ცნობილი ესპანელი მხატვრის, პაბლო პიკასოს 11 ნამუშევარი, მათ შორის ნახატები და ხელოვანის მიერ გამოძერწილი დოქი, Sotheby’s-ის აუქციონზე 110 მილიონზე მეტ აშშ დოლარად გაიყიდა. ხელოვნების ნიმუშები, რომლებსაც კომპანია MGM Resorts International-ი ფლობდა, აშშ-ის ქალაქ ლას-ვეგასში მდებარე სასტუმრო Bellagio Hotel-ის ფრანგულ-ესპანურ რესტორანში წლების განმავლობაში იყო გამოფენილი.
აღსანიშნავია, რომ აუქციონი პაბლო პიკასოს 140 წლის იუბილეს დაემთხვა. მასზე წარმოდგენილი ყველაზე გამორჩეული ნამუშევარი ესპანელი ხელოვანის მიერ 1938 წელს დახატული პორტრეტი – „Femme au béret rouge-orange“-ი იყო, რომელშიც 40 მილიონზე მეტი აშშ დოლარი გადაიხადეს. ნახატზე ფრანგი მოდელი, მარი-ტერეზა ვალტერია გამოსახული, რომელთანაც პიკასოს სასიყვარულო ისტორია აკავშირებდა. 1935 წელს მათ ქალიშვილი შეეძინათ.
Sotheby’s-ის აუქციონზე ასევე გამოტანილი იყო პაბლო პიკასოს მიერ მეორე მსოფლიო ომის პერიოდში შესრულებული ორი კუბისტური ნახატი – „Nature morte au panier de fruits et aux fleurs“-ი და „Nature morte aux fleurs et au compotier“-ი. პირველი მათგანი 16.6 მილიონ აშშ დოლარად, მეორე კი 8.3 მილიონ აშშ დოლარად გაიყიდა. პიკასოს კიდევ ერთ ნამუშევარში, “Homme et enfant”-ში 24.4 მილიონი აშშ დოლარი გადაიხადეს.
რაც შეეხება ხელოვანის მიერ 1954 წელს გამოძერწილ თეთრ დოქს, ის 60-დან 80 ათას აშშ დოლარამდე იყო შეფასებული, თუმცა, საბოლოოდ, 315 ათას აშშ დოლარად გაიყიდა.
კომპანია MGM Resorts International-ის წარმომადგენლების განცხადებით, მათ საკუთრებაში არსებულ კოლექციაში პაბლო პიკასოს კიდევ 12 ნამუშევარია დარჩენილი. როგორც ცნობილია, Sotheby’s-ის აუქციონზე გაყიდული ნივთების ადგილს სასტუმრო Bellagio Hotel-ის რესტორანში ხელოვნების სწორედ ეს ნიმუშები დაიკავებენ.
დატოვე კომენტარი