ფლორიდის გუბერნატორმა რონ დესანტისმა ხელი მოაწერა კანონპროექტს, რომელიც 14 წლამდე პირებისთვის სოციალური მედიის ანგარიშების ფლობას კრძალავს. მსგავსი კანონპროექტის დამტკიცება სხვა შტატებმაც არაერთხელ სცადეს, თუმცა მათი მოთხოვნა სასამართლოში იქნა გასაჩივრებული.
ფლორიდის კანონმდებლობით, 14-15 წლის პირებისთვის ისეთ კომპანიებში ანგარიშების გახსნისთვის, როგორიცაა Meta Platforms-ი და TikTok-ი, მშობლების თანხმობა იქნება საჭირო. 15 წელს ზემოთ ასაკის პირებისთვის შტატში შეზღუდვები არ დაწესებულა, თუმცა სოციალური მედიის ყველა მომხმარებელი ვალდებული იქნება, შეავსოს საიდენტიფიკაციო დოკუმენტი, მათი ასაკის შესამოწმებლად. დესანტისის განცხადებით, სოციალური მედია სხვადასხვა გზით ზიანს აყენებს არასრულწლოვნებს, ხოლო House Bill 3-ის კანონპროექტი მშობლებს თავიანთი შვილების დაცვის საშუალებას აძლევს.
სოციალურ მედიაზე მსგავსი ტიპის შეზღუდვების დაწესება აქამდეც არაერთმა შტატმა სცადა. თუმცა მათი მცდელობები ძირითადად სამართლებრივი დაპირისპირების საგანი ხდებოდა. მათ შორის იყო კანონპროექტი არკანზასსა და ოჰაიოში, რომელიც სოცქსელების შესაქმნელად მშობლების ნებართვას ითხოვდა და ასევე კალიფორნიის ბავშვთა ციფრული კონფიდენციალურობის კანონი. შეზღუდვების მომხრეები სოციალური მედიის კომპანიებს სექსუალური შინაარსის კონტენტის გავრცელებასა და არასრულწლოვანების ფსიქიკური ჯანმრთელობისთვის ზიანის მიყენებაში ადანაშაულებენ.
Netchoice-ის ლობისტურმა ჯგუფმა, რომელიც მოიცავს Meta-ს, TikTok-სა და Alphabet-ის Google-ს, დესანტისის კანონპროექტზე ვეტოს დადება მოითხოვა. ჯგუფის მტკიცებით, შეზღუდვა არაკონსტიტუციურია და შტატის მოსახლეობის დაცვისთვისაც არაეფექტიანი მიდგომაა. Meta-ს განცხადებით, კომპანია ტინეიჯერ მომხმარებლებთან დაკავშირებული ეროვნული კანონმდებლობის მომხრეა, თუმცა არა ცალკეული შტატების მიერ მიღებული შეზღუდვების.