2022 წელს, პირველ ამერიკელ ასტრონავტ ქალს, სალი რაიდს 25-ცენტიანზე გამოსახავენ, – ამის შესახებ ინფორმაციას აშშ-ის სახელმწიფო ზარაფხანა ავრცელებს. სალი რაიდი კოსმოსში ორჯერ გაემგზავრა: 1983 და 1984 წლებში, Challenger-ის მისიის ფარგლებში. საერთო ჯამში, სალი რაიდმა კოსმოსში 343 საათზე მეტი გაატარა, მაგრამ მას მერე, რაც 1986 წლის კატასტროფის შემდეგ NASA-მ Challenger-ის პროგრამა დახურა, ასტრონავტობაზე უარი თქვა. სამწუხაროდ, ის 2012 წელს, სამოცდაერთი წლისა გარდაიცვალა.
კოსმოსში პირველად გამგზავრებისას რაიდი სულ რაღაც 32 წლისა იყო, რამაც მას ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა ასტრონავტის ტიტული მოუტანა, რომელიც ოცდათვრამეტი წლის განმავლობაში ვერავინ ჩამოართვა. ცნობისთვის, ეს რეკორდი ჰეილი არსენომ მოხსნა, რომელიც კოსმოსში SpaceX-ის Inspiration4-ის მისიის ფარგლებში, ამა წლის სექტემბერში გაემგზავრა.
გარდა იმისა, რომ სალი რაიდი პირველი ამერიკელი ქალი ასტრონავტია, ის რიგით მესამე ქალია, რომელმაც კოსმოსში იმოგზაურა – მანამდე ეს პატივი წილად საბჭოთა კავშირის წარმომადგენლებს, ვალენტინა ტერეშკოვას და სვეტლანა სავიცკაიას ხვდათ.
აღსანიშნავია, რომ „ამერიკელი ქალების გამოსახულებიანი 25-ცენტიანების პროგრამის“ ფარგლებში, სალი რაიდის გარდა, აშშ-ის სახელმწიფო ზარაფხანა მონეტებზე მწერალ მაია ენჯელოუს, ინდიელ აქტივისტ უილმა მენქილერს, განმანათლებელ ნინა ოტერ-უორენსა და კინომსახიობ მეი ვონგს გამოსახავენ. აშშ-ის სახელმწიფო ზარაფხანის პროგრამა 2022 წელს დაიწყება და სამ წელს გასტანს – თითოეულ წელს, 25-ცენტიანებზე ხუთ გამოჩენილ ამერიკელ ქალს გამოსახავენ.
დატოვე კომენტარი