დიდი ხანია, საქართველო მსოფლიოში ყველაზე მაღალი ინფლაციის მქონე ქვეყნების ოცეულში სტაბილურ ადგილს ინარჩუნებს, ხოლო იმ ქვეყნებს შორის, სადაც ტურიზმის წვლილი დიდია და პანდემიამ განსაკუთრებული ზიანი მიაყენა, ჩვენი ქვეყანა სამარცხვინო სამეულში შედის. ეროვნულ ბანკსა და მთავრობაში ამტკიცებენ, რომ ინფლაცია „პანდემიით გამოწვეული გლობალური ფენომენია“ და ისინი უძლურნი არიან ამ ფაქტორების განეიტრალებაში. მართლაც, აშშ-ში, ევროპაში, კანადასა და მთელ რიგ ქვეყანაში ფასების ზრდის მაღალი ტემპია, მაგრამ იმავეს ვერ ვიტყვით ათობით განვითარებულ და განვითარებად ქვეყანაზე: იაპონიაში ინფლაცია 0.8%-ია, ჩინეთში კი – 0.9%, ხოლო შვეიცარიასა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებში 1.6% და 2.5%. თუმცა მაღალ ინფლაციაში „პანდემიის ბრალეულობა“ სიმართლის მარცვალს შეიცვას, რადგან ფასების ზრდის მაღალი ტემპი ცენტრალური ბანკების მიერ ეკონომიკურ კრიზისზე პასუხითაა განპირობებული.
მიუხედავად იმისა, რომ ცალკეული პროდუქტის ფასზე უამრავი და ხშირად არაპროგნოზირებადი ფაქტორი ახდენს გავლენას, ფასების საერთო დონის ცვლილების შემთხვევაში მიზეზის იდენტიფიცირება მარტივია. ფასების საერთო დონე დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენი ფულია ბრუნვაში და რამდენ პროდუქტზე იხარჯება ეს ფული. მაგალითად, 10%-იანი ეკონომიკური ზრდის პირობებში შეუძლებელია, რომ ფასები იზრდებოდეს, თუ ფულის მასა 10%-ზე მეტით არ გაიზარდა. ასევე შეუძლებელია, რომ რომელიმე ერთი პროდუქტის, მაგალითად, ნავთობის ფასის ზრდამ ინფლაცია გამოიწვიოს, რადგან თუ ფულის მასა არ იზრდება და რომელიმე პროდუქტი გაძვირდა, სხვა პროდუქტებისთვის ნაკლები ფული რჩება და ამ პროდუქტის ფასები იკლებს, ანუ ფასების საერთო დონე უცვლელი რჩება (თუ გაყიდული პროდუქტის რაოდენობაში არ შეიცვალა). საბოლოო ჯამში, მხოლოდ მონეტარული ფაქტორები განაპირობებს, თუ რა მიმართულებით და სიჩქარით იცვლება ფასები (აღწერილ დამოკიდებულებაში ფულის ეკონომიკაში ბრუნვის სიჩქარესაც შეიძლება ჰქონდეს მნიშვნელობა, მაგრამ ეს პარამეტრი ნელა იცვლება და ფასების დინამიკაზე განსაკუთრებულ გავლენას არ ახდენს. მაგალითად, აშშ-ში 1960 წელს ის 1.8-ს უდრიდა, ხოლო 2020-ში – 1.3-ს).
ფასებსა და ფულის მასას შორის კავშირი, ფაქტობრივად, ფიზიკის კანონს წარმოადგენს, ხოლო ვინც მეცნიერულ დონეზე უარყოფს დებულებას, რომ „ინფლაცია ყოველთვის და ყველგან მონეტარული ფენომენია“, გარანტირებულად მიიღებს ნობელის პრემიას ეკონომიკაში.
ცხადია, არც პანდემიის პერიოდია ამ კუთხით განსაკუთრებული: აშშ-ში, ევროზონაში, თურქეთში, მოლდოვასა თუ საქართველოში ინფლაციის ზრდა ფულის ემისიის ზრდამ განაპირობა.
თუმცა, სანამ ემისიის მიზეზებზე გადავალთ, ისიც აღსანიშნავია, რომ გარკვეულ პირობებში ფულის მასასა და ფასებს შორის კავშირი პირდაპირ არ ვლინდება, რა ფაქტიც დამაბნეველი შეიძლება გახდეს და ზოგჯერ მანიპულაციის მიზნითაც კი გამოიყენება.
