ამ ქალაქში არსებობს ადგილები, რომლებიც რატომღაც გამახსოვრდება. ზოგი ბავშვობის რომელიმე მოგონებას უკავშირდება, ზოგი – რაღაც სურნელს, ზოგი უბრალოდ მოგწონს და ფიქრობ, რა კარგი იქნებოდა, აქ რომ ვცხოვრობდე, ან ვმუშაობდე. ასეთი ადგილები შეიძლება სულაც არ იყოს რაღაცით გამორჩეული, სხვა ადგილზე უკეთესი და ვინმემ რომ გკითხოს, რატომ მოგწონსო, იქნებ პასუხიც ვერ გასცე… ჰოდა, არის ერთი ასეთი ადგილი სოლოლაკში, ასათიანის ქუჩაზე. რამდენჯერ გადმომიყვია თავი მანქანის ფანჯრიდან ამ ქუჩის დაუსრულებელ ხერგილში გაჩხერილს, მანქანების სიგნალებით თავმობეზრებულს, თვალი გამიშტერებია ერთი მწვანე ეზოსთვის და მიფიქრია, ამ ეზოში ალბათ სიჩუმეა, ამ ეზოს ალბათ ეს ხმაური არ აწუხებს, ნეტა ვინ ცხოვრობს ამ ეზოში, როგორ ცხოვრობს… მერე ეზოს გასწვრივ, კედელზე, ყვითელი და შავი საღებავებით მიხატულ გასაღებზე გადამიტანია ყურადღება და მანქანებიც დაძრულა…
ტაქსის მძღოლმა სწორედ ამ ეზოსთან რომ გააჩერა მანქანა, გამეცინა. ხერგილში გაჩხერილ ფიქრებსაც აეხადა ფარდა. აი, თურმე ვინ “ცხოვრობს” ამ ეზოში. აი, თურმე, რას ნიშნავს ეს გასაღები… მწვანე ეზო, რომელიც შორიდან ჩუმი და მშვიდი მეგონა, წესით და რიგით, სულაც არ უნდა იყოს ჩუმი და მშვიდი. იქ, სადაც იდეების გენერირება ხდება, იქ, სადაც წამში უამრავი ახალი აზრი გიელვებს თავში, იქ, სადაც შენს გამორჩეულ, ყველასგან განსხვავებულ აზროვნებასფასი უნდა დაედოს, ვერ იქნება სიმშვიდე, სიწყნარე. და მე რომ ბანალურად მეგონა, ამ ეზოში ჩიტები უნდა ჭიკჭიკებდნენ-მეთქი, თურმე ამ ეზოში, არც მეტი და არც ნაკლები, ორიგინალური იდეები დაფრინავენ (ჰო, ესეც ძალიან ბანალურად კი გამოვიდა, მაგრამ ახლა რაც არ უნდა ვიფანტაზიორო, ამ სტატიის მთავარ გმირზე კრეატიული მაინც ვერ გამოვჩნდები).
თქვენ რომ ამ სტატიის მთავარი ფოტო არ გქონდეთ ნანახი, მხოლოდ ამ ტექსტს რომ მიჰყვებოდეთ და აზრზე არ იყოთ, ვისზე ვწერ, მომდევნო სამი სიტყვის წაკითხვის შემდეგ, დარწმუნებული ვარ, უმეტესობა თქვენგანი (თან თუკი თქვენ სოციალურ ქსელებში აქტიური ადამიანი ხართ) მიხვდებოდა, ვინ არის მთავარი პერსონაჟი – პიარი მაღალ ქუსლებზე. არა, გასაგებია, რომ საზოგადოებასთან ურთიერთობაის სფეროა, რომელიც მარადიულ ფორმაში ყოფნას მოითხოვს, ისეთს, რომელიც სხვა პროფესიის ადამიანებისთვის და განსაკუთრებით მორბენალი ჟურნალისტისთვის შეიძლება ფანტასტიკის სფეროს წარმოადგენდეს, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ არ არსებობენ ადამიანები, რომლებსაც შეუძლიათ მთელი დღის განმავლობაში იარონ 15-სანტიმეტრიან ქუსლზე და არათუ უბრალოდ იარონ, საქმეც აკეთონ…
თქვენ სწორად მიხვდით, ასათიანის ქუჩაზე, იმ ეზოში, რომელსაც მე კარგა ხანია, შორიდან ვუთვალთვალებ, უკვე ორი წელია, საზოგადოებასთან ურთიერთობის მართვის კომპანიის Key Agency-ის ოფისია განთავსებული. ის ადამიანი კი, რომელზეც მე სტატიას ვწერ, ამ კომპანიის დამფუძნებელი და დირექტორი, თეონა ბაღდავაძეა.
დღის ბოლოა, შავ პიჯაკსა და შარვალში გამოწყობილი თეონა, რომელსაც, რა თქმა უნდა, საყვარელი “ჰაი ჰილსები” აცვია, დიდი ჭიქით ყავას სვამს. კომპანიის თანამშრომლები ბოლო მითითებებს იღებენ და ნელ-ნელა ოფისს ტოვებენ. აქ, როგორც ჩანს, არ არსებობს განსაზღვრული სამუშაო გრაფიკი, მაგალითად, დილის 10 საათიდან საღამოს 6 საათამდე. თეონასა და მისი თანამშრომლების დიალოგიდან ვხვდები, რომ საქმე, მგონი, სამსახურს გარეთაც გრძელდება. პრინციპში, არც არაფერია გასაკვირი, ამ სფეროში, ამ ცხოვრების რიტმში თუ გინდა, რომ კონკურენციას გაუძლო, ალბათ ჩარჩოში მოქცეული სამუშაო საათები უნდა დაივიწყო. და საერთოდაც, რაკი სიტყვამ მოიტანა, ჩარჩო ეს ის სიტყვაა, რომელსაცსაზოგადოებასთან ურთიერთობის სფერო ალბათ არც აღიარებს. თუმცაიმაზე, თუ რა არის საზოგადოებასთან ურთიერთობა, რა ძალისხმევასა თუ უნარებს მოითხოვს ის, ცხადია, ჩემზე უკეთ თეონა ილაპარაკებს.
