ტფილისელი ბანკირის, თამბაქოსა და ნავთობის მაგნატის, ალექსანდრე მანმთაშევის კონკურენტები როტშილდები და ნობელები იყვნენ.
ალექსანდრე მანთაშევი – ნავთობის მომავალი მაგნატი – 1842 წელს ტფილისში დაიბადა. ბავშვობა ირანში, ქალაქ თავრიზში გაატარა მამასთან ერთად, რომელიც იქ ვაჭრობით იყო დაკავებული, ხოლო თანამედროვე გაგებით ნამდვილი ბიზნესი ინგლისში შეისწავლა.
ალექსანდრე 27 წლის იყო, როცა მანჩესტერში ჩავიდა და იქიდან მამას ამარაგებდა ბამბეულითა და სხვა საქონლით. სამი წლის შემდეგ ინგლისიდან ირანში დაბრუნებული მანთაშევი მამასთან ერთად ტფილისში გადავიდა საცხოვრებლად.
თავიდან მანთაშევებმა ერივანსკის (დღევანდელი თავისუფლების) მოედანზე მდებარე სასტუმრო “კავკაზის” პირველ სართულზე ქსოვილების მაღაზია გახსნეს. მალე პირველს მეორე მაღაზიაც მიაყოლეს და საცალო ვაჭრობიდან საბითუმოზე გადავიდნენ.
მშობლების გარდაცვალების შემდეგ ახალგაზრდა ალექსანდრეს მემკვიდრეობით 200 ათასი მანეთი ერგო. ამ ფულით მან ტფილისის კომერციული ბანკის აქციების საკონტროლო პაკეტი იყიდა და მის მთავარ აქციონერად იქცა. ცოტა ხნის შემდეგ კი ბანკის ადმინისტრაციული საბჭოს თავმჯდომარეც გახდა – პოზიცია, რომელსაც ის სიცოცხლის ბოლომდე იკავებდა.
თუმცა მანთაშევის ბიზნესმა რეალური წარმატება XIX საუკუნის ბოლოს განიცადა, როდესაც რუსეთის იმპერიაში ნავთობის ფართომასშტაბიანი გამომუშავება დაიწყეს. ამ მიმართულებით მოხდა ბაქოს წინ წამოწევა, რადგან 1880-იან წლებში ქალაქმა უკვე გაითქვა მსოფლიოში სახელი როგორც ნავთობის მოპოვების ცენტრმა. ქალაქში უკვე მუშაობდნენ ისეთი დიდი ფინანსური ოჯახები, როგორიც როტშილდები და ნობელები გახლდნენ. მათთვის კონკურენციის გაწევა რომ შეძლებოდა, მანთაშევმა გადაწყვიტა, ცნობილ მეწარმესთან, მიქაელ არამიანცთან წამოეწყო სანავთობო ბიზნესი. მათ ერთმანეთი ჯერ კიდევ არამიანცის თავრიზში ყოფნისას გაიცნეს. მანთაშევი ირანში მამასთან იყო ჩასული და იქ საკმაოდ დიდ მოგებას ვაჭრობით ნახულობდა.
თავდაპირველად ორ ადამიანს შორის კარგი ურთიერთობა ჩამოყალიბდა და მანთაშევი დათანხმდა კიდეც არამიანცის შემოთავაზებას, ბაქოში საერთო სანავთობო ბიზნესი წამოეწყოთ.
სანავთობო ბიზნესი კარგად ვითარდებოდა, რაც 1899 წლის 11 ივნისს სააქციო და სანავთობო საზოგადოება “ა.ი. მანთაშევი და კომპანიის” დებულების ოფიციალურად მიღებით განმტკიცდა. კომპანიის დამფუძნებლები იყვნენ ტფილისის პირველი გილდიის ვაჭარი მანთაშევი და ბაქოს პირველი გილდიის ვაჭარი არამიანცი. საერთო კაპიტალი 22 მილიონ მანეთს შეადგენდა, ანუ სულ 88,000 აქციას, რომლიდან თითოეული 250 მანეთად ფასობდა. მიღებული დებულების მიხედვით, კომპანიას ხუთი დირექტორისგან შემდგარი საბჭო მართავდა, რომლის არჩევაც აქციონერთა საერთო კრებით ხდებოდა. ამ კომპანიაში მიქაელ არამიანცს 25%-იანი წილი ჰქონდა.
აფშერონის ნახევარკუნძულზე (სადაც ქალაქი ბაქო მდებარეობს) კომპანიის საკუთრებაში იყო ნავთობით მდიდარი დაახლოებით 174 ჰექტარი მიწის ფართობი.
