პროგრესის მოწინააღმდეგე ექსტრემისტებს სიმართლე არასოდეს უშლით ხელს, იბრძოლონ თავიანთი მთავარი მიზნისთვის – შემოაბრუნონ საათის ისარი წარსულისკენ, როდესაც საკვების უკმარისობა და შიმშილიც კი ყოველდღიურობის ნაწილი იყო. დაუღალავი შეტევები გენმოდიფიცირებული ნაწარმისა თუ ორგანიზმების (გმ, გმო), ეგრეთ წოდებული ფრანკენსაკვების წინააღმდეგ, მათი დესტრუქციული, ფაქტების უგულებელმყოფელი მიდგომის ცხადი მაგალითია. გაფიქრებაც კი უსიამოვნოა, რამხელა უბედურებას მოუტანდა მსოფლიოს ეს ძალები, 1960-იანებშიც რომ ეარსებათ, როდესაც ნორმან ბორლაუგი სათავეში ჩაუდგა მწვანე რევოლუციად ცნობილ ტექნოლოგიურ გარღვევებს (ამ გარღვევების შედეგად, მკვეთრად გაიზარდა მოსავლიანობა, რაც განსაკუთრებით ინდოეთზე აისახა). მაშინ, პროგრესის წყალობით, მილიარდზე მეტი ადამიანი გადარჩა, რომლებიც სხვა შემთხვევაში, უბრალოდ, შიმშილით მოკვდებოდნენ. ბორლაუგმა თავისი მიღწევებისთვის ნობელის მშვიდობის პრემია მიიღო. დღეს მას დაგმობდნენ, როგორც ბუნების მტერ ტექნომონსტრს.
ტექნოლოგიის მოძულე მსოფლმხედველობის კიდევ ერთი მაგალითია აურზაური ფუტკრების გარშემო. ექსტრემისტი “გარემოსდამცველები” აკეთებენ ხმამაღალ განცხადებებს, რომ ფუტკრები, რომლებზეც ჩვენი ხილ-ბოსტნეულისა და ყვავილების დამტვერვაა დამოკიდებული, მძიმე საფრთხეში არიან. პანიკის დამთესავები ყვირიან, რომ აუცილებელია მთავრობის ჩარევა: კერძოდ, აგროქიმიკატების მთელი კლასის, ნეონიკოტინოიდების აკრძალვა. როგორც ხშირად ხდება ამ ლუდიტურ (ტექნოლოგიურ პროგრესთან ბრძოლის) ეპოქაში, ეს დაგმობილი პესტიციდები სინამდვილეში სიკეთის მომტანია: მათი წყალობით მნიშვნელოვნად იზრდება მოსავლიანობა, რაც მსოფლიო მოსახლეობისა და ცხოვრების სტანდარტების ზრდის პირობებში აუცილებელია. მეტიც, ისინი არც ადამიანებისთვისაა მავნე და არც ფუტკრებისთვის.
გამაყრუებელი ყიჟინა “ფუტკროკალიფსის” შესახებ ჩვეულებრივი ბოდვაა. უდიდესი საფრთხე ამ ფრთიანი არსებებისთვის მთავრობის ზედმეტი ჩარევაა.
სურათი ნათლადაა ნაჩვენები Forbes.com-ზე გამოქვეყნებულ პოსტში (“ის, რაც ფუტკრებს სინამდვილეში ემუქრება, უხეში რეგულაციებია” – “Rush Regulation Is What’s Really Threatening Honeybees”), რომელიც კონკურენტული მეწარმეობის ინსტიტუტის (Competitive Enterprise Institute) წარმომადგენლის, ენჯელა ლოგომასინის დეტალურ კვლევას ეყრდნობა.
ფუტკრების პოპულაციები. წინა ათწლეულების მანძილზე ფუტკრების რიცხოვნობა მსოფლიოს მასშტაბით იზრდებოდა. “ამერიკული და ევროპული კომერციული მეფუტკრეობა დიდწილად იმის გამო შემცირდა, რომ თაფლის წარმოება სხვა ქვეყნებზე გადანაწილდა, სადაც მეფუტკრეობის მასშტაბები მკვეთრად გაიზარდა”. არსებობდა გამოწვევები ფუტკრების ჯანმრთელობასთან დაკავშირებით, თუმცა ამერიკელმა და ევროპელმა მეფუტკრეებმა მათ ეფექტიანად უპასუხეს. მაგალითისთვის, გადარჩენის პროცენტული მაჩვენებლები ბოლო დროს უმჯებესდებოდა და ამჟამად ნორმასთან ახლოსაა.
ნეონიკოტინოიდები. ექსტრემისტების სამიზნედ ქცეული ეს პესტიციდები ბოროტმოქმედებასთან კი არა, გმირობასთან უნდა ასოცირდებოდეს. კაცობრიობას გაუმართლა, რომ ისინი არსებობენ – მათი წყალობით მინიმუმამდე დადის მცენარეების მოსხურებით შეწამვლის საჭიროება, რაც ფუტკრებისა და სხვა არასამიზნე არსებებისთვის უნებლიე ზიანის თითქმის გაქრობას ნიშნავს. “არ არსებობს რაიმე კანონზომიერება, რომელიც ნეონიკოტინოიდების გამოყენებასა და ფუტკრების ჯანმრთელობის პრობლემებს აკავშირებს, აღნიშნავს ლოგომასინი. ბევრ ადგილას, სადაც ეს ქიმიკატები ფართოდ გამოიყენება (მაგალითად, ავსტრალიაში) ფუტკრების ჯანმრთელობას არაფერი ემუქრება”.