32 წლის მენეჯერი ხშირად უსვამს ხაზს თავის ასაკს. თუმცა იმიტომ არა, რომ ვინმეს მიუთითოს, აი, უკვე რამდენს მივაღწიე ამ ასაკშიო. ის თავის ასაკზე ყურადღებას მხოლოდ იმიტომ ამახვილებს, რომ წინ კიდევ ბევრი რამ აქვს გასაკეთებელი. ეს მისი ერთგვარი ავტოტრენინგია – რომ სულ იმოძრაოს, რომ არ გაჩერდეს. თუმცა მოძრაობა, ახლის ძიება, ეს უკვე მისი ცხოვრების სტილია. ან უფრო ზუსტად, ეს მას სისხლში აქვს. კომფორტის ზონის დატოვება და ახალი თავგადასავლების ძიება მისი მოწოდებაა. აბა, სხვას ვერაფერს უწოდებ იმას, რაც მის თავს ხდება 21 წლიდან მოყოლებული. ანუ, იმ ასაკიდან მოყოლებული, როცა ტინეიჯერობიდან ახალგამოსულმა, ისეთ გიგანტურ და წარმატებულ კომპანიებში დაიწყო მუშაობა, როგორიცაა სადაზღვევო კომპანია “ალდაგი”, “საქართველოს ბანკი”, კომუნიკაციებისა და ტექნოლოგიების კომპანია “ბილაინი”…
ჟურნალისტიკიდან საზოგადოებასთან ურთიერთობამდე
თეონა ბაღდავაძე პროფესიით ჟურნალისტია. მან განათლება მიიღო ჯერ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, შემდეგ კი იტალიაში, იტალიის სახელმწიფო ტელევიზიასთან არსებულ რადიო-ტელევიზიის სკოლაში: “პროფესიის შერჩევაზე დიდხანს ვიფიქრე. იურიდიულსა და ჟურნალისტიკას შორის ვმერყეობდი. ძალიან მიყვარს წერა და დღემდე ვთვლი, რომ შეიძლება ერთხელაც ვინანო, რომ მწერალიჟ ურნალისტი არ გავხდი. რაც შეეხება იურიდიულს, დღევანდელი გადმოსახედიდან, ვფიქრობ, რომ სწორი გადაწყვეტილება მივიღე, იურიდიულ ფაკულტეტზე რომ არ ჩავაბარე. ამას რამდენიმე მიზეზი ჰქონდა. ერთი ის, რომ ჩემგარშემო თითქმის ყველამ იურიდიული ფაკულტეტი და მეორე ჩემთვის სრულიად ბუნდოვანი პროფესია (საერთაშორისო სამართლის სპეციალობა) აირჩია და მე პროტესტის გრძნობა გამიჩნდა. იმ ასაკში ძალიან საინტერესო სტატიას წავაწყდი, სადაც ეწერა: პროფესიის არჩევისას დააკვირდით ამ პროფესიის ადამიანების ცხოვრების
სტილს და ამის შემდეგ გადაწყვიტეთ, რა გინდათ, რომ აკეთოთ. ალბათ მაშინვე ვხვდებოდი, რომ ჩემი ცხოვრების განმსაზღვრელი ჩემი პროფესია იქნებოდა როგორც სოციალური როლი და არა, მაგალითად, ოჯახი. წერა ძალიან მიყვარდა, ახლაც, როდესაც რაიმეს ვაკეთებ, მიუხედავად ჩემი კონტაქტური ხასიათისა, მირჩევნია ვწერო, ჩემთვის მაინც. რაც შეეხება გულუბრყვილო, თუმცა არცთუ არაბუნებრივ მიზეზს, ძალიან მიზიდავდა ტელევიზია.მაშინ მეგონა, რომ ეს იყო გაპრანჭული სამყარო, რომელსაც მოჰქონდა პოპულარობა და ლამაზი ცხოვრება, მაგრამ გამიმართლა, რომ ძალიან ადრეულ ასაკში აღმოვჩნდი სტაჟირებაზე ტელეკომპანია “მზეში”. არასდროს დამავიწყდება პირველი დღეები, როდესაც დაბნეული ცხვარივით აღმოვჩნდი დიდ სამყაროში, სადაც თავის დამკვიდრება ძალიან რთული იყო. ვუყურებდი მაშინდელ ცნობილ ჟურნალისტებს, რომლებიც მხოლოდ ეკრანზე მენახა და ნათლად ვხედავდი გარდასახვას, რომელიც მხოლოდ მედიაში მომუშავე ადამიანისთვის არის გასაგები. მივხვდი, რომ მძიმე პროფესიაა, დამღლელი, თუმცა დღემდე ვგიჟდები ტელევიზორის ყუთზე და აწ უკვე სმარტფონის ეკრანზე.
