ნიუ-იორკში მდებარე თანამედროვე ხელოვნების მუზეუმის (MoMA) მიერ Sotheby’s-ის აუქციონზე გატანილი ბრიტანელი მხატვრის, ფრენსის ბეკონის ტრიპტიქი, სახელწოდებით „ესკიზები ჰენრიეტა მორაესის პორტრეტისთვის“ 24.3 მილიონ გირვანქა სტერლინგად გაიყიდა.
ფრენსის ბეკონმა „ესკიზები ჰენრიეტა მორაესის პორტრეტისთვის“ 1963 წელს შექმნა. ტრიპტიქი ამერიკული ტელეარხის, CBS-ის დამფუძნებელ უილიამ პეილის კოლექციაში შემავალი 29 ხელოვნების ნიმუშიდან ერთ-ერთია, რომლის აუქციონზე გასაყიდად გატანაც MoMA-მ გადაწყვიტა. ცნობისთვის გეტყვით, რომ 1990 წელს ტელემაგნატის მემკვიდრეებმა მისი კოლექციიდან 80-ზე მეტი ნამუშევარი სწორედ აღნიშნულ მუზეუმს გადასცეს.
ნიუ-იორკის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმი ნოემბერში Sotheby’s-ის აუქციონზე ესპანელი მხატვრის, პაბლო პიკასოს ნამუშევარსაც გაიტანს. ხელოვნების ნიმუში, სახელწოდებით „გიტარა მაგიდაზე“, სააუქციონო სახლის მიერ $20-დან $30 მილიონამდეა შეფასებული.
გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მუზეუმი ფრენსის ბეკონის ნამუშევრისა და ხელოვნების სხვა ნიმუშების გაყიდვიდან მიღებული შემოსავლის ძირითადი ნაწილის ონლაინ სივრცეში ფეხის მოსაკიდებლად გამოიყენებს, ასევე ციფრული ხელოვნების ნიმუშების, მათ შორის NFT-ების შესაძენად.
დატოვე კომენტარი