ფინანსური ტექნოლოგიები განათლებაში - ედუფეი

ფინანსური ტექნოლოგიები განათლებაში - ედუფეი

გიორგი ხაჩიძემ, ალექსანდრე ჩოგოვაძემ და კრისტოფერ გვენეტაძემ სურვილი, სასწავლებლებისთვის გადასახადის მიღება გაემარტივებინათ, წარმატებულ ბიზნესად აქციეს. მათმა სტარტაპმა „ედუფეიმ“ დაფინანსების პირველ რაუნდში 300,000 ლარი მოიზიდა და უკვე საქართველოს 300 სასწავლებლის მიღმა, მსოფლიო ბაზრისკენ იხედება.

2021 წელს ქართულ სტარტაპ-ეკოსისტემას ახალი წევრი – „ედუფეი“ შეემატა. სამი ადამიანისგან შემდგარმა გუნდმა პანდემიურ გამოწვევებთან მეტ-ნაკლებად ადაპტირებულ საგანმანათლებლო სფეროში გადახდების პროცესის გამარტივება განიზრახა. განათლება ის სფეროა, სადაც ტექნოლოგიების დანერგვა ყოველთვის განსაკუთრებულ სირთულეებს და ბიუროკრატიულ ბარიერებს აწყდება. მიუხედავად ამისა, ბაზარზე გამოჩენიდან მოკლე დროში, „ედუფეიმ“ საქართველოს კერძო სკოლებში, უნივერსიტეტებსა და სხვა ტიპის სასწავლო დაწესებულებებში ფინტექმიმართულების აქტიურად დანერგვა დაიწყო.

„საქართველო ჩვენთვის საპილოტე ბაზარია. კარგი შემოსავლის მიღება აქაც შეიძლება, რადგან კონკურენტი არ გვყავს. თანაც, სასწავლებლების პრივატიზაცია მაღალია და კიდევ უფრო იზრდება. თუმცა ჩვენ უფრო დიდ პოტენციალს გლობალურად ვხედავთ“, – მიყვებიან კომპანიაში, რომლის დამფუძნებლებმა – გიორგი ხაჩიძემ, ალექსანდრე ჩოგოვაძემ და კრისტოფერ გვენეტაძემ ტექნოლოგიური, ფინანსური და განათლების სფეროში საკონსულტაციო გამოცდილებები გააერთიანეს და 2020 წელს დაბადებული იდეის გაღვივება დაიწყეს, რათა სწავლის გადასახადების მენეჯმენტის ახალი სტანდარტი შეექმნათ.

დამფუძნებლებს მეც პანდემიური ინტერვიუების ახალი სტანდარტით, ვიდეოკონფერენციით დავუკავშირდი და შევეცადე, მათი სერვისის ანი და ჰოე შემეცნო.

სტარტაპი სწავლისთვის გადახდის პროცესის გამარტივებას ცდილობს მოსწავლისთვის, ხოლო სასწავლებლისთვის – გადასახადის ადმინისტრირების. ადრე სასწავლებლების თანამშრომლებს მომხმარებლებისთვის სწავლის გადასახადის შეხსენება სატელეფონო ზარით უწევდათ, „ედუფეის“ პლატფორმა კი ამას ავტომატურად, SMS- და EMAIL-შეტყობინებების გაგზავნით ახერხებს. გარდა ამისა, „ედუფეი“ მშობელსა და სტუდენტს სასწავლებლის სახელით მიმართავს და ატყობინებს გადახდის თარიღს, თანხის ოდენობასა და ავტომატურად უგენერირებს ინვოისს, რომელიც ბმულის სახით მიჰყვება შეტყობინებას. ვებპლატფორმის სამართავი პანელი იურიდიული პირების ბანკებთანაა ინტეგრირებული, რაც შესაძლებელს ხდის, ჩარიცხვის იდენტიფიცირების დრო 5 წუთიდან რამდენიმე წამამდე შემცირდეს.