თეონა განსაკუთრებულ აქცენტს აკეთებს კიდევ ერთ არჩევანზე. არჩევანზე, რომლის წყალობითაც ის სასწავლებლად წავიდა იტალიაში და არა მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტში. არადა, მოწვევა მან ამ ორივე სასწავლებლიდან ერთდროულად მიიღო. ჩემს ცხოვრებაში ყველაფერი კარგი ერთდროულად ხდება: წარმოიდგინეთ,შევდივარ აუზზე და მხვდება ორი გამოტოვებული ზარი, ერთი მამცნობს, რომ იტალიის მედიასკოლაში მიმიღეს სრული დაფინანსებით და მეორე, რომ მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტში სამწლიანი ვადით. თავბრუ დამეხვა, ჩავბრუნდი აუზში და რომ ამოვედი, მივხვდი, რომ იტალია მიხმობდა. ეს ენა დაუზარებლად ვისწავლე და ახლაც ვფიქრობ, რომ ყველაზე ბედნიერი მაშინ ვარ, როდესაც იტალიურად ვსაუბრობ. იტალიამ ძალიან დიდი ცოდნა და გამოცდილება მომცა. მედია იქ ძალიან ძლიერი და პატივსაცემი ინსტრუმენტია, გვიკითხავდნენ საუკეთესო ლექტორები და ერთადერთ უცხოელს, ერთადერთი პრივილეგია მქონდა:შემეძლო სამართლის ლექცია იტალიურად არ მომესმინა, რადგან ჩვენს ლექტორს საკმაოდ მძიმე სამხრეთული აქცენტი ჰქონდა და ძალიან რთული იყო მისი გაგება.
იტალიაში მედიასკოლის დასრულების შემდეგ, მქონდა საშუალება RAI-ში საერთაშორისო მედიის განყოფილებაში გამეგრძელებინა მუშაობა. აქ ჩემი რუსულის ცოდნა გამომადგა, ულაპარაკოდ ამიყვანეს, თუმცა გასაუბრებაზე მისული, მივხვდი, რომ ძალიან მინდოდა თბილისში ჩამოსვლა. ამ გადაწყვეტილებას რაციონალურად დღემდე ვერ ვხსნი, თუმცა ვამართლებ, რადგანაც რომ არა ის დღე, მე არ მეყოლებოდა სამი შვილი, მაშო, KEY COMMUNICATIONS-ი და TREND.GE
თბილისში რომ ჩამოვედი, ვიცოდი, რომ მუშაობა მინდოდა, მაგრამ სად, ნამდვილად არ მქონდა წარმოდგენილი. საზოგადოებასთან ურთიერთობა, მე რომ ბოლო კურსი დავამთავრე, მაშინ გახდა ცალკე ფაკულტეტი სახელმწიფო უნივერსიტეტში, თუმცა დახურეს, როგორც ვიცი. ზოგადად ვთვლი, რომ თანამედროვე ჟურნალისტიკა, ისევე როგორც საზოგადოებასთან ურთიერთობა, არის უნარების ნაკრები, რომელიც არ მოითხოვს 4-წლიან სწავლებას. ვისურვებდი, ქვეყანაში იყოს მეტი პროფესიონალი, რომელსაც ანალიტიკა შეუძლია ზოგადად კომუნიკაციის სფეროში, ეს საზოგადოების გაზრდის და საერთო სურათის დანახვის საუკეთესო საშუალებასაც მოგვცემს.
პირველი სამსახური საზოგადოებასთან ურთიერთობის სფეროში იყო “ალდაგი”. ჩემს დროს არ იყო ამ სფეროში დიდი კონკურენცია, ძირითადად ყოფილი ჟურნალისტებით კომპლექტებოდა ჯგუფი და კითხვა “მედიიდან ვის იცნობ?” სავსებით ლეგიტიმურად ჟღერდა. დღევანდელი 21 წლის ახალგაზრდები ბევრად მაგრები არიან, ვიდრე მე ვიყავი იმ ასაკში. საზოგადოებასთან ურთიერთობა ესმით როგორც სტრატეგიული და ბუნებრივი დისციპლინა და არა მხოლოდ მედიასთან ურთიერთობა ან ივენთ-მენეჯმენტი. მე მიყვარს ახალგაზრდებთან მუშაობა, მართალია, ლექციების წაკითხვას ვეღარ ვახერხებ დროის სიმცირის გამო, მაგრამ სამსახურში რამდენიმე სტაჟიორი მყავს, რომლებშიც, ვფიქრობ,ძალიან გამიმართლა.
ხშირად მიფიქრია, ავიყვანდი თუ არა 21 წლის თეონა ბაღდავაძეს სამსახურში. საერთოდ ძალიან მიყვარს საკუთარი თავის დანახვა შორიდან. ალბათ ავიყვანდი, და იმ მიზეზის გამო, რატომაც, როგორც წლების მერე მითხრა, ჩემმა მენეჯერმა ამიყვანა სამსახურში. იმდენად გულწრფელი ვიყავი და ბევრ რამეზე ვთქვი “არ ვიცი, მაგრამ აუცილებლად ვისწავლიო”, რომ ეს თვისება მეც ძალიან მაიმედებს ადამიანებში. პრაქტიკულად ჩემს პროფესიას გემო ახალ სამსახურ ში გავუგე, და მივხვდი, რომ ეს სწორედ ისაა, რისი კეთებაც მთელი ცხოვრება მინდოდა. პიარი ხომ დაინტერესებულ მხარეებს შორის საერთო ენის გამონახვის ან კეთილგანწყობილი გარემოს შექმნააა ძირითადად. ხანმოკლე გამოდგა “ალდაგში” მუშაობის პერიოდი. სულ რაღაც სამ თვეში სადაზღვევო კომპანია “საქართველოს ბანკმა” იყიდა. თეონამ კი ამის შესახებ, არც მეტი და არც ნაკლები, მედიაში გავრცელებული პრესრელიზის საშუალებით შეიტყო. ახალგაზრდა, ჯერაც დამწყებმა პიარმენეჯერმა მისთვის მეტად მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მიიღო, ტელეფონით დაუკავშირდა “საქართველოს ბანკის” მარკეტინგის სამსახურის უფროსს, თამუნა მეგრელიშვილს, – “ასეთი განცხადება შეთანხმებული უნდა იყოს ორივე მხარესთან მეთქი და საკმაოდ ხისტად ველაპარაკე. ასე გავიცანი ადამიანი, რომელიც ჩემთვის დღემდე ლიდერის (და არა ბოსის, არ მიყვარს ეს სიტყვა) იდეალად რჩება.
