სტარტაპებმა Phubber-ი და TTM-ი საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს 650,000-ლარიანი საგრანტო პროგრამის ფარგლებში ჯამში 700,000 ლარის მოცულობის გრანტი მიიღეს. უფრო კონკრეტულად, TTM-მა 250,000, ხოლო Phubber-მა 450,000-ლარიანი საგრანტო ხელშეკრულება გააფორმეს.
აღნიშნულ საგრანტო პროგრამას ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით 2019 წლიდან ახორციელებს. პროგრამის ფარგლებში გათვალისწინებული გრანტების მაქსიმალური მოცულობა კი თითოეულ სტარტაპზე 650,000 ლარია.
რაც შეეხება გამარჯვებულ სტარტაპებს, Phubber-ი სოციალური შოპინგის პლატფორმაა, რომელიც სოციალური ქსელისა და ტანსაცმლის ონლაინ მაღაზიის მიქსია. აპლიკაციას ჰყავს 120,000-ზე მეტი რეგისტრირებული მომხმარებელი. მისი საშუალებით გაყიდულია 40,000-ზე მეტი ნივთი ჯამური ღირებულებით 5,100,000 ლარი. აღნიშნული სტარტაპი GITA-ს 100,000 ლარიანი თანადაფინანსების გრანტების პროგრამის ბენეფიციარია და 500 Georgia-ს აქსელერაციის პროგრამაში მონაწილეობის პერიოდში გადავიდა სწრაფი ზრდის ეტაპზე. GITA-ს გრანტთან ერთად კომპანიამ დამატებით მოიზიდა $400,000-ის ინვესტიცია WhatsApp-ის ერთ-ერთი მთავარი დეველოპერისა და მეწილისგან. დამატებით $200,000-ის მოზიდვაზე სტარტაპის გუნდი ახლა მუშაობს. ჯამურად, GITA-ს გრანტის ჩათვლით, კომპანიას მოზიდული აქვთ $700,000, რომელიც ტექნოლოგიის განვითარებასა და ახალი ბაზრების ათვისებას მოხმარდება. ამასთან, Phubber-ი აგვისტოში უკრაინის ბაზარზე დაიწყებს ოპერირებას.
GITA-ს 650,000-ლარიანი საგრანტო პროგრამის ფარგლებში სტარტაპმა TTM-მა 250,000 ლარი მიიღო გრანტის სახით. ცნობისთვის, TTM-მა შექმნა ავტომობილების სიჩქარის შეზღუდვის ჭკვიანი მოწყობილობა ISA, რომელიც ავტომატურად უზრუნველყოფს სიჩქარის დაცვას საგზაო ნიშნების მიხედვით. პროდუქტი განკუთვნილია საზოგადოებრივი ტრანსპორტისა და კომერციული ავტომობილების უსაფრთხოების გაუმჯობესებისთვის.
650,000-ლარიანი საგრანტო პროგრამის ფარგლებში ფინანსდებიან ის ქართული მიკრო, მცირე და საშუალო საწარმოები, რომელთაც გააჩნიათ პოტენციალი, საკუთარი ინოვაცია განავითარონ და წარადგინონ გლობალურ ბაზარზე.
დატოვე კომენტარი