ამსტერდამულმა Adyen-მა საერთაშორისო ონლაინტრანზაქციების გაუკვალავ ჯუნგლებში $50 მილიარდი აღმოაჩინა.
Uber-ით მგზავრობის რაოდენობის მიხედვით, ათი მოწინავე ქალაქიდან ხუთი – ჩინეთშია. Airbnb-ით დაჯავშნილი ადგილების უმეტესობა (70%) შტატების გარეთ მდებარეობს. სულ რამდენიმე კვირის წინ კი Netflix-მა სერვისი 130 ახალ ქვეყანას შესთავაზა.
ამ გლობალურ ვებფირმებს საერთო თავის ტკივილი აქვთ: ფულის ადგილობრივ ვალუტაში აკრეფა. ციფრული გადახდების ქსელის დიდ ნაწილს დღესაც მონჯღრეული, მსხვრევადი და შემთხვევითი კოდი აკავშირებს. გადახდები მცირდება, სისტემები ინგრევა. პლატფორმებისა და შუამავლების დომხალი ახალ ქვეყანაში ახალი ვალუტით შესვლას აფერხებს და აძვირებს.
სწორედ ამ სირთულით ხეირობს პიტერ ვან დერ დუსი. Adyen-ის აღმასრულებელი დირექტორი $1.6-ტრილიონიანი ონლაინვაჭრობის ინდუსტრიაში ერთ-ერთ ყველაზე სწრაფად მზარდ ფირმას ხელმძღვანელობს. Adyen-ის შესახებ ცოტას თუ სმენია, მაგრამ კომპანიამ საკმაოდ მნიშვნელოვანი ნიში დაიკავა, როდესაც ტექნოლოგიური გიგანტები – Facebook-ი, Netflix-ი, Spotify, Airbnb, Uber-ი – მსოფლიო მასშტაბით გადახდების შეუფერხებელი ქსელით უზრუნველყო. ვან დერ დუსმა ჰოლანდიური კერძო კომპანია გადახდების ექსპერტ არნოვ შუიფთან ერთად ჯერ კიდევ 2006 წელს დააარსა: ასეთი სერვისის საჭიროება ადრევე იწინასწარმეტყველა. „ისეთ პროდუქტს ვქმნით, რომლისთვისაც კონკურენციის გაწევა ყველაზე დიდი ჯოჯოხეთია“, – ამბობს ის.
Adyen-ი გადახდის 250 მეთოდსა და 187 ვალუტას უმკლავდება, რაც Chase Paymentech-ზე, WordPay-სა და GlobalCollect-ის მაჩვენებელზე ბევრად მეტია. მეტოქე Stripe-ი, რომელიც მობილურების ინდუსტრიაში სწრაფად ვითარდებოდა, მხოლოდ 23 ქვეყანაშია და 139 ვალუტას მოიცავს. გლობალურ ვაჭრობაში მოცულობას დიდი მნიშვნელობა აქვს. თუ ამერიკელები საკრედიტო ბარათებზე არიან დამოკიდებულნი, აზიელებს გადასახადების გადახდა მობილურით უყვართ. გერმანელები და ჰოლანდიელები საბანკო სადებიტო ბარათებს იყენებენ. ხოლო ფილიპინებისა და ბრაზილიის მსგავს რეგიონებში, სადაც ბანკების ნაკლებობაა, ონლაინშესყიდვებისთვის ფულს შტრიხკოდიან ბარათებში ცვლიან. „Adyen-ს ძველმოდური ინფრასტრუქტურა პრობლემებს არ უქმნის“, – ამბობს აარონ გოლდმენი, ვენჩურული ფირმა General Atlantic-ის პარტნიორი, რომელმაც 2014 წელს Adyen-ში $250 მილიონი დააბანდა. „გრძელი მილია – ავტობანივით“.