თამუნამ საღამოს “თბილისი მარიოტში” დამიბარა. ვიფიქრე, შენიშვნას მომცემს, მივედი საომრად მომზადებული, მან კი სამ სახური შემომთავაზა – “საქართველოს ბანკის” საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელის თანამდებობაზე. არა და, მხოლოდ 21 წლის ვარ. სულ მგონია, რომ ის რაღაცები, რაც ჩემს ცხოვრებაში ხდებოდა, იმიტომ ხდებოდა, რომ მე ვერ ვიაზრებდი ამ ყველაფრის პასუხისმგებლობას. დღესაც კი მგონია, რომ ამ თანამდე ბობაზე დათანხმება ჩემი მხრიდან ძალიან თამამი გადაწყვეტილება იყო. მე აღმოვჩნდი საქართველოში ყველაზე მსხვილ კორპორაციაში, რომელსაც ადამიანების მართვის ძალიან თავისებური სტილი აქვს.
ეს პერიოდი არ მიყვარს, მიუხედავად იმისა, რომ ვცდილობდი, ჩემი პოზიტიური დამოკიდებულება არ დამეკარგა და ჩემი თავისთვის შემომეძახა, აი, რა მაგარია, 21 წლის ასაკში ამდენს მიაღწიეო, შინაგანი შფოთვა და კორპორაციული ინტრიგები ჩემთვის ძალიან რთულად გადასატანი აღმოჩნდა. ჩემი ძირითადი საქმეც, ჰობიც, პურიც და წყალიც ადამიანებთან ურთიერთობაა. პირველად მივხვდი, რას ნიშნავს სიტყვა სუბორდინაცია, რომელიც, ბოსის არ იყოს, ძალიან არ მომწონს. პირველად დავინახე უპირობო ავტორიტარიზმი და ადამიანები, რომლებიც საკუთარი კარიერის გამო ყველაფერზე წავლენ”. ანუ იმისგან განსხვავებული, რაც, თეონა ბაღდავაძის თქმით, მის ხასიათს, მის თვისებებს შეესაბამებოდა. ეს არის ის მართვის სტილი, რომლის გარეშეც ალბათ ვერც ერთი დიდი და წარმატებული კომპანია ვერ იარსებებს, სადაც შენ უნდა იყო დიდი მანქანის ერთი ჭანჭიკი, ნაწი ლი, გქონდეს კორპორაციული კულტურის ერთობის განცდა… “მე არ მიყვარს და არ ვაღიარებ ავტორიტეტებს. მით უმეტეს არ ვაღიარებ ბრენდის ქვეშ გაერთიანებულ ავტორიტეტებს. არადა, დიდი კომპანიები სწორედ ამგვარი კორპორაციული კულტურით სულდგმულობენ.
მე ამ გარემოს და გამოწვევებს ვერ გავუძელი, ძალიან მალე გადავიწვი, თუმცა “საქართველოს ბანკიდან” წამოვიღე ყველაზე ღირებული, რაც შეიძლება ყოფილიყო – სახელი და დადებითი ურთიერთობები.
ხშირად საუბრობენ კონტაქტებზე და ნეტვორკინგზე, მე კიდევ ვსაუბრობ ურთიერთობებზე. საქართველოში კონტაქტების მოძიება მარტივია, მთავარია, ისინი პოზიტიური იყოს. ამიტომ ვარ ძალიან ფრთხილი ურთიერთობებში და მიუხედავად ჩემი საქმისა, არ მიყვარს ათქვეფა.
ამ ორმა წელიწადმა ბევრი მასწავლა – მასწავლა, პირველ რიგში, როგორი არ მინდა, რომ ვიყო და დღემდე ასე მოვდივარ. მაქვს ჩემი მართვის სტილი, რომელიც დაფუძნებულია მხოლოდ პიროვნულ მოტივაციაზე, ვერანაირი ფინანსური ინტერესი, შიში ან კონკურენცია ვერ ხდის ადამიანს პროდუქტიულს ისე, როგორც შეგრძნება, რომ ის რაღაც საამაყოსა და კარგს ემსახურება. ასეთ ადამიანებს ვეძებ და ვპოულობ… პრინციპში ხან ვპოულობ, ხან – ვერ, მაგრამ ეს სამუშაო პროცესია და შედეგი ღირს წვალებად.
პოპულარობა, რომელიც მალე მოვიდა
სირთულეებთან ერთად მოვიდა პოპულარობაც. ხშირად მბეჭდავდნენ ჟურნალებში, დავდიოდი გადაცემებში. მახსოვს, პირველად ჟურნალ “კოსმოპოლიტენში” რომ ვნახე ჩემი თავი, სიხარულით არ მეძინა. ამ ჟურნალის უცხოურენოვან გამოცემებს ვაგროვებდი და ფიქრშიც ვერ წარმოვიდგენდი, რომ მე მის ფურცლებზე აღმოვჩნდებოდი. ასე ვარ ახლაც ამ ინტერვიუზე, მიყვარს საინტერესო ისტორიების კითხვა და ყველაზე მეტად იმაზე ვღელავ, რომ მკითხველმა არ იფიქროს, არაფერი დამრჩა ამ ინტერვიუს წაკითხვის შემდეგო.
