Frankfurt Messe ყოველწლიურ AMBIENTE-ს უმასპინძლებს. 12-16 თებერვალს, ფრანკფურტში, საყოფაცხოვრებო და სამომხმარებლო ინდუსტრიის უმთავრესი ტენდენციები განისაზღვრება.
ანტრეპრენიორული რუკა ზედმიწევნით არ ემთხვევა გეოგრაფიულს. ბიზნესს საკუთარი ატლასი აქვს – სხვა მასშტაბებით, გრადუსთა ბადით, ტოპონიმიკით. თითოეულ კომერციულ საქმეს საკუთარი დედაქალაქი გააჩნია, ამ დედაქალაქებს კი თავიანთი განსხვავებული რიტუალები, ტრადიციები და დღესასწაულები ახასიათებთ. საყოფაცხოვრებო საქონლის ინდუსტრიის დედაქალაქი უდავოდ ფრანკფურტია, ახალი წლის დაწყების საყოველთაო დღესასწაული კი AMBIENTE.
თებერვალში, ახალი ბიზნესწლის დასაწყისში, სექტორისთვის უმთავრეს გადაწყვეტილებათა მიმღებნი და ათასობით ადამიანი სწორედ ამ მეგაგამოფენაზე იყრიან თავს, რათა დიზაინერული და სერიული პროდუქტების ასორტიმენტით მომავალი წლის ტენდენციები განისაზღვროს. საყოფაცხოვრებო და სამომხმარებლო საქონლის ინდუსტრიისთვის ფრანკფურტის AMBIENTE იგივეა, რაც მოდის ინდუსტრიისთვის Paris Fashion Week-ი… და შეიძლება ცოტა უფრო მეტიც.
ეს მასშტაბური სავაჭრო შოუ, რომლის ორგანიზატორიც Messe Frankfurt-ის გუნდია, 1990 წლიდან იღებს სათავეს. ბოლო ღონისძიება 12-დან 16 თებერვლის მონაკვეთში ჩაინიშნა და თუკი სასადილო, სამზარეულო, საყოფაცხოვრებო, ან სახლის დეკორატიული ნივთები თქვენთვის უფრო მეტია, ვიდრე გამოყენებადი ატრიბუტიკა, AMBIENTE-ს გამოტოვება, უბრალოდ, არ ღირს.
4.5 ათასზე მეტმა წარმდგენმა პირმა და კომპანიამ იზრუნა, რომ თქვენ და 140 ათასამდე სხვა დამთვალიერებელმა ვერ მოიწყინოთ: სეზონური დეკორაციის, საგარეო და საშინაო ავეჯის, სახლის, ბაღის, აბაზანის, პერსონალური თუ სასაჩუქრე აქსესუარებისა და საყოფაცხოვრებო ტექნიკის უსასრულო სპექტრის გარდა, გამოფენაზე გადაეყრებით დაჯილდოების ცერემონიებსა და დემონსტრაციებს, რომლებიც მომავალ წელს უდიდეს გავლენას მოახდენენ ბაზარზე.
სავაჭრო და საგამოფენო სივრცე ოპტიმალურადაა ორგანიზებული, რათა დამთვალიერებლებს საშუალება მიეცეთ, გზა გაიკვლიონ უახლეს დიზაინერულ ტრენდებსა და ინოვაციებს შორის. გარემო მულტიკულტურულია – გასული წლის გამოფენაზე საკუთარი პროდუქტი 90-მდე ქვეყნის წარმომადგენელმა გამოიტანა.
წლევანდელ გამოფენას ორმაგად მიმზიდველს ხდის შემდეგი ფაქტი: დანიის, საფრანგეთის, იაპონიისა და აშშ-ის კვალდაკვალ, წელს AMBIENTE-ს პარტნიორი ქვეყანა იტალიაა. ეს ნამდვილად სულ სხვა ოპერაა. Alessi, Bialetti, Dialma Brown-ი, Ghidini Cipriano, Guzzini, Millefiori, RCR Cristalleria Italiana, Rino Greggio Argenterie, Tescoma, Tognana Porcellane – აი, არასრული ჩამონათვალი იმ 400 კომპანიისა, რომლებიც სავაჭრო შოუს ყველა სექციას მოედებიან. მიზიდულობის ცენტრი სპეციალური გამოფენა Dolce Vita იქნება, რომელიც სახელდახელოდ შერჩეულ პროდუქტებს წარადგენს. საამისოდ კურატორის ფუნქცია ჟანრის კლასიკოსმა, დიზაინერმა პაოლა ნავონემ შეითავსა.
სხვადასხვა თემაზე ფოკუსირებული მრავალი სახის ღონისძიება AMBIENTE-ს იდეალურ ადგილად აქცევს შეხვედრებისთვის. მსოფლიოს უდიდესი გამოფენა ახალი შეთანხმებების მიღწევის ცენტრალური სცენაა ამ ინდუსტრიისთვის – იდეალური პლატფორმა, რომელიც ბიზნესს, მომხმარებელს, იდეებსა და წარმატებას ერთ სივრცეში უყრის თავს.
თუმცა მოვრჩეთ მატერიალურზე ლაპარაკს. ამქვეყნად უფრო მნიშვნელოვანი რამეებიც არსებობს, რომლებიც შეგვძრავს, მოგონებებს გვიღვივებს, გვაკვირვებს თავისი ტრანსგრესიულობითა და პოეტურობით. მაგრამ, ისევ და ისევ, განა იტალიური დიზაინი სხვა რა არის? – ფორმისა და ფუნქციის იდეალური ბალანსი, რომელიც გვაიძულებს „გამოყენებითი ხელოვნების“ დაწერისას უხერხულად შევიშმუშნოთ და კურსორი „გამოყენებითისკენ“, თითი კი Delete-სკენ გაგვექცეს. იტალიური სტილის გრძნობისა და გერმანული ორგანიზებულობის ნაზავს თამამად შეგვიძლია ვუწოდოთ ზებუნებრივი კოქტეილი. ნამდვილად სამწუხაროა, რომ მას ვერსად დავაგემოვნებთ, გარდა Frankfurt Messe-ში გამართული AMBIENTE-სი.
დატოვე კომენტარი