კატარში, 20 ნოემბერს, საფეხბურთო სამყაროსთვის უმნიშვნელოვანესი ტურნირი, FIFA-ს მსოფლიო ჩემპიონატი იწყება. 2022 წლის ჩემპიონატი გამორჩეული არა მარტო ადგილმდებარეობისა და თარიღის გამო გახდება, არამედ იმ ვარსკვლავების რაოდენობითაც, რომლებიც მსოფლიო ტურნირზე სავარაუდოდ უკანასკნელად იასპარეზებენ. 2026 წლის მუნდიალზე, ასაკიდან გამომდინარე, ალბათ ვეღარ ვიხილავთ მსოფლიო ფეხბურთის ისეთ ვარსკვლავებს, როგორებიც ლიონელ მესი, კრიშტიანუ რონალდუ, მანუელ ნოიერი და სხვები არიან.
ლიონელ მესი, არგენტინა
უკვე თავად მესიმაც დაადასტურა, რომ კატარში გასამართი მსოფლიო ჩემპიონატი მისთვის უკანასკნელი იქნება. არგენტინელი ვარსკვლავი ამჟამად 35 წლისაა, ოთხი წლის შემდეგ კი 39 წლის იქნება, რაც მესის ბოლო შანსს უტოვებს, მისთვის საოცნებო ტიტულს დაეუფლოს. ამ დრომდე ლიონელ მესიმ ოთხ მსოფლიო ჩემპიონატზე იასპარეზა: 2006, 2010, 2014 და 2018 წლებში. შეგახსენებთ, რომ მესიმ, 2021 წელს, მის საფეხბურთო კარიერაში პირველად, „კოპა ამერიკის“ ტურნირი მოიგო.
კრიშტიანუ რონალდუ
კანდიდატთა სავარაუდო სიაში, რომლებიც 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე აღარ იასპარეზებენ, შესაძლოა პორტუგალიელი ვარსკვლავი კრიშტიანუ რონალდუ იყოს. თავად ფეხბურთელს აღნიშნული ინფორმაცია ჯერ არ დაუდასტურებია, თუმცა რონალდუ 38 წლის ხდება და, შესაბამისად, მომავალი ჩემპიონატისთვის 42 წლის იქნება. მესის მსგავსად, რონალდუს ოთხი მსოფლიო ჩემპიონატი აქვს ნათამაშები და ოთხივე უტიტულოდ. სამაგიეროდ, რონალდუმ, პორტუგალიასთან ერთად, 2016 წლის ევროპის ჩემპიონატის მოგება შეძლო.
ლუის სუარესი, ურუგვაი
კატარში გამართული მსოფლიო ჩემპიონატი შესაძლოა ბოლო აღმოჩნდეს ლუის სუარესისთვისაც. ურუგვაელი ფეხბურთელი იანვარში 36 წლის გახდება, ხოლო 2026 წლისთვის 40 წლის იქნება. სუარესმა მონაწილეობა 2010, 2014 და 2018 წლების მსოფლიო ჩემპიონატებზე მიიღო.
რობერტ ლევანდოვსკი, პოლონეთი
თაობის ერთ-ერთი საუკეთესო თავდამსხმელი რობერტ ლევანდოვსკი ამჟამად ესპანეთის კლუბ „ბარსელონაში“ ასპარეზობს. აღსანიშნავია, რომ ლევანდოვსკი მსოფლიო ჩემპიონატზე პირველად 2018 წელს გამოჩნდა. პოლონელი ამჟამად 34 წლისაა, 2026 წლის აგვისტოში კი 38 წლის ხდება. ჯერ უცნობია, ითამაშებს თუ არა ლევანდოვსკი მომდევნო მსოფლიო ჩემპიონატზე.
კარიმ ბენზემა, საფრანგეთი
2022 წლის ოქროს ბურთის გამარჯვებული კარიმ ბენზემა დეკემბერში 35 წლის ხდება. ბენზემა 2026 წლისთვის 38 წლის იქნება, თუმცა საფრანგეთს ჰყავს ახალგაზრდა თავდამსხმელები, რომელთაც მისი ჩანაცვლება შეუძლიათ. საინტერესოა, რომ ამ დრომდე ბენზემას მხოლოდ ერთ, 2014 წელს ბრაზილიაში გამართულ მსოფლიო ჩემპიონატზე აქვს მონაწილეობა მიღებული.
მანუელ ნოიერი, გერმანია
გერმანია ყოველთვის იყო გამორჩეული მეკარეებით და ერთ-ერთი მათგანი სწორედ მანუელ ნოიერია. ნოიერს მონაწილეობა ჯამში სამ, 2010, 2014 და 2018 წლებში გამართულ მსოფლიო ჩემპიონატებზე აქვს მიღებული. ბრაზილიაში, 2014 წლის ჩემპიონატზე, გერმანიამ გამარჯვების მოპოვებაც შეძლო. მომავალი წლის მარტში ნოიერი 37 წლის ხდება, 2026 წელს კი 41 წლის იქნება.
გარეთ ბეილი, უელსი
ბეილისთვის 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატი შესაძლოა ერთდროულად პირველი და უკანასკნელიც აღმოჩნდეს. საქმე ისაა, რომ უელსი, 1958 წლის შემდეგ, პირველად იასპარეზებს მუნდიალზე. გარეთ ბეილი 2026 წლისთვის 37 წლის იქნება და უცნობია, ითამაშებს თუ არა შემდეგ ჩემპიონატზე, თუ უელსი მონაწილეობის უფლებას კვლავ მოიპოვებს.
ლუკა მოდრიჩი, ხორვატია
მოდრიჩი სექტემბერში 37 წლის გახდა, შესაბამისად, შემდეგი ჩემპიონატისთვის 40 წლის იქნება. მოდრიჩმა მონაწილეობა სამ, 2006, 2014 და 2018 წლების მსოფლიო ჩემპიონატებზე მიიღო. ყველაზე წარმატებული ფეხბურთელისთვის 2018 წელი გამოდგა, როდესაც ხორვატიამ ფინალში გასვლა შეძლო, თუმცა საფრანგეთთან დამარცხდა. საერთაშორისო და საკლუბო („რეალ მადრიდი“) წარმატებისთვის, იმავე წელს, მოდრიჩი ოქროს ბურთის პრეტენდენტებს შორის მოხვდა.
გილიერმო ოჩოა, მექსიკა
კიდევ ერთი მეკარე, რომელიც მსოფლიო ჩემპიონატზე შესაძლოა ბოლოჯერ ვიხილოთ, მექსიკელი გილიერმო ოჩოაა. მეკარე ამჟამად 37 წლისაა, შემდეგი ჩემპიონატისთვის კი 41 წლის იქნება. საინტერესოა, რომ 2026 წელს ტურნირი სწორედ მის სამშობლოში იმართება. მექსიკელმა მონაწილეობა 2014 და 2018 წლების მსოფლიო ჩემპიონატზე მიიღო.
დატოვე კომენტარი