მე მაინტერესებს სოციალური ფსიქოლოგია და აქედან ვუყურებ საზოგადოებასთან ურთიერთობასაც, როგორც პროფესიას. ეს ე.წ. პოპულარობა, რომელიც ჩემი საქმიანობის პარალელურად ვითარდებოდა და ვითარდება, ჩემი ნაწილია, ძალიან მიყვარს და დიდ მნიშვნელობას ვანიჭებ. ჩემთვის მნიშვნელოვანია, რას იტყვის ჩემზე ხალხი. ეს განმსაზღვრელია ჩემი საქმიანობის და არასდროს მითქვამს და არასდროს ვიტყვი, რომ არ მაინტერესებს სხვისი აზრი ჩემ შესახებ.
ძალიან ხშირად ვფიქრობ ფორმისა და შინაარსის ურთიერთობაზე. მე ფორმის ადამიანი ვარ, ჩემი პროფესიაც ფორმის პროფესიაა, ეს არის რეპუტაციული მართვა, არსებული მოცემულობების ისე ჩვენება, რომ დადებითი განწყობები და შედეგი მოგცეს. თუმცა, ეს ყველაფერი შინაარსის გარეშე არაფერია. თუ შინაარსი არ გაქვს, რთულია, მხოლოდ ფორმა გრძელვადიან სტრატეგიაში გადაიტანო. გამუდმებით ვთხოვ ჩემს თავს, რომ მეტი და მეტი შინაარსი მივცე საქმეს და ამით ვიყო სხვებისგან განსხვავებული. სხვებზე ძლიერი. სხვებზე მოთხოვნადი. არ მინდა, ცუდად გამომივიდეს, მაგრამ ისე მოხდა, რომ ამ პროფესიაში მაინც ძირითადად ის ხალხი მოვიდა, ვინც ფორმას უფრო მეტ მნიშვნელობას ანიჭებს. ესენი არიან ადამიანები, რომლებსაც ჰყავთ კარგი სანაცნობო წრე, კარგად გამოიყურებიან, სელფის იღებენ, იცნობენ ჟურნალისტებს და ამით აგროვებენ ე.წ. კრედიტს. ეს კრედიტი, ცხადია, მეც მაქვს, მაგრამ მაინც სულ ვცდილობ, რომ ჩემს საქმეში ჰარმონიაში მოვიყვანო ფორმაც და შინაარსიც”.
და გარდა ამისა, ბუნებრივია, ჩნდება კითხვა, კიდევ რა შეიძლება იყოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სპეციალისტის მიმართ ასეთი განსაკუთრებული ინტერესის მიზეზი? ამ კითხვაზე თეონას ასეთი პასუხი აქვს:
“მიზეზი? მე დღეს 32 წლის ვარ, ქალი, რომელსაც თითქოს არაფერი განსაკუთრებული არ გაუკეთებია ისეთი, რასაც სხვა არ აკეთებს, დღესდღეობით არც ფინანსური მოცემულება მაქვს იმისა, რომ Forbes-ის ყდაზე იყოს ჩემი ფოტო. რთული კითხვაა, არვიცი, რა იყო ამის მიზეზი, იქნებ გულწრფელობა – გულწრფელად ვსაუბრობ როგორც წარმატებაზე, ისე წარუმატებლობაზე”.
უნდა დავეთანხმო, გულწრფელობა ჯერ კიდევ ინტერვიუს დასაწყისში გამოავლინა, როდესაც მოჰყვა 8 წლის თეონას ამბავს,რომელიც “გოგონა გარეუბნიდან” აღმოჩნდა 53-ე სკოლის ყველაზე ამბიციური სოციუმით დაკომპლექტებულ კლასში.
“მე ვიცი, რა არის ბულინგი და ეს ძალიან ადრეულ ასაკში გავიარე, თუმცა ბულინგისა და ზოგადად წარუმატებლობის წინააღმდეგ ბრძოლის საუკეთესო საშუალება იუმორია. მე თვითონ ვხუმრობ ჩემს თავზე ყოველთვის. ეს თვისება დღემდე მეხმარება, ვერაფერი დამაკლოს ადამიანების დაუსაბუთებელმა კრიტიკამ.
მე ძალიან თვითკრიტიკული ვარ და მყავს რამდენიმე მეგობარი, რომელთაც აზრს მუდმივად ვეკითხები, იმიტომ რომ მარტივია, ჩავარდე ხიბლში და თავი მოიტყუო, რომ ძალიან მაგარი ხარ”.
ეს გულწრფელობა ხელსაც მიშლისო, ამბობს თეონა. მაგალითად კი სოციალურ ქსელში, ფეისბუკში აქტიურობა მოჰყავს: “ხანდახან ისე ხდება, რომ ნახევარი დღე უცნობი თუ ნაცნობი ადამიანების მოგერიებაში გადის”…
“საქართველოს ბანკში” წელიწადნახევრიანი მუშაობის შემდეგ თეონამ ცხოვრებაში ყველაზე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მიიღო – დაოჯახებისა და ბავშვის გაჩენის. თუმც აარ გამოდგა ადვილი სახლში ჯდომა იმ ადამიანისთვის, რომელიც 16 წლიდან მუშაობასაა მიჩვეული. 8 თვის ორსულმა ერთ-ერთი ამერიკული საინვესტიციო კომპანიისთვის დისტანციურად დაიწყო მუშაობა. შემდეგ კი გაჩნდა იდეა ლონდონის პიარისა და ბრენდინგის სკოლისწარმომადგენლობი სთბილისში გახსნისა. პიარსკოლის წარმომადგენლობა თეონამ ორ საუკეთესო მეგობართან ერთად, 23 წლის ასაკში გახსნა. სკოლას ოთხი წარმატებული გამოშვება ჰქონდა. თეონას თქმით, პიარსკოლის განახლების იდეა მისი ერთ-ერთი მიძინებული პროექტია, რომელსაც ის აუცილებლად დაუბრუნდება.
