ლეგენდარული ბრიტანული როკჯგუფი, Pink Floyd-ი საკუთარი მუსიკალური კატალოგის სრულად გაყიდვას განიხილავს, – ამის შესახებ Bloomberg-ი წერს. როგორც ირკვევა, ბოლო დღეების განმავლობაში, Pink Floyd-ის წარმომადგენლები პოტენციურ მყიდველებს დაუკავშირდნენ, მაგრამ კონკრეტულ შეთანხმებაზე საუბარი ჯერჯერობით ნაადრევია.
აღსანიშნავია, რომ ბოლო დროს, მუსიკალური საავტორო უფლებების ბაზარი განსაკუთრებით საინტერესოდ ვითარდება და მოსალოდნელია, რომ ამგვარი გარიგებით, Pink Floyd-ის წევრები ასობით მილიონ აშშ დოლარს მიიღებენ. აქვე შეგახსენებთ, რომ გასულ წელს საკუთარი მუსიკალური კატალოგები ბობ დილანმა და ბრიუს სპრინგსტინმაც გაყიდეს – დილანის კატალოგზე საავტორო უფლებები Sony Music-ს $150 მილიონზე მეტი დაუჯდა, ხოლო სპრინგსტინის მუსიკალურ კატალოგში $550 მილიონზე მეტი გადაიხადა.
ისე კი, აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ კოლოსალური გარიგებების შემდეგ, მუსიკალური ბაზარი ე.წ. გაცივების ფაზაში შევიდა. თუმცა, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ Pink Floyd-ისთვის ეს წინააღმდეგობად არ ჩაითვლება – მხოლოდ აშშ-ში, როკჯგუფის 75 მილიონი ალბომი არის გაყიდული, რამაც ამერიკის ხმის ჩამწერთა ასოციაციის რეიტინგში ჯგუფს მე-10 ადგილი მოუტანა. ცნობისთვის, Pink Floyd-ის გაყიდულ ჩანაწერთა რაოდენობა ბობ დილანისას ორჯერ აღემატება.
დატოვე კომენტარი