ევროკომისიის პრეზიდენტის, ურსულა ფონ დერ ლაიენის განცხადებით, ის აღნიშნული თანამდებობის მეორე ვადით დაკავებას შეეცდება. ცნობისთვის, ეს ვადა ხუთი წლით არის განსაზღვრული.
ფონ დერ ლაიენმა გადაწყვეტილების შესახებ საზოგადოებას თავის პარტიასთან, გერმანიის ქრისტიან-დემოკრატიულ კავშირთან (CDU) შეხვედრის შემდეგ აცნობა. პარტიის წევრებმა ევროკომისიის პრეზიდენტის წინადადებას მხარი ერთხმად დაუჭირეს.
„დღეს მსოფლიო სრულიად განსხვავებულია, ვიდრე 2019 წელს იყო. ჩვენ ერთად ბევრი რამ გამოვიარეთ ბოლო ხუთი წლის განმავლობაში და ვფიქრობ, რომ იმაზე მეტს მივაღწიეთ, ვიდრე ოდესმე წარმოვიდგენდით“, – განაცხადა მან. „ამ ხუთ წელიწადში გაიზარდა არამხოლოდ ჩემი გრძნობა ევროპისადმი, არამედ, რა თქმა უნდა, ჩემი გამოცდილებაც იმის შესახებ, თუ რამდენს შეუძლია მიაღწიოს მან საკუთარი ხალხისთვის“, – დასძინა ევროკომისიის პრეზიდენტმა.
ფონ დერ ლაიენის კანდიდატურას მარტის დასაწყისში ევროპის სახალხო პარტიის (EPP) ყოველწლიურ ყრილობაზე აკლამაციით დაადასტურებენ. EPP-მა შიდა განაცხადების წარდგენის ბოლო ვადად 21 თებერვალი დაადგინა.
შეგახსენებთ, ამერიკულმა Forbes-მა მსოფლიოს ყველაზე გავლენიანი ასი ქალის სიის ლიდერად 2023 წელს სწორედ ურსულა ფონ დერ ლაიენი დაასახელა. ევროკომისიის პრეზიდენტი 2022 წლის სიაშიც პირველ ადგილზე იყო წარმოდგენილი.