რუსეთ-უკრაინის ომის ფონზე, ფინეთის პარლამენტში ქვეყნის NATO-ში გაწევრიანების საკითხის განხილვა დაიწყეს – როგორც ირკვევა, თუკი პარლამენტი ქვეყნის ჩრდილო-ატლანტიკურ სამხედრო ალიანსში გაწევრიანებას საჭიროდ ჩათვლის, ინიციატივას მხარს პრემიერ-მინისტრ სანა მარინის სოციალ-დემოკრატიული პარტიაც დაუჭერს.
„ნათელია, რომ რუსეთის ქმედებებმა ფინეთი რამდენიმე ნაბიჯით დააახლოვეს სამხედრო პოზიციის დაფიქსირების აუცილებლობასთან“, – განაცხადა სოციალ-დემოკრატების საპარლამენტო ფრაქციის ლიდერმა, ანტი ლინდტმანმა. „მზად ვართ მივიღოთ ის გადაწყვეტილება, რომელიც ფინელების უსაფრთხოებას ყველაზე კარგად უზრუნველყოფს“.
აღსანიშნავია, რომ სამხედრო კუთხით ისტორიულად ნეიტრალურ ფინეთსა და შვედეთში NATO-ში გაწევრიანების საკითხი საზოგადოების დღის წესრიგში რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის შემდეგ დადგა. თუმცა, ამ პოზიციას არ იზიარებს რუსეთის ფედერაცია – ყოფილი პრეზიდენტის, დმიტრი მედვედევის თქმით, ალიანსში ამ ქვეყნების შეყვანა NATO-ს დიდი ხანია რაც სურს და ბოლოდროინდელი მოვლენები უკრაინაში მიმდინარე ომს არ უკავშირდება.
აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ ფინეთისა და შვედეთის მიერ NATO-ში გაწევრიანების საკითხის განხილვის ფონზე, რუსეთი ორთავე ქვეყანას არაერთხელ დაემუქრა: „ფინეთის ყურეში ჩვენი სახმელეთო და ჰაერსაწინააღმდეგო სისტემების გაძლიერება და ფლოტის საგრძნობლად გაზრდა მოგვიწევს“, – დაწერა მედვედევმა ტელეგრამზე. „[ფინეთისა და შვედეთის NATO-ში გაწევრიანების] შემთხვევაში, ბალტიისპირეთის არაბირთვულ სტატუსზე საუბარი ვეღარ იქნება“, – განაცხადა დმიტრი მედვედევმა. მსგავსი განცხადება გააკეთა რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრის პრეს-სპიკერმა, მარია ზახაროვამ – მისი თქმით, რუსეთმა ეს ქვეყნები ყველანაირად გააფრთხილა, მათ შორის საჯაროდ და მოკავშირეების გავლით.
რაც შეეხება შვედეთისა და ფინეთის NATO-ში გაწევრიანების ოფიციალურ მოთხოვნას, მას, სავარაუდოდ, ივნისში უნდა ველოდოთ.
დატოვე კომენტარი