როგორც ირკვევა, ფინეთის პრეზიდენტი, საული ნიინისტო და შვედეთის პრემიერ-მინისტრი, მაგდალენა ანდერსონი თურქეთის პრეზიდენტს, რეჯეფ თაიფ ერდოღანს მადრიდში NATO-ს ხელმძღვანელთან, იენს სტოლტენბერგთან ერთად შეხვდებიან, რათა ის თავიანთი ქვეყნების ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანების აუცილებლობაში დაარწმუნონ, – ამის შესახებ Bloomberg-ი ფინეთის პრეზიდენტის ტვიტზე დაყრდნობით წერს. აღსანიშნავია, რომ ამ შეხვედრამდე ცოტა ხნით ადრე, ბრიუსელში, NATO-ს შტაბ-ბინაში ალიანსის წევრი სახელმწიფოების სამიტი გაიმართება.
ფინეთმა და შვედეთმა NATO-ში გაწევრიანების მოთხოვნა ალიანსს მაისში გაუგზავნეს, მაგრამ სკანდინავიური ქვეყნების ალიანსში გაწევრიანებას რეჯეფ თაიფ ერდოღანმა მალევე ირიბი ვეტო დაადო. საკუთარი გადაწყვეტილება ერდოღანმა იმით ახსნა, რომ ფინეთი და შვედეთი ქურთ სამხედროებსა და სხვა ისეთ დაჯგუფებებს უცხადებენ მხარდაჭერას, რომლებიც თურქეთში ტერორისტულ ორგანიზაციებად არიან მიჩნეულნი.
შეგახსენებთ, რომ NATO-ში ახალი სახელმწიფოს გაწევრიანებისთვის ალიანსის წევრი ოცდაათივე სახელმწიფოს თანხმობა არის საჭირო, რაც რეჯეფ თაიფ ერდოღანს ვეტოს გამოყენების საშუალებას აძლევს. თურქეთის პრეზიდენტის პოზიცია იმდენად მყარია, რომ მან ფინეთსა და შვედეთს ამ თემაზე მოლაპარაკებების დაწყების საშუალებაც კი არ მისცა.
როგორც უკვე აღინიშნა, NATO-ს წევრი სახელმწიფოების ლიდერები ალიანსის განვითარების სამომავლო სტრატეგიის განსახილველად ამ კვირაში მადრიდში შეიკრიბებიან. თუმცა, როგორც ჩანს, ფინეთ-შვედეთსა და თურქეთს შორის არსებული დაპირისპირება მადრიდის ამ სამიტზე არ გადაწყდება.
დატოვე კომენტარი