პირველად საქართველოში კომპანია “EY საქართველო” ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მხარდაჭერით გამართავს ბიზნეს დაჯილდოებას “წლის მეწარმის” გამოსავლენად. აღსანიშნავია, რომ კომპანია EY მსოფლიოს 60-ზე მეტი ქვეყნის 145 ქალაქში ატარებს მსოფლიოში ყველაზე პრესტიჟულ და მაშტაბურ დაჯილდოებას მეწარმეობის სფეროში. დაჯილდოების ისტორია 28 წელს ითვლის. 2014 წლის ნოემბერში საქართველოც შეუერთდება ამ ქვეყანათა რიგს და გამოავლენს წლის საუკეთესო მეწარმეს.
საქართველოში კონკურსის გენერალური სპონსორია “საქართველოს ბანკი”, მედია სპონსორი – ბიზნეს გამოცემა Forbes Georgia.
“წლის მეწარმის” კონკურსისადმი მიძღვნილი პრესკონფერენცია გაიმართა გუშინ, 7 მაისს.
პრესკონფერენციაზე სიტყვით გამოვიდნენ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ქეთევან ბოჭორიშვილი, “EY საქართველოს” მმართველი პარტნიორი რულან ხოროშვილი, “საქართველოს ბანკის” გენერალური დირექტორი ირაკლი გილაური და საქართველოს თანაინვესტირების ფონდის აღმასრულებელი დირექტორი და კონკურსის დამოუკიდებელი ჟიურის წევრი გიორგი ბაჩიაშვილი.
“წლის მეწარმის” უნიკალური მნიშვნელობის მქონე ჯილდოს მიზანია წარმატებული მეწარმეების გამოვლენა და მათ მიერ საკუთარი ქვეყნის თუ მსოფლიო ეკონომიკის განვითარებაში შეტანილი წვლილის აღიარება. დაინტერესებულ მეწარმეებს 2014 წლის 7 მაისიდან 1 ივლისის ჩათვლით შეეძლებათ კონკურსის განაცხადის ფორმის შევსება ვებგვერდზე: ey.com/eoy/ge.
2014 წლის ნოემბერში ჟიურის გადაწყვეტილების საფუძველზე დასახელდება 2014 “წლის მეწარმის” ტიტულის მფლობელი.
საქართველოში “წლის მეწარმის” კონკურსის გამარჯვებული, 2015 წლის ივნისში, გაემგზავრება მონტე კარლოში გამართულ მსოფლიოს წლის მეწარმის კონკურსზე – World Entrepreneur Of The Year®
დატოვე კომენტარი