საქართველოში 2021-2022 სასწავლო წლების მდგომარეობით, 222 კერძო სკოლა ფუნქციონირებს, რომლებშიც დაახლოებით 60,000 მოსწავლე სწავლობს. რაც შეეხება უნივერსიტეტებს, გასული სასწავლო წლის მონაცემებით, ქვეყანაში 19 სახელმწიფო და 45 კერძო უმაღლესი სასწავლებელია, სადაც ჯამში 157 000-ზე მეტი სტუდენტი სწავლობს. ამას ემატება პროფესიული სასწავლებლები და სხვა ტიპის სასწავლო დაწესებულებებიც, მაგალითად, ენების კურსების ცენტრი, სპორტული სასწავლო პროგრამები და სხვა. გამოდის, ჯამში „ედუფეის“ სამიზნე მხოლოდ საქართველოში 300-მდე სკოლა და უნივერსიტეტია, რასაც ემატება სხვა ტიპის სასწავლო დაწესებულებები და პროგრამები, რომელთა სტუდენტებსა და მოსწავლეებს სწავლის საფასურის ყოველთვიურად ან ყოველწლიურად გადახდა უწევთ. „ედუფეი“ სწორედ ამ პროცესის გამარტივებისთვის შეიქმნა.

„მანამ, ვიდრე „ედუფეის“ იდეა გამიჩნდებოდა, განათლების მიმართულებით საკონსულტაციო კომპანიაში ვმუშაობდი და ვხედავდი, რომ „საგადასახადო ბიუროკრატია“ სერიოზული პრობლემა იყო საგანმანათლებლო დაწესებულებებისთვის“, – გვიყვება გიორგი ხაჩიძე.

გიორგი სასწავლო დაწესებულებებში საფასურის გადახდის პროცესის გამარტივების იდეით ჯერ კრისტოფერს დაუკავშირდა, შემდეგ კი პროცესში ალექსანდრეც ჩაერთო და გუნდიც შეიკრა. მათ თავიდანვე იცოდნენ, რომ ტექნოლოგიური გადაწყვეტილებებით არც ისე განებივრებულ ქართულ საგანმანათლებლო ბაზარზე ინოვაციას ნერგავდნენ და შემართებაც შესაბამისი იყო. პირველივე საინვესტიციო რაუნდში მათ 300,000 ლარის კერძო ინვესტიცია მოიზიდეს. ინვესტორი ამერიკის მოქალაქე იყო, რომელმაც სტარტაპის პერსპექტივა „სილიკონ-ველის“ ქვეყნიდან დაინახა.

„ეს თანხა მთლიანად ვებპლატფორმის ამუშავებას მოვახმარეთ. მაქსიმალურად ვზოგავდით თანხებს. მაგალითად, თავად პლატფორმა ჩემმა დამ შეგვიქმნა, რომელსაც ამ კუთხით გამოცდილება აქვს“, – ამბობს გიორგი ხაჩიძე.

წარმატებამ არ დაახანა. „ედუფეი“ მისიას – გაუმარტივოს სასწავლებლებს გადასახადის მიღების პროცესი, ეტაპობრივად უფრო და უფრო წარმატებით ასრულებს. ამატებს ახალ ფუნქციებს და ცდილობს, მოერგოს ყველა ტიპის ჩვევების მქონე გადამხდელს. ვებპლატფორმა სასწავლებლებს თანხის მიღებას არა მარტო საკუთარი ვებგვერდიდან, არამედ ნებისმიერი საბანკო არხიდანაც სთავაზობს. ამასთან, სურვილის შემთხვევაში, შესაძლებელია სასწავლებლის დამატება ნებისმიერი ბანკის მობაილ- ან ინტერნეტბანკსა თუ ჩასარიცხ აპარატებში.

„ამგვარად გადამხდელები საფასურის დაფარვას ზუსტად იმავე საკომისიოს გადახდით შეძლებენ, რასაც საბანკო გადარიცხვის განხორციელებისას იხდიდნენ“, – ამბობს გიორგი.

თუმცა გუნდში აღიარებენ, რომ სასწავლებლების დარწმუნება გამოწვევაა, ვინაიდან მათთვის ეს პირველი გამოცდილებაა და კითხვებიც ბევრია: „გადაწყვეტილების მიღება ამ სექტორს უჭირს, გამომდინარე იქიდან, რომ ტექნოლოგიების მიმართ არცთუ ადაპტირებული არიან, ჩვენ ამ მიმართულებითაც გვიწევს აქტიურად მუშაობა“.

