ცნობილი ესპანელი მხატვრის, პაბლო პიკასოს მიერ 1932 წელს შესრულებული ნამუშევარი, სახელწოდებით “Femme à la montre”, ოთხშაბათს, ნიუ-იორკში გამართულ Sotheby’s-ის აუქციონზე 139 მილიონ აშშ დოლარზე მეტად გაიყიდა. შედეგად, მან მიმდინარე წელს აუქციონზე ყველაზე ძვირად გაყიდული ხელოვნების ნიმუშის სტატუსი დაისაკუთრა.
პიკასოს “Femme à la montre” გარდაცვლილი ფილანთროპის, ემილი ფიშერ ლანდაუს კოლექციის შემადგენლობაში შედიოდა. აუქციონზე გამოტანილ კოლექციაში შემავალი ნამუშევრების საერთო ფასმა დაახლოებით 400 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა.
“Femme à la montre” პაბლო პიკასოს მეორე ყველაზე ძვირად ღირებული ნამუშევარია. ჯერჯერობით პირველობას ფერწერული ტილო “Les femmes d’Alger (Version ‘O’)” ინარჩუნებს, რომელიც 2015 წელს Christie’s-ის აუქციონზე $179.3 მილიონად გაიყიდა.
“Femme à la montre”, რომელიც ფრანგულიდან ითარგმნება როგორც „ქალი საათით“, ფრანგი მოდელის, მარი-ტერეზ ვალტერის პორტრეტია. შეგახსენებთ, რომ პიკასოს ვალტერთან სასიყვარულო ურთიერთობა აკავშირებდა. 1935 წელს წყვილს ქალიშვილი შეეძინა. მარი-ტერეზით შთაგონებულმა პიკასომ მისი არაერთი პორტრეტი შექმნა. ცნობისთვის, ერთ-ერთი მათგანი, „Femme nue couchée“, გასული წლის მაისში ნიუ-იორკში გამართულ Sotheby’s-ის აუქციონზე $67.5 მილიონად გაიყიდა.