ფრანგული სასურსათო კომპანია Danone-ი €1-მილიარდიანი ჩამოწერით რუსეთის ბაზრის დატოვებას აანონსებს, რაც უკანასკნელ პერიოდში, ქვეყნიდან გლობალური კომპანიის ყველაზე ძვირად ღირებულ გასვლად შეიძლება შეფასდეს.
როგორც ცნობილია, გარიგების ფარგლებში, კომპანია რუსეთში რძის პროდუქტების ბიზნესს დათმობს. Danone-მა მის მიერვე გამოქვეყნებულ განცხადებაში, გადაწყვეტილებას ადგილობრივი გრძელვადიანი ბიზნესის უწყვეტობისთვის საუკეთესო ვარიანტი უწოდა და დასძინა, რომ რუსულმა ერთეულმა, მიმდინარე წლის პირველ ცხრა თვეში, ჯგუფის წმინდა გაყიდვების დაახლოებით 5% შეადგინა.
ამ ეტაპისთვის უცნობია, თუ ვის გადასცემს Danone-ი მის „ძირითად რძის და მცენარეული პროდუქტების“ (EDP) ერთეულზე კონტროლს. ფრანგული სასურსათო კომპანიის განცხადებით, ტრანზაქცია მარეგულირებლის დამტკიცებას ექვემდებარება და დასრულების შემთხვევაში მისი ანგარიშებიდან EDP-ბიზნესის გამოყოფას გამოიწვევს.
ცნობისთვის, უკრაინაში ომის დაწყებიდან საკმაოდ მალევე, Danone-მა განცხადება გაავრცელა, რომლის თანახმადაც, მისი ადგილობრივი ბიზნესის მომავალთან დაკავშირებით ყველა ვარიანტის განხილვა მიმდინარეობდა.
Danone-ის განცხადება უკვე მეორე შემთხვევაა მიმდინარე კვირაში, როდესაც მსხვილი დასავლური კომპანია რუსეთის ბაზარს ტოვებს. შეგახსენებთ, რომ ავტომწარმოებელმა Nissan-მა კომპანიის აქტივები სიმბოლურ ფასად, ერთ რუბლად მიჰყიდა სახელმწიფოს და დაახლოებით $687-მილიონიანი ზარალის მიუხედავად რუსეთის ბაზრიდან გავიდა.
დატოვე კომენტარი