2020-2021 წლებში ფულის ემისიის ტემპი, მაგალითად, აშშ-ში ბევრად უფრო მაღალია, ვიდრე ინფლაციის მაჩვენებელი. მეტიც, წარსულს რომ გადავხედოთ, ვნახავთ პერიოდებს, სადაც, მიუხედავად ფულის გაზრდილი ემისიისა, ინფლაცია დაბალ ნიშნულზე რჩებოდა. თუმცა თუ ეკონომიკას ახლოდან შევხედავთ, ეს გარემოება მარტივად აიხსნება: ერთია ინფლაცია როგორც ფასების საერთო დონის ზრდა, და მეორეა სამომხმარებლო ფასების ინდექსი, რომლითაც ჩვენ ინფლაციას ვზომავთ. როგორც გაზომვის ნებისმიერ ინსტრუმენტს, სამომხმარებლო ფასების ინდექსსაც თავისი შეზღუდვები გააჩნია. მიუხედავად იმისა, რომ ამ ინდექსში, მაგალითად, აშშ-ის 80 000 პროდუქტის ფასია გათვალისწინებული, ასიათასობით და მილიონობით სხვა პროდუქტი და მომსახურება, როგორიცაა უძრავი ქონება, ბირჟაზე სავაჭრო აქტივები (აქციები, ნავთობი, კრიპტოვალუტები), მწარმოებლების მიერ შესყიდული რესურსები და უამრავი სხვა, ინფლაციის ინდექსში არ შედის. მაშინ როცა ცენტრალური ბანკის მიერ ემიტირებული ფული ამ სფეროში ნაწილდება, ფასები იზრდება იმ პროდუქტსა და სერვისზე, რომელიც სამომხმარებლო ფასების ინდექსის დაანგარიშებისას არ გამოიყენება, რაც აჩენს ფასების სტაბილურობის მცდარ შთაბეჭდილებას. ასე, თუ საბანკო სექტორი ცენტრალური ბანკისგან მიღებულ ფულს იპოთეკური სესხების გასაცემად მიმართავს, იზრდება უძრავი ქონების ფასი, მაგრამ ეს ინფლაციის ინდექსში არ შედის და მიუხედავად ფულის გაზრდილი ემისიისა, ინდექსით „შეფასებული ინფლაცია“ არ იცვლება.
2008-2009 წლის კრიზისის პერიოდში აშშ-ში ასევე მასშტაბური ემისია განხორციელდა, თუმცა სამომხმარებლო ფასების ინდექსი (გაზომილი ინფლაცია) მნიშვნელოვნად არ გაზრდილა, რადგან ფული უმეტესწილად კომერციული ბანკების რეზერვებში დაილექა: ერთი მხრივ, ბანკებს მეტი ლიკვიდურობა სჭირდებოდათ, რათა გაკოტრების რისკების მინიმიზაცია მომხდარიყო. მეორე მხრივ, კრიზისის დროს სესხების გაცემა საშიშია, ამიტომ ემიტირებული დოლარები ეკონომიკაში თითქმის არ ხვდებოდა.
გარდა ამისა, აშშ-ში დოლარის ემისიას ნაწილობრივ სხვა ქვეყნების ცენტრალური ბანკების რეზერვების ზრდა აკომპენსირებს (საერთაშორისო სავალუტო ფონდის მონაცემებით, ჩინეთს, იაპონიას, რუსეთსა და სხვა ქვეყნებს, მათ შორის საქართველოს, ჯამურად სხვადასხვა ფორმით 7 ტრილიონი აშშ დოლარი აქვთ რეზერვებში), ამიტომ იმდენად, რამდენადაც კონკრეტული ვალუტა მოთხოვნადია სხვა ცენტრალური ბანკის მიერ, მისი ემისიის ნაწილი არ გადის ეკონომიკაში და ფასების ზრდაზე გავლენას არ ახდენს. თუმცა ეს ყველაფერი უმნიშვნელოა იმ ქვეყნებისათვის, რომელთა ვალუტა არავის აინტერესებს მათ საზღვრებს გარეთ.