“ზოგადად კვირა არ გავა, რომ ტრენინგების ან ლექტორობის შემოთავაზება არ მივიღო. ამას დაახლოებით 8 წელი ვაკეთებდი, თუმცა ახლა სხვა რაღაცებზე ვარ კონცენტრირებული, ამის დრო ისევ დადგება. გამოცდილების დაგროვების პარალელურად, მგონი, უფრო საინტერესო ვიქნები როგორც ლექტორი”.
ექვსი წელი “ბილაინში“. კომფორტის ზონის დატოვება
ყველაზე დიდი დრო თეონამ კომპანია “ბილაინში” დაჰყო. ამბობს, რომ იქ ცხოვრების უმნიშვნელოვანესი ხანა, ექვსი წელი გაატარა. თეონა ბაღდავაძისა და “ბილაინის” შეთანხმება კი გულისხმობდა იმას, რომ თეონას შეეძლო კომპანიაში მუშაობის პარალელურად, კომპანიისგან დამოუკიდებლად განეხორციელებინა მისთვის საინტერესო პროექტები. სწორედ ამ პერიოდში დაიგეგმა ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული მუსიკალური პროექტი Tbilisi Open Air-ი, მუშაობდა UNICEF-ის, AVON-ის, BOSH-ის კონსულტანტად. თეონა, კომპანიაში მუშაობასთან ერთად სხვა, საკმაოდ დიდ პიარკამპანიებს გეგმავდა: “ჩემს თავს სულ ვეუბნები, რომ კომფორტის ზონიდან უნდა გამოვიდე. თუმცა ისე გამოვიდა, რომ დისკომფორტი ჩემი ყველაზე დიდი კომფორტია. ამიტომ ჩემთან ურთიერთობა მარტივი არ არის. მიუხედავად იმისა, რომ უკონფლიქტო ადამიანი ვარ, არ მოვითხოვ ბევრს, ვთვლი, რომ ეს მუდმივი ქაოსი, გადარბენა, საქმე, ართულებს ჩემთან ურთიერთობებს. დღეს მე ასეთი ვარ. შეიძლება ხვალ სხვა ტიპად ვიქცე. იმ პროექტების დიდი ნაწილი, რომელთაც მე “ბილაინში” მუშაობის პარალელურად ვაკეთებდი,არ იყო ფინანსური ინტერესის წყარო, უფრო საკუთარ თავს ვუმტკიცებდი, თუ რამდენი შემიძლია. ხშირად ვხუმრობ, რომ ჩემი ყოველი ახალი პროექტი პროტესტია სამზარეულოს მიმართ. სახლში ფუსფუსი არ მიყვარს, დიდხანს ვატყუე ჩემი თავი, სანამ მივიღებდი ისეთს, როგორიც ვარ.ალბათ ეს არის ადამიანების ყველაზე გრძელი და მტანჯველი, ხშირად დანტე ალიგიერისეული გზა.
ის სიტყვები, რომლებიც ადამიანებისთვის პოზიტიურ განწყობასთან ასოცირდება, პანიკაში მაგდებს, მაგალითად – სტაბილურობა. მგონია, რომ ამ ქაოსით, ახალი იდეებითადა გზებით ვამართლებ ჩემს არსებობას.
“ბილაინში” მუშაობამ თეონას დიდი გამოცდილება შესძინა. მან ისწავლა, როგორ მიიღოს მინიმალური ფინანსებით მაქსიმალური შედეგი. “საქართველოს ბანკში” მიჩვეული ვიყავი ძალიან დიდ თანხებთან მუშაობას. “ბილაინში” სულ სხვა სიტუაცია დამხვდა, “ნული ლარი” იყო ჩემი ბიუჯეტი. და მივხვდი, რომ მე არ მაქვს ფუფუნება, რომ, მაგალითად, ვაწარმოო კომპანიის მედიამონიტორინგიც კი. არ მაქვს საშუალება, რომ გავაკეთო რაიმე კრეატიული, რადგან არ მაქვს ამის თანხა. ანუ გავღარიბდი. მიჩვეული ვიყავი დიდ პროექტებზე მუშაობას, “საქართველოს ბანკში”, მაგალითად, მონსერატ კაბალიეს ჩამოყვანას გავიხსენებ, ფონდ “იავნანასთან” ერთად.
“ბილაინში” კი ამის მეათედის კეთების საშუალებაც არ იყო. ასეთმა ცვლილებამ ძალიან დიდი ძალა მომცა და დღემდე ვიყენებ მას. მე ჩემი “ნული ლარით” ვიღებდი იმაზე მეტ შედეგს, ვიდრე სხვები – გაცილებით მეტი თანხით.
საერთოდ, ფულთან ძალიან ჩემეული დამოკიდებულება მაქვს. ფული არის იმისთვის, რომ ისიამოვნო და განტვირთვა შეძლო. სხვა დანიშნულება ფულს ჩემს ცხოვრებაში არასდროს ჰქონია. არასდროს დამითვლია, რამდენი ფული მაქვს, არ დამითვლია, რამდენს ვხარჯავ, ხშირად აღმომიჩენია, რომ ბარათზე თანხა აღარ მაქვს. მე იმდენს ვმუშაობ, რომ, წესით, გაცილებით მეტი შემოსავალი უნდა მქონდეს, მაგრამ მგონია, რომ ესეც ჩემი ხასიათის ნაწილია. როგორც კი იმაზე ფიქრს დავიწყებ, რომ ფული უნდა ვიშოვო, ის ენთუზიაზმი, რაც ახლა მაქვს, აუცილებლად ჩაკვდება”.
