ფსიქოდელიური ნივთიერებების ინდუსტრია ბოლო პერიოდში განსაკუთრებით განვითარდა, რაც ინვესტორებისათვის ახალ შესაძლებლობებს აჩენს. მედიცინაში რევოლუციური ეფექტის პოტენციალის გამო ინდუსტრიაში ბოლო დროს ძალიან დიდი რაოდენობის ინვესტიცია განხორციელდა. თუმცა, ინდუსტრიის კომპლექსურობიდან გამომდინარე, ინვესტირებამდე დაინტერესებულ პირებს დიდი სიფრთხილის გამოჩენა მართებთ.
Psilocybin Alpha-ს ინფორმაციით, დღეს ინდუსტრია 8 მთავარი ბაზრისაგან შედგება. მიწოდებისა და წარმოების სექტორი აერთიანებს ისეთ კომპანიებს, რომლებიც ამჟამად არიან ჩართულნი ფსიქოდელიური წამლების სინთეტიკურად წარმოებაში ან კულტივირების ქარხნების ოპერირებას ახდენენ. მედიკამენტების სინთეტიკურად მწარმოებლებს მტკიცედ სჯერათ, რომ აღნიშნული გზა გაცილებით დაბალდანახარჯიანია არსებულ მეთოდებთან შედარებით.
უმნიშვნელოვანეს ბაზარს წარმოადგენს კლინიკები და სარეაბილიტაციო ცენტრებიც, რომელთაც ფუნქციონირებისათვის ლიცენზიების მოპოვება ესაჭიროებათ. სფეროში საკმაოდ ბევრი რეგულაცია არსებობს, რაც პროცესს კიდევ უფრო მეტად ართულებს.
საინტერესო ინდუსტრიაა ფსიქოდელიური ნივთიერებების რეკრეაციული მიზნებით გამოყენება. მიკროდოზირება აღნიშნულ საკითხში უმნიშვნელოვანეს ასპექტს წარმოადგენს. მართალია, სხვადასხვა ტიპის ფსიქოდელიური ნივთიერებები რიგ სახელმწიფოთა კანონმდებლობით იკრძალება, მაგრამ არსებობს სახელმწიფოები, რომელთაც შედარებით ლმობიერი დამოკიდებულება აქვთ აღნიშნულის მიმართ.
მნიშვნელოვანია, არ დაგვავიწყდეს ამ ნივთიერებების თერაპიული დანიშნულებით გამოყენების გზებიც. კომპანიები სხვადასხვა საშუალებას მიმართავენ მათი მედიკამენტოზური გამოყენებისათვის. ფსიქოდელიური წამლები არსებობს როგორც კაფსულების სახით, ისე ტაბლეტის ფორმითა და ნაზალური სპრეის სახითაც.
თუმცა ეს ყველაფერი შეუძლებელი იქნებოდა ტექნოლოგიური უზრუნველყოფის გარეშე, რაც ინდუსტრიის მომავლადაც მიიჩნევა.