პირველი ჩინური ელექტროჯიპი ბაზარზე მალე გამოჩნდება, რომლის ღირებულება დაახლოებით 28,000 აშშ დოლარი იქნება. სპეციალისტები ვარაუდობენ, რომ შეთავაზებული კონკურენტული ფასით ჩინური ელექტრომანქანა მომხმარებლებს ისეთ ცნობილ ავტობრენდებს წაართმევს, როგორიც ფოლკსვაგენი და ტესლაა.
შანხაიში დაფუძნებულმა კომპანია Aiways-მა უკვე შეძლო საჭირო ნებართვებისა და სერთიფიკატების მოპოვება ევროპის ბაზრებზე შესასვლელად. კომპანია გაყიდვების დაწყებას მომავალი წლის მეორე კვარტალში აპირებს.
ელექტროჯიპი, სახელწოდებით U5, ჩინეთში 29 ნოემბრიდან გამოჩნდება. კომპანია პარალელურად აქტიური მარკეტინგული კამპანიის დაწყებას აპირებს, რომელიც გულისხმობს მანქანების წარმოდგენას დიდი ქალაქების შოურუმებში და ასევე ონლაინ გაყიდვებს. მანქანის ფასი ადგილობრივი ბაზრისთვის 200,000 – 300,000 იუანით განისაზღვრება (დაახლოებით 29,000 – 43,000 აშშ დოლარი).
ევროპულ ბაზარზე კომპანია ფეხის მოკიდებას ნორვეგიიდან, ნიდერლანდებიდან და გერმანიიდან დაიწყებს. ელექტროჯიპის საბაზისო მოდელის ღირებულება 25,000 ევრო იქნება და ეს მაშინ, როცა ფოლკსვაგენის პატარა ელექტრომანქანის ღირებულებაც კი 30,000 ევროდან იწყება, ხოლო ტესლას მოდელებზე ფასი 100,000 ევროსაც კი უტოლდება.
წყარო: Bloomberg.
დატოვე კომენტარი