შარშან Adyen-ის ტრანზაქციების მოცულობა გაორმაგდა და $50 მილიარდს მიაღწია, მისი წმინდა შემოსავალი კი, დასუსტებული ევროდან კონვერტირების გამო, „მხოლოდ“ 89%-ით, $350 მილიონამდე, გაიზარდა. Adyen-ის მომსახურების საფასური მოცულობის ზრდასთან ერთად კლებულობს და თითო გატარებული დოლარიდან მისი შემოსავალი 1%-ზე ნაკლებია, რაც Square-ის, PayPal-ისა და Stripe-ის 2-3%-ზე ბევრად დაბალია. სწორედ ამიტომ აქვს Adyen-ს Sripe-ზე ნაკლები შემოსავალი (გასულ წელს ამ უკანასკნელის მაჩვენებელი, შეფასებით, $450 მილიონს შეადგენდა), გადახდების ორჯერ უფრო დიდი მოცულობის მიუხედავად. ეს Adyen-ზე მაინცდამაინც უარყოფითად არ აისახება: 2005-ში კომპანიას $45 მილიონის მოგება ჰქონდა და ბოლო ხუთი წელია, ვალის აღება არ დასჭირვებია – ახალბედა მილიარდიანი კომპანიებისთვის ეს დიდ იშვიათობას წარმოადგენს. ეს ორი კომპანია ბაზრის განსხვავებულ სეგმენტებშია – Adyen-ი დიდ საერთაშორისო ოპერაციებს ემსახურება, Stripe-ი კი აპლიკაციების შემქმნელ სტარტაპებს. ეს უკანასკნელი მოცულობის სიმცირეს შედარებით დიდი გადასახადით აბალანსებს.
ყოჩაღ, თუ აქამდე წაიკითხეთ. გადახდები მშრალი ბიზნესია, თუმცა ინვესტიციები მას ნამდვილად არ აკლია. Finovate-ის მიხედვით, ფინანსური ტექნოლოგიების ახალბედა მილიარდიან კომპანიათა მესამედი ფოკუსირებას ძირითადად გადახდებზე ახდენს. თავად Adyen-მა $270 მილიონი მოაგროვა და მისი ღირებულება $2.3 მილიარდია. მის ინვესტორთა რიცხვშია Index Ventures-ი, Felicis-ი, Temasek-ი და Iconiq Capital-ი, ამ უკანასკნელის კლიენტები კი მარკ ცუკერბერგი და რიდ ჰოფმანი არიან. Stripe-ი ასაკისთვის შეუსაბამოდ განვითარებულმა 30-წლამდელმა ძმებმა, პატრიკ და ჯონ კოლიზონებმა დააარსეს და გასულ ზაფხულს $100 მილიონი მოიზიდეს (დღემდე, ჯამში, $290 მილიონი). კომპანია $5 მილიარდი ღირს. PayPal-ი, რომელიც დამფუძნებელ eBay-ის ივლისში ჩამოშორდა $40 მილიარდი ღირს.
Adyen-ი დასაბამს 2006 წლიდან იღებს, როდესაც ვან დერ დუსმა მომავალი თანადამფუძნებლები Bibit-ში, ჰოლანდიურ გადახდების სტარტაპში, გაიცნო. ვან დერ დუსს გადახდების სამყაროსკენ პირდაპირი გეზი არ ჰქონია აღებული. ამსტერდამში დაბადებულ-გაზრდილი სტუდენტი ბაკალავრიატის წლებს მასაჩუსეტის Clark University-ში, პარიზის Sorbonne-სა და University of Amsterdam-ში ატარებდა, შუალედებში კი ალპების, შოტლანდიისა და პატაგონიის მთებზე ცოცავდა. უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ ჰოლანდიურ ბანკში, ING-ში და საგამომცემლო კომპანია Elsevier-თან მუშაობდა: „ჩემი შიში, რომ სამუშაო სამყარო მოსაწყენია, გამართლდა“. 1999-ში მეგობარმა Bibit-ი გააცნო – სტარტაპი, რომელიც ტექნოლოგიურ კომპანიებსა და ავიახაზებს ფულის ონლაინ აღებაში ეხმარებოდა. ის გაყიდვების გუნდს შეუერთდა. მალე მთავარი კომერციული დირექტორიც გახდა და გაყიდვებზე, პიარსა და იურიდიულ პრობლემებზე დაიწყო მუშაობა.