დავუბრუნდეთ ფულის ემისიის მიზეზს. მსოფლიოში გავრცელებული პრაქტიკით, ფასების სტაბილურობის უზრუნველყოფა ცენტრალური ბანკის პასუხისმგებლობის საკითხია. მას ამ მიზნის მისაღწევად ფულის მიწოდებაზე სრული კონტროლი აქვს, თუმცა ადრეულ პერიოდში ცენტრალური ბანკები კომერციული ბანკების სუბსიდირების მიზნით იყვნენ შექმნილი. ამიტომ ფინანსური სისტემის სტაბილურობა მათი ისტორიულად დამკვიდრებული ფუნქციაა. იშვიათი გამონაკლისების გარდა, ზუსტად ამ ორი ფუნქციით შემოიფარგლება ცენტრალური ბანკის აქტივობა, ამიტომ თუ ფასების სტაბილურობის მიზანი უგულებელყოფილია, სავარაუდოდ, ეს ბანკების დახმარების აუცილებლობამ განაპირობა.
მაგალითად, აშშ-ის ფედერალურმა სარეზერვო სისტემამ პანდემიის დაწყებისას გადაწყვიტა, ბანკები, მთავრობების მიერ დაწესებული შეზღუდვებით კრიზისში შესულ ეკონომიკაში, გაკოტრებისგან დაეცვა, რისთვისაც საპროცენტო განაკვეთი დასწია და ფასიანი ქაღალდების გამოსყიდვის მასშტაბური პროგრამა დაიწყო. შედეგად თითქმის 4 ტრილიონი დოლარის ემისია განხორციელდა. მიუხედავად იმისა, რომ 2020 წელს უმუშევრობა რეკორდულ ნიშნულზე იყო და ათასობით კომპანია გაკოტრდა, არც ერთი ბანკი იმ წელს არ გაკოტრებულა (თუ არ ჩავთვლით ოთხ, ჩვენი მასშტაბითაც კი პატარა ბანკს, რომელთა გაკოტრების პროცესი პანდემიამდე დაიწყო. ცნობისთვის, აშშ-ში თითქმის 5000 ბანკი ფუნქციონირებს). ჯამურად, აშშ-ის საბანკო სისტემამ რთული 2020 წელი მოგებით დაასრულა. მსგავსად მოიქცა ევროპის, ინგლისის, კანადის ცენტრალური ბანკები. ინფლაცია კი ბანკების ამგვარი „გადარჩენის“ საფასურია. ხოლო ქვეყნებში ფასების ზრდის განსხვავებული ტემპი დიდწილად იმაზეა დამოკიდებული, თუ რამდენად შორს წავიდა კონკრეტული ცენტრალური ბანკი ბანკების დახმარებაში.
საქართველოშიც 2020 წელი, როცა მთელი ეკონომიკა გაჩერებული იყო, ბანკებმა მოგებით დაასრულეს, 2021 წელს კი ჩვენი საბანკო სისტემა მოგებიანობით (ROE) მსოფლიო ლიდერებს შორის აღმოჩნდა (ორ მილიარდ ლარზე მეტი მოგებით). საქართველოსა და სხვა ნახსენებ ქვეყნებს შორის განსხვავება კი მხოლოდ იმაში მდგომარეობს, რომ ინსტიტუციურად სუსტ ქვეყნებში ცენტრალური ბანკები პოლიტიკური მიზნების მისაღწევადაც გამოიყენება და ფულის ემისია კანონით მინიჭებულ დისკრეციას სცდება. ამის კარგი მაგალითია თურქეთი, სადაც პრეზიდენტ რ.ტ. ერდოღანის რელიგიური წარმოდგენები უფრო მნიშვნელოვანი აღმოჩნდა მონეტარული პოლიტიკის ფორმირებისას, ვიდრე ეკონომიკური არგუმენტები. ამის შედეგი იყო 54%-ით გაზრდილი ფულის მასა და მსოფლიოში ინფლაციის ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მაჩვენებელი (ოფიციალური სტატისტიკით სამომხმარებლო ფასების წლიური ზრდა 48%).
მსგავსი სიტუაციაა, თუმცა, საბედნიეროდ, ნაკლები ხარისხით, საქართველოშიც, სადაც მთავრობისა და მმართველი გუნდის პოლიტიკური საჭიროებები ასევე გავლენას ახდენენ მონეტარულ პოლიტიკაზე.