თუმცა დროთა განმავლობაში არამიანცსა და მანთაშევს შორის ურთიერთობა დაიძაბა. კომპანიის მიერ მიღებული დიდი შემოსავალი ორ მდიდარ ადამიანს შორის განხეთქილების საგნად იქცა. მანთაშევს კომპანიაში სრული დომინირება სურდა და ამიტომ მალულად დაიწყო თავისი კომპანიონების აქციების შესყიდვა, რაც საერთო ბიზნესიდან მათ განდევნას გამოიწვევდა. არამიანცს მოუწია გასვლა სანავთობო წამოწყებიდან და საერთოდ ქალაქ ბაქოდან უკან, ტფილისში დაბრუნება. იმ დროისათვის მისი ქონება გაყიდული აქციებიდან 10,000,000 მანეთს აღწევდა.
საბოლოოდ მანთაშევის ნავთობის წარმოება მე-20 საუკუნის დასაწყისისთვის მხოლოდ ნობელებისა და როტშილდების ოჯახების ბიზნესს თუ ჩამორჩებოდა.
ბაქოში მიმდინარე უმსხვილესი ბიზნესსაქმიანობის მიუხედავად, მანთაშევი არ წყვეტდა აქტიურ საქმიანობას საქართველოში. მაგალითად, ტფილისის კომერციული ბანკი იმ დროისთვის ყველაზე ავტორიტეტული იყო მთელ კავკასიაში და მისი აქციები რუსეთის იმპერიის მთავარ, სანქტ-პეტერბურგის ბირჟაზე იყო კოტირებული. მანთაშევის გათვლა სწორი გამოდგა, რადგან მალე მისი ქონება ერთიორად გაიზარდა და 1890 წლისთვის ის უკვე პირველი გილდიის ვაჭარი და ტფილისის სათათბიროს სპიკერიც იყო.
მანთაშევი ნობელებთან და როტშილდებთან ერთად აქტიურ მონაწილეობას იღებდა მსოფლიოში პირველი, 835-კილომეტრიანი ნავთობსადენის გაყვანაში ბაქოდან ბათუმამდე.
მას დიდი წვლილი აქვს შეტანილი ასევე ტფილისის განაშენიანებაში. მანთაშევს არაერთი ცნობილი შენობის მშენებლობა დაუფინანსებია და მათ შორის იყო თბილისის სავაჭრო სკოლა, რომელიც თბილისელი ვაჭრების საზოგადოების მიერ მანთაშევის ფულით აშენდა და მრავალი წლის განმავლობაში მის სახელსაც ატარებდა. მანთაშევს ასევე წვლილი მიუძღვნის დღევანდელი ლადო ასათიანის ქუჩაზე რამდენიმე მშენებლობის დაფინანსებაში.
მის ქველმოქმედებათა ნუსხაშია მოხუცთა სახლი მთაწმინდაზე (დღევანდელი ძმ. ზუბალაშვილების ქუჩა) და უსინათლოთა სკოლა ავლაბარში. იგი თეატრალური ხელოვნების დიდი თაყვანისმცემელი იყო და ფინანსურ მხარდაჭერას უწევდა თბილისის სომეხთა თეატრალურ საზოგადოებას. და რაც მთავარია, იგი იყო “არტისტული საზოგადოების სახლის” მშენებლობის ერთ-ერთი დამფუძნებელი (შენობაში დღეს რუსთაველის სახელმწიფო აკადემიური თეატრი ფუნქციონირებს).
აღსანიშნავია ისიც, რომ მანთაშევის დაკვეთით იყო აშენებული თანამედროვე ძველ თბილისში, ბამბის ქუჩაზე არსებული ე. წ. “მანთაშევის ქარვასლები”. დღემდეა შემონახული შენობის განსკუთრებული არქიტექტურა, რომლის ავტორი ცნობილი არქიტექტორი ღაზარ სარქისიანი გახლდათ.
ალექსანდრე მანთაშევი 1911 წელს სანქტ-პეტერბურგში გარდაიცვალა, ხუთი დღის შემდეგ კი მისი ცხედარი ტფილისში გადმოასვენეს და მეუღლის გვერდით, ვანქის ეკლესიის საოჯახო აკლდამაში დაკრძალეს.
ასეთი იყო მანთაშევის რთული და მრავალფეროვანი ცხოვრება. მისი ქონება, როგორც ბევრ სხვა შემთხვევაში, 1917 წლის რევოლუციას და საბჭოთა ხელისუფლების დამყარებას შეეწირა.
დატოვე კომენტარი