ჩემეული დამოკიდებულება მაქვს ნივთებთანაც, გავჯიუტდი და ძველ თბილისში ვიყიდე ბინა, იმიტომ რომ აქ განსაკუთრებულად კარგად ვგრძნობ თავს, ისეთივე სასაცილო არგუმენტები მაქვს, როგორიცმედეა ჯაფარიძის გმირსფილმიდან “მზე შემოდგომისა“.
ვმართავდი მანქანას 12 წელი, თუმცა ერთ დღესაც გადავწყვიტე, რომ ეს საქმიანობა იმდენ დროს და ენერგიას მართმევს, რომ ამ დროში ბევრად მეტ სასიამოვნო და სასარგებლო საქმეს მოვასწრებ. TAXIFY-თ მგზავრობა კი გაცილებით მეტ თავისუფალ დროს მიტოვებს, როდესაც მეილებს შემიძლია ვუპასუხო ან ფეისბუკზე სტატუსი დავწერო.
გასაღები – პირადი ბიზნესის გასაღებად
დღეს თეონა ბაღდავაძე საზოგადოებასთან ურთიერთობის მართვის კომპანია Key Agency-ის დამფუძნებელი და დირექტორია. საკუთარი კომპანიის დაფუძნება თითქოს ნელ-ნელა, მაგრამ ამასთანავე გაუცნობიერებლად სწრაფად მოხდა. როდესაც “ბილაინიდან” წამოსვლა გადაწყვიტა, რეაქციად გარშემომყოფთა გაოცება დაიმსახურა. როგორც მისი თამამი წამოწყებების საუკეთესო გამზიარებელმა,მამამ დაუჭირა მხარი. თეონა ბაღდავაძე ამბობს, რომ დღეს მას აქვს ფუფუნება, რომ თუნდაც 50 პოტენციურ კლიენტს შორის მისთვის სასურველი და საინტერესო ხუთიაირჩიოს. მე არ ვარ რაოდენობის ადამიანი, ამბობსთეონა, მე ცოტა და ხარისხიანი საქმის ადამიანი ვარ. ორი წლის განმავლობაში თეონა ბაღდავაძემ და მისმა კომპანიამ იმუშავეს ისეთ ცნობილ საერთაშორისო თუ ადგილობრივ ბრენდებთან, როგორიცაა, McDonald’s-ი, Zara, GD ALCO, Kaltenberg–ი, TheBiltmore-ი, არქი ჯგუფი, Silknet–ი, ქართული მინის კომპანია და სხვა. კომპანიის წლიურმა ბრუნვამ 300 000 ლარი შეადგინა, რომელიც წინა წელთან შედარებით 30%-ითაა გაზრდილი.
“ერთ გადასარევ კლიენტთან გავაფორმე კიდევ ხელშეკრულება, სამწუხაროდ, არ მაქვს თქმის უფლება, თუმცა ამ ბრენდის უჩემოდ აქ შემოსვლა ჩემი პრესტიჟის საქმე იქნებოდა ;)“.
დისკომფორტი – ყველაზე დიდი კომფორტი
კომპანიის წარმატების ერთ-ერთი საფუძველი თავად კომპანიის გუნდია, თუმცაარის კიდევ თეონა ბაღდავაძის რამდენიმე თვისება, რომლებიც მას წარმატების მიღწევაში დაეხმარა და ეხმარება: “მთავარია, არ დაკარგო დროის აქტუალობის შეგრძნება, რა არის დღეს მნიშვნელოვანი, რა არის დღეს ტრენდული. ანუ, ან ცოტა წინ უნდა გაუსწრო მოვლენებს, ან იყო ამ მოვლენის მონაწილე. ამ სფეროში თუ მუშაობ, ცნობისმოყვარე უნდა იყო. ალბათ ცნობისმოყვარეობა არის ერთ-ერთი თვისება, რომელიც მე ძალიან მეხმარება კონკრეტული გადაწყვეტილებების მიღებაში. გარდა ამისა – სტრესული სიტუაციების მართვის უნარი. ხშირად თვითონაც ვერ ვხვდები, სად ვპოულობ ძალას, რომ სტრესული სიტუაციებიდან გამოვძვრე. მიყვარს სიტუაციის კონტროლი და ვუფრთხილდები საკუთარ რეპუტაციას”.
სწორედ რეპუტაცია და ასევე თავისუფლების განსაკუთრებული სიყვარულია ერთ-ერთი მიზეზი იმისა, რომ თეონა ბაღდავაძეს არასდროს უმუშავია და, როგორც ამბობს, არც არასდროს იმუშავებს პოლიტიკურ პიარზე. “მიუხედავად ძალიან ბევრი სახარბიელო შემოთავაზებისა, პოლიტიკური პიარის დაკვეთა არასდროს ამიღია, რადგან ჩემთვის თავისუფლება ძალიან დიდი კომფორტია. თავისუფლების სიყვარულია მიზეზი იმისა, რომ მე დღეს აქ ვარ და მაქვს ჩემი კომპანია. “ბილაინიდან” წამოსვლის შემდეგ ერთ-ერთმა ძალიან დიდმა კომპანიამ შემომთავაზა მათთან წასვლა, საკმაოდ კარგი პირობებით, მაგრამ მივხვდი, რომ ისევ უკან დაბრუნება, სხვა დიდი კომპანიის ქვეშ მოქცევა, ჩემთვის მოსაწყენი იქნებოდა, ამ სიტყვის კი ყველაზე მეტად მეშინია.