„ედუფეის“ განვითარება მომხმარებელთან კომუნიკაციის საფუძველზე და მის პარალელურად მიმდინარეობს. ვებპლატფორმის შემქმნელები მომხმარებლებისგან უკუკავშირს და რჩევებსაც ყოველდღიურ რეჟიმში იღებენ.

„საინტერესო მოსაზრებები და იდეები აქვთ ფუნქციონალთან დაკავშირებით“, – საუბარში ერთვება „ედუფეის“ კიდევ ერთი დამფუძნებელი ალექსანდრე ჩოგოვაძე, რომელიც კომპანიის ტექნოლოგიურ განვითარებასა და უსაფრთხოებაზე ზრუნავს.

გამომდინარე იქიდან, რომ მსგავსი პლატფორმები მოსწავლეების, სტუდენტების, მშობლების, სასწავლებლების პირად მონაცემებს და საბანკო ანგარიშების შესახებ ინფორმაციას ინახავს, „ედუფეისთვის“ ტექნოლოგიური უსაფრთხოების უზრუნველყოფა უმთავრესი პრიორიტეტია.

„ჩვენი სერვერები განთავსებულია „ამაზონის“ ვებსერვერზე, რაც იმის გარანტიას გვაძლევს, რომ მონაცემები დაცული იქნება. ამასთან, პლატფორმა სასწავლებლის მიერ სამართავ პანელში რეგისტრირებულ მოსწავლეებს/სტუდენტებს უნიკალურ ID-კოდებს ანიჭებს. ამით კი უფრო დაცულია მათი მონაცემები“, – ამბობს ალექსანდრე ჩოგოვაძე, რომელმაც ამ კუთხით მრავალწლიანი გამოცდილება PULSAR AI-ში დააგროვა.

„ედუფეის“ პლატფორმა სულ რამდენიმე თვეა, ამოქმედდა. მის ანგარიშზე 10-მდე სასწავლო დაწესებულებაა, დაახლოებით ერთ თვეში ამ რიცხვის გაორმაგებას ელოდებიან, ხოლო წლის ბოლოსთვის სტარტაპი სხვა ბაზრების ათვისებასაც გეგმავს.

„ედუფეი მხოლოდ ქართულ ბაზარზე გათვლილი პლატფორმა არ არის. მისი პერსპექტივები ბევრად დიდია როგორც ევროპაში, აფრიკასა თუ საამიროებში, ისე ამერიკაში, სადაც კონკურენტები გვყავს, თუმცა ანალიზის შედეგად აღმოვაჩინეთ, რომ არც ისე განვითარებულია იქ სწავლის საფასურის აღრიცხვისა და გადახდის პროცესი“, – აღნიშნავს „ედუფეის“ მესამე დამფუძნებელი კრისტოფერ გვენეტაძე, რომელიც გერმანიაში, ერთ-ერთ საფინანსო ინსტიტუტში მუშაობს.

ჩანს, 2022 წელი „ედუფეისთვის“ გარდამტეხი იქნება. სტარტაპის გუნდი აფრიკაში ერთ-ერთი ევროპული სკოლის სამართავ პროგრამასთან ერთად საპილოტე პროექტის გაშვებას აპირებს და მოლაპარაკებებს აწარმოებს ბალტიისპირეთის რამდენიმე საგანმანათლებლო პროგრამასთანაც. გაფართოებაზე მუშაობის პარალელურად, სერვისს მეტი სასარგებლო სიახლე ემატება.

„ედუფეი საქართველოში დარჩენას არ აპირებს“, – ამბობს გიორგი.

„ძალიან შორს ვიხედებით, საკუთარ შესაძლებლობებში დარწმუნებული ვართ“, – აგრძელებს კრისტოფერი.

„2022 წლის ბოლოს კვლავ Forbes Georgia-სთან შევაჯამებთ შედეგებს და ამაში დარწმუნდებით“, – ამატებს ალექსანდრე.

„შევაჯამოთ“ – ვპირდები მე.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *