დღეს გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ფრანგულმა ავტომწარმოებელმა, Renault-მა რუსეთში არსებული საკუთარი აქტივები რუსეთის მთავრობას მიჰყიდა. აღნიშნული მოვლენა რუსეთის მიერ დასავლური კომპანიის რუსული აქტივების ნაციონალიზაციის პირველი მსხვილი ფაქტი გახლავთ მას შემდეგ, რაც მოსკოვი ქვეყნიდან გასულ კომპანიებს დასჯით დაემუქრა.
უფრო კონკრეტულად, Renault-ი მისი რუსული აქტივების მთლიან წილს მფლობელობაში მოსკოვს გადასცემს. გარდა ამისა, რუსულ ავტომწარმოებელ Avtovaz-ში არსებულ 68%-იან წილს მთავრობის მიერ მხარდაჭერილ სამეცნიერო ინსტიტუტს, NAMI-ს მიჰყიდის.
შეთანხმების თანახმად, ფრანგულ ავტომწარმოებელს 6 წლის ვადაში Avtovaz-ის აქციების უკან გამოსყიდვის უფლება შეუნარჩუნდება. ცნობისათვის, Avtovaz-ი საბჭოთა Lada-ს მოდელის ავტომობილების მწარმოებელი კომპანიაა. აღნიშნული შეთანხმება კი თებერვალში რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ დასავლური კომპანიის აქციების ნაციონალიზაციის პირველი შემთხვევაა.
შეთანხმება მოსკოვში არსებულ Renault-ის ავტოსაწარმოსაც მოიაზრებს, რომელიც, მოსკოვის მერის, სერგეი სობიანინის განცხადებით, ქალაქის აქტივების სიას შეუერთდება და „მოსკვიჩის“ მარკის ავტომობილების წარმოებას განაგრძობს.
თავად Renault-ის აღმასრულებელი დირექტორის, ლუკა დე მეოს განცხადებით, აღნიშნული გადაწყვეტილების მიღება რთული, მაგრამ აუცილებელი იყო. მისი განმარტებით, კომპანიამ ამით მხედველობაში მიიღო რუსეთში დასაქმებული 45 000 თანამშრომელის ბედი. საინტერესოა, რომ შეთანხმების ფინანსური დეტალების შესახებ ინფორმაცია ჯერჯერობით არ გავრცელებულა.
დატოვე კომენტარი