კიდევ ერთი იდეა, რომელიც თეონა ბაღდავაძემ პარტნიორებთან ერთად განახორციელა ცოტა ხნის წინ, ეს არის ინტერნეტპლატფორმა trend.ge: “ამ საიტს თავისი გრძელვადიანი მიზნები აქვს, უბრალოდ ახლა ამაზე არ ვილაპარაკებ. ეს არის საერთაშორისო გამოცდილებისა და ადგილობრივი ინფორმაციის ნაზავი. საკმაოდ დიდი გამოწვევა აღმოჩნდა ჩემთვის, თუმცა დამკვეთებისა და, რაც მთავარია, მკითხველების მზარდი რაოდენობით თუ ვიმსჯელებთ, საიტმა უკვე ბევრი გააკეთა.
თეონა ბაღდავაძის სახელს ძალიან ბევრი ცნობილი კამპანია უკავშირდება. მათ შორის ისეთები, როგორიცაა საერთაშორისო საქველმოქმედო ღონისძიება, რომელსაც გასული საუკუნის 80-იან წლებში დაედო საფუძველი RedNoseDay – “წითელი ცხვირის დღე” და რომელშიც მსოფლიოს მასშტაბით არაერთი ცნობილი ადამიანია ჩართული. 2017 წლის გაზაფხულზე, კამპანიის საქართველოში ჩატარების ლიცენზიის მოპოვების შემდეგ, ძალიან ბევრმა ცნობილმა თუ უცნობმა ადამიანმა მოირგო წითელი, ე.წ. კლოუნის ცხვირი და აქციიდან შემოსული თანხა აკა სინჯიკაშვილთან ერთად განიკარგება.
ერთ-ერთი ბოლო, გახმაურებული კამპანია, რომელიც ასევე თეონა ბაღდავაძის სახელს უკავშირდება, ეს არის კამპანია #11 ივნისი. თითქმის ორი თვის განმავლობაშისოციალური ქსელი ვარდისფერი ნივთების ფოტოებმა მოიცვა. თეონა ბაღდავაძემ კამპანია ძუძუს კიბოს მარათონის აღსანიშნავად სიუზან კომენის ფონდთან ერთად წამოიწყო: “ეს კამპანია საქართველოში დიდი ხანია, ტარდება, მაგრამ ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ ამ გზით კამპანიაში უფრო ბევრი ადამიანი ჩაერთვებოდა და ის საყოველთაო გახდებოდა”.
თეონას აქვს ერთი თვისება, რომელიც მას ბევრი ადამიანისგან გამოარჩევს. თუკი ერთხელ მაინც გადააწყდები მის ჩანაწერს სოციალურ ქსელში, რომელიც ძალიან ხარისხიანი იუმორით არის გაჯერებული, ჩათვალე, რომ მისი პოსტების მიმდევარი ხდები. მისი იუმორი ეხება როგორც პირადად მას, ისე მის გარშემო, ჩვენგარშემო მიმდინარე მოვლენებს. თეონა ამბობს, მაშინ ვხვდები, რომ ძალიან დავიღალე, როცა ვეღარ ვხუმრობო.
დაღლა და ძალების გამოცლ აარც ისეთი იშვიათია იმ სფეროში, რომელიც ერთდოულად მოითხოვს როგორც გონებრივ, ისე ფიზიკურ აქტივობას. ეს ის სფეროა, რომელიც მუდამ ფორმაში ყოფნას მოითხოვს. თეონაც დიდ მნიშვნელობას ანიჭებს იმას, თუ როგორ გამოიყურება. ვარჯიშობს, მისდევს იოგას, კვირაში სამჯერ ცურავს. ეს მას ძალების აღდგენაში ეხმარება: “მე მიყვარს კარგად ცხოვრება. მინდა, რომ ყოველთვის კარგად ვიცხოვრო და მქონდეს იმის საშუალება, რომ რაც მომწონს, ის მქონდეს. მაგალითად, წავიდე ძვირადღირებულ სპაში, სალონში. მე არ ვიცი, სხვის თვალში როგორ გამოვიყურები, მაგრამ ჩემთვის ეს სერიოზული საფიქრალი და საზრუნავია. საერთოდ მგონია, რომ გარეგნობაზე ზრუნვა არის შენი დამოკიდებულება სამყაროს მიმართ. მე ერთი ცხოვრება მაქვს, ეს ცხოვრება როდის დამთავრდება, არავინ იცის, ამიტომ ვცდილობ, ვისიამოვნო მისი საჩუქრებით. ხშირად მსმენია, რომ თეონა ბაღდავაძე საკუთარი თავის პრომოუშენს აკეთებსო. მე ვფიქრობ, რომ ეს ძალიან ბუნებრივია. მე ისეთ პროფესიას ვემსახურები, რომ შენი თავის პრომოუშენი თუ არ გააკეთე, არაფერი გამოვა”.
თეონას ყელზე კულონი უკეთია, ვერცხლის გასაღები. გასაღები, რომლითაც გგონია, რომ ყველა კარგს გააღებს, რომელსაც კი მოისურვებს. მითუმეტეს, რომ წინ ჯერ კიდევ მთელი ცხოვრებაა. ცხოვრება, მაღალ ქუსლებზე გასავლელი და თუ დაიღლება, სამუშაო მაგიდის ქვეშ, ყოველი შემთხვევისთვის, პირსახოცის კომფორტული ჩუსტები ელოდება, რომ ცოტა დაისვენოს და ახალი ძალებით განაგრძოს გზა.
დატოვე კომენტარი