2004 წელს შოტლანდიის სამეფო ბანკმა Bibit-ი $100 მილიონად იყიდა, რაც საკმაოდ კარგი ფასი იყო, თუმცა ვან დერ დუსი უკმაყოფილო იყო: „თითქოს სარბოლო მანქანა ავაწყვეთ და ისე გავყიდეთ, რომ გატარებაც ვერ მოვასწარით“. ორი წლის შემდეგ, კომპანიაში მუშაობა დაამთავრა თუ არა, Bibit-ის გუნდს ი-მეილი მისწერა და სრულიად ახალი რამის წამოწყება შესთავაზა. „კონკურენტები საქმეს იმარტივებდნენ, – ამბობს ის. – მაღალტექნოლოგიური ინოვაციები ძველ ტექნოლოგიაზე ახალი ფენის დადებას გულისხმობდა. ძველ სისტემას არავინ უტევდა“. სახელი „Adyen-ი“ სურინამულია და ახალ დასაწყისს ნიშნავს. ეს მენტალიტეტი ფირმის საიდუმლო იარაღი გახდა. „ეს იყო Bibit-ი, ოღონდ ძველმოდური თანამშრომლების, კლიენტებისა და ტექნოლოგიის გარეშე“. შუიფმა, რომელმაც Bibit-ის პლატფორმა ააგო, პროგრამული უზრუნველყოფის ექსპერტების არმია დაიქირავა, რომლებიც Cloud-ის სწრაფ პლატფორმას ღია კოდის უახლესი ინსტრუმენტების მეშვეობით აგებდნენ. პლატფორმის „ჰუკები“ ახალი ვალუტისა და გადახდის მეთოდის დამატებას უმარტივესს ხდიდა.
გლობალური კომპანიებისთვის გადახდის ახალი მეთოდი მეტ გაყიდვას ნიშნავს. „ჩვენ გვინდა, ლოკალიზებული გამოცდილება შევქმნათ და ადამიანებს გადახდის მათთვის სასურველი გზები შევთავაზოთ, – ამბობს Airbnb-ს გადახდების მენეჯერი, კაპილ მოკატი. – თითო გადახდის მეთოდისთვის პირდაპირი ინტეგრაციების აგების ნაცვლად, ჩვენ Adyen-ი გვყავს“. Spotify-ს, რომელიც Adyen-ს უმეტეს ინტერნაციონალურ ბაზრებზე იყენებს, გადახდების კონვერტირების სიხშირე თითქმის გაუორმაგდა. Evernote-მა, რომლის ბიზნესის 70%-იც შტატებს გარეთაა, გლობალური მასშტაბი საკმაოდ ადრე მიიღო. სტანდარტული გადახდის ინტეგრაციით, იაპონური იენის დამუშავებას სამ თვეს მოუნდნენ. Evernote-ის გაყიდვების დირექტორის, ნენსი მეგის თქმით, „Adyen-ის დახმარებით, ორ კვირაში 30 ვალუტა გავხსენით“.
Adyen-ის შემდეგი სვლა რეალური მაღაზიებია. მის ტერმინალებს უკვე იყენებს Inditex-ის (Zara-ს მფლობელი), Lacoste-ის, Crocs-ისა და O’Neill-ის მაღაზიები. Zara-სთვის ეს მოგებიანია, რადგან Adyen-ის ტერმინალები მობილური, კომპიუტერული და რეალური მაღაზიების გაყიდვების ერთ პლატფორმას გულისხმობს. ეს თაღლითობის აღმოჩენას, ერთგული მყიდველების დასაჩუქრებასა და მომენტალური ფასდაკლების გაკეთებას ამარტივებს. Chase Paymentech-ის, Vantiv-ისა და First Data-ს მსგავსი მეტოქეები ბრძოლის ველს ასე მარტივად არ დათმობენ. ვან დერ დუსი ასე არ ფიქრობს. „ტრადიციულები არიან, რამდენიმე პლატფორმას იყენებენ და გაიჭედნენ, აღარ იციან, რა ქნან, – ამბობს ის. – ჩვენ ნამდვილი IT კომპანია ვართ და გვაქვს თავისუფლება, ვიმოძრაოთ და ინოვაციები შევქმნათ“.
დატოვე კომენტარი