groupon-ის კლიენტი ძალიან იშვიათად ხდება პროდუქტის სტაბილური მომხმარებელი. Groupon-ის კუპონის მომხმარებელს პროდუქტში მთლიანი თანხის გადახდა აღარ უნდა. მთლიანი ფასი ყოველთვის უსამართლოა, ეუბნება Groupon მომხმარებელს. ზოგიერთი კომპამნია იმასაც კი აცხადებს, რომ ენდრიუ მეისონის დღის გარიგების იდეამ ხელი შეუწყო ადგილობრივი ეკონომიკის გაუარესებას.

იყო ნოვატორი – ძალიან მოგებიანი პოზიციაა. სწორედ ნოვატორობის გამო, Groupon დღეს ონლაინ-შოპინგის ლექსიკონის ნაწილია. თუმცა იმ ადამიანებს, რომლებიც რადიკალური იდეებით იწყებენ ბიზნესს, როგორც წესი, ძალიან უჭირთ შედარებით მოსაწყენი საქმის ნოვატორულ იდეაზე დაფუძნებული კომპანიის სტაბილურ, შემოსავლიან ბიზნესად ქცევა. ენდრიუ მეისონი სწორედ ეს ფენომენია. ბევრ ჟურნალისტს გაუჩნდა უკვე კითხვა, შეძლებს თუ არა 30 წლის საკმაოდ უცნაური აღმასრულებელი დირექტორი ამ ნოვატორული იდეის სტაბილურ ბიზნესად ქცევას.
ამ ბიზნესს ერთი სერიოზული პრობლემა აქვს: ნებისმიერ ადამიანს შეუძლია მისი მოდელის მოპარვა. გამოჩნდა კიდეც 200-ზე მეტი მიმბაძველი ამერიკაში, 500-ზე მეტი მის ფარგლებს გარეთ, აქედან 100 – ჩინეთში.ზოგიერთმა მათგანმა საიტის გრაფიკის შეცვლითაც კი არ შეიწუხა თავი. ექსპერტებს მიაჩნიათ, რომ ეს მეისონის ბიზნესზე ცუდად აისახება და მოვლენების შემდგომ განვითარებას ელიან.

თუმცა ახალგაზრდა აღმასრულებელი დირექტორი ამ ყველაფერს სერიოზულად არ არიქვამს. მას მიაჩნია, რომ Groupon უნიკალურია. ამ კომპანიის მთავარი პრიორიტეტი აგრესიული ახირებაა. მეისონი დღის გარიგების განცხადების შემდგენლებს ავალებსაბსურდის პოეზიის სტილში წერონ.

„ჩვენ ძალიან სწრაფად ვიზრდებით, მაგრამ იმის ნაცვლად, რომსხვა ნორმალურ კომპანიებს დავემსგავსოთ,ჩვენ მიზნად ვისახავთ გავხდეთ უფრო მეტად უცნაური”, – ამბობს ენდრიუ მეისონი.

დღეს სადავოა, შეძლებს თუ არა ენდრიუ მეისონი ნოვატორი კომპანიის სტაბილურობის შენარჩუნებას; ისიც სადავოა, მოხვდება თუ არა ახალგაზრდა აღმასრულებელი დირექტორი Forbes-ისმილიარდერების სიაში, მაგრამ ერთი რამ ფაქტად რჩება: სამი წლის წინ დაწყებულ ბიზნესს დღეს 83 მილიონი მომხმარებელი და 7,000-ზე მეტი თანამშრომელი ჰყავს.

„თუკი თქვენ არასოდეს გქონიათ შეგრძნება, რომ შორს მიფრინავთ, ესე იგი საკმარისად შორს არ გიფრენიათ”,-ამბობს ენდრიუ მეისონი. მას სჯერა რომ დევიზით – კოლექტიური ყიდვის ძალა – ის თითქმის მზესთან მიფრინდა.

 

 

 

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *