შვედეთის სამეფო მეცნიერებათა აკადემიამ ფიზიკის დარგში მიმდინარე წლის ნობელის პრემიის ლაურეატები დაასახელა. მათ შორის მოხვდნენ: აშშ-ის პრინსტონის უნივერსიტეტში მომუშავე მეტეოროლოგი და კლიმატოლოგი სიუკურო მანაბე, გერმანიაში მდებარე მაქს პლანკის სახელობის ინსტიტუტში მოღვაწე ოკეანოგრაფი კლაუს ჰასელმანი და იტალიის დედაქალაქ რომში განლაგებულ საპიენცის უნივერსიტეტში მომუშავე ჯორჯო პარიზი, რომელიც სამეცნიერო კვლევებს თეორიული ფიზიკის მიმართულებით ახორციელებს.
სიუკურო მანაბემ და კლაუს ჰასელმანმა ჯილდო დედამიწის კლიმატის ფიზიკური მოდელირებისთვის, მისი ცვლილების ტემპის გამოთვლისთვის, ასევე გლობალური დათბობის შესახებ სანდო პროგნოზების გაკეთებისთვის დაიმსახურეს. რაც შეეხება ჯორჯო პარიზის, მას ნობელის პრემიის ლაურეატის წოდება ფიზიკურ სისტემებში უწესრიგობასა და შემთხვევითობას შორის არსებული ურთიერთდამოკიდებულების დადგენისთვის მიენიჭა. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, აღნიშნული მიღწევებისთვის მეცნიერებს ფულადი ჯილდოს სახით საერთო ჯამში 10 მილიონი შვედური კრონა გადაეცემათ, რაც ამ დროისთვის 1 მილიონ აშშ დოლარს აჭარბებს. თანხის ნახევარს სიუკურო მანაბე და კლაუს ჰასელმანი გაინაწილებენ, მეორე ნახევარს კი ჯორჯო პარიზი მიიღებს.
შეგახსენებთ, რომ გასულ წელს ფიზიკის დარგში ნობელის პრემიის ლაურეატად ასევე სამი მეცნიერი – ანდრეა გეზი, რაინჰარდ გენცელი და როჯერ პენროუსი – დასახელდა. ამ უკანასკნელმა ჯილდო შავი ხვრელების ფორმირებასა და ფარდობითობის ზოგად თეორიას შორის გარკვეული კავშირის დადგენისთვის დაიმსახურა. რაც შეეხება ანდრეა გეზსა და რაინჰარდ გენცელს, მათ ნობელის პრემია ირმის ნახტომის გალაქტიკაში სუპერმასიური კომპაქტური ობიექტის აღმოჩენისთვის მიენიჭათ.
აღსანიშნავია, რომ ფიზიკის დარგში ნობელის პრემია 1901 წლიდან გაიცემა. ეს ჯილდო დღემდე 115-მა მეცნიერმა მიიღო. მიმდინარე წლის ნობელის პრემიის ლაურეატები სხვადასხვა დარგში 4-დან 11 ოქტომბრამდე დასახელდებიან. ჯილდო უკვე გადაეცათ ფიზიოლოგიისა და მედიცინის სფეროში მოღვაწე სპეციალისტებს. ამ დარგში ნობელის ლაურეატები ამერიკელი ფიზიოლოგი დევიდ ჯულიუსი და ამავე ქვეყანაში მოღვაწე, მოლეკულური და ნეირობიოლოგიის სპეციალისტი არდემ პატაპუტიანი გახდნენ.
დატოვე კომენტარი