ამის მიუხედავად, რეგულატორებს და, რა გასაკვირია, მათ შორის აშშ-ის გარემოს დაცვის სააგენტოსაც, ნეონიკოტინოიდების წინააღმდეგ ნამდვილი ომი აქვთ გაჩაღებული. ევროკავშირმა, როგორც ამ ტიპის დამღუპველი უვიცობის ბასტიონმა, ისინი გაურკვეველი ვადით საერთოდ აკრძალა.
პარალელურად გრძელდება შეტევა გენმოდიფიცირებული ორგანიზმების წინააღმდეგ. სწრაფი კვების ქსელმა Chipotle-მ ამას წინათ გამოაცხადა, რომ მის არც ერთ პროდუქტში არ იქნება გმო–ებისგან მიღებული ინგრედიენტები. ჰენრი მილერმა დემონსტრაციული “გმირობის” ეს მაგალითი Forbes.com-ზე გამოქვეყნებულ პოსტში (“Chipotle: ყველა დროის ყველაზე უცნაური სარესტორნო მენიუ” – “Chipotle: The Strangest Restaurant Menu Ever”) საფუძვლიანად გააცამტვერა.
ფერმერები და სელექციონერები ათასწლეულების მანძილზე არჩევდნენ და აჯვარებდნენ მცენარეებს სასურველი მახასიათებლების გასაძლიერებლად. სიმინდი უკიდურესად შეცვლილია შერჩევითი შეჯვარების გზით. პომიდორს, ხორბალსა და სხვა უამრავ საკვებ მცენარეს მსგავსი ისტორია აქვს.
სხვა გავრცელებული ტექნიკა მცენარეების ახალი ჯიშების გამოსაყვანად რადიაციული მუტაგენეზია, რომლის გამოყენებაც საუკუნეზე მეტი ხნის წინ დაიწყეს [შეგნებულად ვუსვამ ხაზს]. ეს ტექნიკა გულისხმობს მცენარეული თესლის რადიაციულ ნაკადში მოთავსებას, მათ დნმ-ზე ზემოქმედების გზით მუტანტების მისაღებად. მცენარეების ათასობით ჯიში – სალათის, სიმინდის, ბრინჯის, შვრიისა და გრეიპფრუტის პოპულარული ნაირსახეობების (რიოს ტკბილისა და რიოს ვარდისფერი ვარსკვლავის) ჩათვლით – რომლითაც რეგულარულად ვიკვებებით, სწორედ ამ გზით შეიქმნა.
თანამედროვე გენეტიკური ინჟინერიის ზოგიერთი მოწინააღმდეგე შემეკამათება, რომ “ტრადიციული”, მოლეკულურმეთოდიკამდელი მიდგომები მიღებული მცენარის გენომში “გარე” გენების ჩამატებას არ გულისხმობდა. ისინი ცდებიან.
მცენარეების სელექციონერები 1930-იანი წლებიდან მოყოლებული მიმართავდნენ ჰიბრიდიზაციას ეგრეთ წოდებული “ფართო შეჯვარებით”, რომლის დროსაც “უცხო” გენები დიდი რაოდენობით კვეთენ “შეჯვარების ბუნებრივ საზღვრებს”. ამ გზით მიიღებოდა მცენარეების სახეობები, რომლებიც ბუნებაში ვერ გაჩნდებოდა.
ფართო შეჯვარება და რადიაციული მუტაგენეზი “ბუნებასთან თამაშის” ბევრად რადიკალური მაგალითებია და ბევრად დიდ თანმხლებ გაურკვევლობას იწვევს მიღებულ ორგანიზმებთან დაკავშირებით, ვიდრე თანამედროვე მოლეკულური მეთოდები.
რას ამბობს ეს ყველაფერი Chipotle-ს დაპირებაზე (“გენეტიკური მოდიფიკაციის გარეშე”)? თუ ამ დაპირების ერთგულნი იქნებიან, საკუთარი მენიუ გარეული კენკრით, ნადირით, ტყეში მოკრეფილი სოკოებით, ბუნებაში დაჭერილი თევზითა და მოლუსკებით უნდა შეზღუდონ. თითქმის მთელი დანარჩენი საკვები ჩვენს რაციონში ამა თუ იმ გზით გენეტიკურად მოდიფიცირებული ორგანიზმებისგანაა მიღებული.
რაოდენ უკუღმართ მსოფლიოში ვცხოვრობთ ჩვენ დღეს, სადაც უვიცი, მაგრამ გავლენიანი ადამიანების ხმა ახშობს პროგრესის სწორედ იმ მიმართულებებს, რომლებსაც კაცობრიობის, განსაკუთრებით კი ღარიბთა და არასაკმარისი საკვების მქონეთა ცხოვრების გაუმჯობესება შეუძლია.
დატოვე კომენტარი