ცნობილია, რომ ინფლაციის ერთერთი მთავარი ბენეფიციარი (გარდა საბანკო სისტემისა) მთავრობაა. თითოეული გაყიდული პროდუქტის ფასიდან 18% დღგ-ის სახით ბიუჯეტში მიდის, ამიტომ რაც უფრო მეტია ფასი, მით მეტია მთავრობის შემოსავალი. ასევე, ინფლაცია მთავრობის ვალდებულებების გაუფასურებას იწვევს, რადგან, მაგალითად, სოციალური დახმარება, სასწავლო გრანტები, ხელფასები საჯარო სექტორში და ბევრი სხვა ხარჯი იშვიათად იზრდება და ინფლაციის გათვალისწინებით რეალურად უფასურდება. ამრიგად, შედარებით მაღალი ინფლაციის პირობებში, ფინანსთა სამინისტროსთვის ბიუჯეტის შევსება მნიშვნელოვნად მარტივდება.
უხვად „დაბეჭდილი“ ფული პოლიტიკურადაც მოგებიანია, რადგან ელექტორალურად ან პოლიტიკურად მნიშვნელოვანი ინტერესთა ჯგუფების სუბსიდირების რესურსს აჩენს. მაგალითად, 2020 წელს მთავრობამ იპოთეკური სესხების სუბსიდირების პროგრამა დააანონსა. ერთი მხრივ, უცნაურია, როცა სახლში გამოკეტილ ადამიანებს ბინის ყიდვას და სესხის აღებას სთხოვ, მაგრამ ეს სამშენებლო ინდუსტრიისთვის დახმარების საუკეთესო გზა აღმოჩნდა. ამ სესხებისთვის საჭირო 600 მილიონი ლარი ეროვნულმა ბანკმა წინასწარ „დაბეჭდა“, ხოლო მთავრობის ჩართულობით ეროვნული ბანკისგან წამოსული მოკლევადიანი რესურსი გრძელვადიან რესურსად იქცა. ეს სქემა ბოლომდე რომ ამუშავებულიყო, ბიუჯეტიდან იპოთეკური სესხების პროცენტის სუბსიდირება განხორციელდა, რაშიც დამატებით მილიონობით ლარი დაიხარჯა. შედეგად, ბანკებმა უმძიმესი კრიზისის დროს სესხების გაცემა გააგრძელეს, ხოლო სამშენებლო კომპანიებმა ბინები გაყიდეს, რათა სახლში გამოკეტილ ადამიანებს იზოლაცია ახალ გარემოში, მაღალ ინფლაციასა და მრავალწლიან სესხზე ფიქრებში გაეტარებინათ.
ამ გარემოებით იხსნება ის ფაქტიც, რომ ჩვენთან ინფლაცია 13.9%-ია, ხოლო აშშ-ში 7.5%, კანადაში კი – 5.1%. შინაარსობრივად, ჩვენ მაღალი ფასების მეშვეობით ფარულად ვიბეგრებით იმისთვის, რომ მთავრობის, ბანკებისა და პოლიტიკურად მნიშვნელოვანი ინტერესთა ჯგუფების სუბსიდირება გაგრძელდეს. ეს სისტემა მით უფრო მასშტაბური იქნება, რაც უფრო მეტად სჯერათ ადამიანებს „შოკების“, „პანდემიით გამოწვეული გლობალური ფენომენების“, „მიწოდების ჯაჭვების ნგრევის“, „ეგზოგენური“, „ტრანზიციული“, „დროებითი ფაქტორების“ და ყველა იმ ყალბი მიზეზის, რომლებსაც ეროვნული ბანკი, მთავრობა, ბანკების წარმომადგენლები და ანგაჟირებული „ექსპერტები“ ინფლაციის ნამდვილი მიზეზის დასამალად იყენებენ. განვითარებულ ქვეყნებში ამ პრობლემის კონტროლი ნაწილობრივ პოლიტიკური და საჯარო დისკუსიების მეშვეობით ხდება, მაგრამ ჩვენთან, სამწუხაროდ, პოლიტიკასა და მედიასივრცეში სრულიად სხვა დღის წესრიგია. ამ გარემოში კი ეროვნულ ბანკს მინიმალური რესურსები სჭირდება, რომ ფარული დაბეგვრის სისტემა ფარულად რჩებოდეს.
Comments are closed.