სიკვდილიანობის შემცირებასა და პენსიონერთა რაოდენობის ზრდას პრემიერ-მინისტრი მთავრობის ერთ-ერთ მიღწევად მიიჩნევს. მიმდინარე წლის 27 ოქტომბერს ირაკლი ღარიბაშვილმა საზოგადოებას მთავრობის ბოლო ორი წლის ანგარიში გააცნო: „ოცი წლის განმავლობაში ქვეყანაში წელს პირველად შემცირდა სიკვდილიანობა, რატომღაც არავინ არ მიაქცია ამას ყურადღება. პირველად ოცი წლის განმავლობაში გაიზარდა პენსიონერთა რიცხვი. ეს არის სახელმწიფო პოლიტიკის შედეგი“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა. თუმცა ოფიციალური სტატისტიკა პრემიერ-მინისტრის განცხადებას არ ადასტურებს.
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ოფიციალური მონაცემებით, 2013 წელს გარდაცვალების 48 553 შემთხვევა დაფიქსირდა. 2012 წელთან შედარებით გარდაცვლილთა რაოდენობა 1,6%-ით შემცირდა. რაოდენობრივად, 795-ით ნაკლები გარდაცვალების ფაქტი დაფიქსირდა, რაც იმაზე მიუთითებს, რომ 2013 წელს სიკვდილიანობის მნიშვნელოვანი შემცირება არ დაფიქირებულა. ამასთან, ბოლო 20 წლის განმავლობაში ეს ნამდვილად არ ყოფილა პირველი შემთხვევა. სიკვდილიანობა შემცირდა 2012 წელსაც. ასევე, გარდაცვლილთა რაოდენობის კლება დაფიქსირდა 2005, 2006, 2007 წლებში.
რაც შეეხება გარდაცვალების კოეფიციენტს, ანუ 1000 მოსახლეზე გარდაცვლილთა საერთო რაოდენობას, 2013 წელს ეს მაჩვენებელი 10,8 იყო, ხოლო 2012 წელს – 11.
რაც შეეხება ასაკით პენსიონერთა რაოდენობის ზრდას, სოციალური მომსახურების სააგენტოს ოფიციალური მონაცემებით, მათი რაოდენობა 2005-2012 წლებში ყოველწლიურად იზრდებოდა. ზრდის ტენდენცია გაგრძელდა 2013-2014 წლებშიც. შესაბამისად, არც პენსიონერთა რაოდენობის ზრდა ყოფილა ოცი წლის განმავლობაში პირველი შემთხვევა.
პრემიერ-მინისტრმა სიკვდილიანობის შემცირებისა და პენსიონერთა რაოდენობის ზრდის მიზეზებზეც ისაუბრა. „ეს მოიტანა საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამამ, ეს მოიტანა თავისუფლებამ. როცა ბებიებს, ბაბუებს შვილიშვილს არ უჭერენ უკანონოდ, ნაკლებად მოუწევთ მათ ნერვიულობა, ნაკლები სტრესი აქვთ და ამას ემატება ის, რომ სახელმწიფო ზრუნავს მათზე“, – აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა. მკითხველმა თავად გადაწყვიტოს, ეს პრემიერ-მინისტრის სუბიექტური მოსაზრებაა თუ ფაქტი.
თუკი ყურადღებას მხოლოდ ფაქტებზე გავამახვილებთ, გამოჩნდება, რომ 2013 წელს გარდაცვლილთა რაოდენობა 65-69 და 75-79 ასაკობრივ ჯგუფებში გაიზარდა, ხოლო 70-74 და 80-84 ასაკობრივ ჯგუფებში შემცირდა. ჯამში 65-დან 84-წლამდე ასაკში გარდაცვლილთა რაოდენობა, 1234-ით შემცირდა, თუმცა აღნიშნულ ასაკობრივ ჯგუფში სიკვდილიანობა 2012 წელსაც შემცირდა. ამასთან, როგორც სტატისტიკა გვიჩვენებს, პენსიონერთა რაოდენობის ზრდის ტენდენცია ჯერ კიდევ 2007 წლიდან შეინიშნება.
რაც შეეხება სახელმწიფოს მხრიდან პენსიონერებზე ზრუნვას, ისინი დღემდე სარგებლობენ ჯანმრთელობის დაზღვევის იმ პაკეტით, რაც წინა მთავრობის მიერ 2012 წლის 7 მაისის N165 დადგენილების ფარგლებში განისაზღვრა. აქვე აღსანიშნავია, რომ 2013 წლის 1 სექტემბრიდან ასაკით პენსიონერების პენსია 150 ლარამდე გაიზარდა, თუმცა პარლამენტში წინა მთავრობის მიერ წარდგენილი 2013 წლის ბიუჯეტის პროექტის თანახმად, საპენსიო პაკეტი 100 დოლარის ეკვივალენტამდე უნდა გაზრდილიყო. 2014 წელს პენსია არ გაზრდილა, 2015 წელს კი, ბიუჯეტის პროექტის თანახმად, პენსია მომავალი წლის სექტემბრიდან მხოლოდ 10 ლარით გაიზრდება.
დასკვნის სახით შეგვიძლია ვთქვათ, რომ 2013 წელს გარდაცვლილთა რაოდენობა 1,6%-ით შემცირდა, თუმცა 20 წლის განმავლობაში ეს ნამდვილად არ ყოფილა სიკვდილიანობის შემცირების პირველი შემთხვევა. ამასთან, 2013 წელს მართალაც გაიზარდა პენსიონერთა რაოდენობა, თუმცა ზრდის ტენდენცია ჯერ კიდევ 2007 წლიდან შეინიშნებოდა.
(გამოქვეყნებულია Forbes Georgia-ს დეკემბრის ნომერში).
დატოვე კომენტარი