მოკლე ჩამონათვალი იმ სასტუმროებისა, რომლებიც XIX-XX საუკუნეების მიჯნის ტფილისში არსებობდა.
პირველი სასტუმრო თბილისში 1818 წელს ფრანგს, ნაპოლეონის არმიის ყოფილ ჯარისკაცს, გაუხსნია. საინტერესოა, რომ ამ ჯარისკაცის გვარს ვერსად ვხვდებით და მხოლოდ ის ვიცით, რომ მას ჟან პოლი ერქვა. მისი სასტუმრო მდებარეობდა კალაში, ძველ თბილისში, იმდროინდელ “ტალახიან ქუჩაზე”. დღეს ის ალექსანდრ დიუმას სახელს ატარებს.
XIX საუკუნის დასაწყისიდან მოყოლებული, ტფილისის სასტუმროების მთელი ქსელი ვითარდებოდა. თუმცა ამ პერიოდის სასტუმროებს ერთი მთავარი რამ ახასიათებდა: შენობები XIX საუკუნის მიწურულამდე თავიდანვე სასტუმროებისთვის არ იყო განკუთვნილი. ხშირი იყო შემთხვევები, როდესაც სასტუმროს გახსნის მსურველები ლამაზ შენობებს ქირაობდნენ ტფილისის ცენტრალურ უბნებში.
ტფილისის ცნობილ სასტუმროებს შორის აღსანიშნავია ზალცმანის სასტუმრო, რომელიც რიყეზე მდებარეობდა. რიყე განსაკუთრებული იყო, რადგან ამ ტერიტორიაზე გერმანელი კოლონისტების სახლები იყო განლაგებული. სასტუმრო თეოდორ (ფრიდრიხ) ზალცმანმა თავის აშენებულ სახლშივე განათავსა.
საინტერესო იყო კიდევ ერთი გერმანელის, “ვეტცელის” სასტუმრო, რომელიც მიხეილის პროსპექტზე (დღევანდელი დავით აღმაშენებლის N103) მდებარეობდა. ვეტცელებს შორის ყველაზე წარმატებული იაკობ ფრიდრიხი (1835-1904) გახლდათ. მას ჰქონდა საკუთარი ლუდის ქარხანა, სასტუმრო, ფლობდა სახლებს თბილისსა და შემოგარენში (კოჯორსა და წავკისში). ფრიდრიხ ვეტცელი ატარებდა II გილდიის ვაჭრის ტიტულს. ერთხანს იგი ასევე იყო ქალაქის სათათბიროს წევრი. 1870-იანი წლების დასაწყისში ფრიდრიხ ვეტცელმა თავის ძმასთან, იოჰან კასპართან ერთად ლუდსახარში ქარხანა ააგო. ქარხანა დიდი მთავრის (ახლანდელი უზნაძის) ქუჩაზე მდებარეობდა. ქარხნის გარდა, ვეტცელების ოჯახი ასევე ფლობდა ლუდის რესტორანს.
ჩვენთვის საინტერესო სასტუმრო ფრიდრიხ ვეტცელმა 1897-1900 წლებში ააგო მისივე მიწის ნაკვეთზე, რომელიც, როგორც ითქვა, მიხეილის პროსპექტისა (ახლა დავით აღმაშენებლის პრ. #103) და ქსენიას (ახლა ზ. ჭავჭავაძის) ქუჩის კუთხეში მდებარეობდა. პროექტი განახორციელა თბილისში მოღვაწე გერმანელმა არქიტექტორმა ლეოპოლდ ბილფელდტმა (1838-1921 წწ.). სასტუმრო იმ დროს ყველა შესაძლო კომფორტით აღიჭურვა. სასტუმრო ნომრებში წყლის გათბობა და ელექტროგაყვანილობა იყო, ასევე იყო ლიფტი, საბილიარდე, კეგელბანი და ორი რესტორანი. ამასთან ერთად, “ვეტცელის” სასტუმროს გამოარჩევდა შენობის მარცხენა ფრთაში მოწყობილი თეატრი.
“ლონდონი” (Hotel de Londres) 1875 წელს გაიხსნა მადათოვის ქუჩის #21 სახლში (ახლანდელი ათონელის #31). ეს ტერიტორია თავდაპირველად ალექსანდრე იაკობის ძე ზუბალაშვილს ეკუთვნოდა, შემდეგ მის ძმას – კონსტანტინეს. XX საუკუნის დასაწყისში კი, კონსტანტინეს გარდაცვალების შემდეგ, ეს ტერიტორია მემკვიდრეობით ერგო მის მესამე ვაჟს – პეტრეს.
“ლონდონის” შენობის ერთ-ერთი მთავარი ხიბლი მისი სადარბაზო და კიბის უჯრედი იყო. “ლონდონი” პატარა სასტუმრო იყო: 1896 წელს ის 28 ნომრისგან შედგებოდა, სადაც დღე-ღამეში ერთი ოთახის ფასი ერთიდან ათ მანეთამდე მერყეობდა. 1914 წელს სასტუმროს უკვე კიდევ ორი ნომერი მიემატა.
“ლონდონის” ოქროს ხანა 1880-1890-იან წლებზე მოდის. ამ დროს აქ ჩერდებოდნენ შეძლებული უცხოელი მოგზაურები და ისეთი საპატიო სტუმრები რუსეთიდან, ევროპიდან და მახლობელი აღმოსავლეთიდან, როგორებიც გახლდნენ რუსი კომპოზიტორი პიოტრ ჩაიკოვსკი (1888 წს.), ჯორჯ კერზონი, შემდგომში ინდოეთის ვიცე-მეფე და ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი (1892 წ.) და ცნობილი ნორვეგიელი მწერალი კნუტ ჰამსუნი (1899 წ.).
“ლონდონის” პირდაპირ მდებარეობდა ე.წ. “მირზოევების” სახლი. ამ შენობაში 1881 წელს ჰექტორ დელალანდმა გახსნა სასტუმრო “გრანდ-ოტელი”. სასტუმროს შენობის (ახლა საცხოვრებელი სახლია, ათონელის ქ. #29/ ხიდის ქ. #1) მხოლოდ ერთი ნაწილი ეკავა. ამ შენობაში იყო განთავსებული სხვადასხვა მაღაზია და სადაზღვევო საზოგადოება “ღუზის” (Якорь) წარმომადგენლობა.
უნდა ითქვას, რომ ეს ორი სასტუმრო პოპულარობით მხოლოდ მცირე ხანს სარგებლობდა. ამის მიზეზი ბევრი იყო. მადათოვის კუნძულთან არსებული ტერიტორია არ მიიჩნეოდა ქალაქის ცენტრალურ ნაწილად; “ლონდონისა” და “გრანდ-ოტელის” სასტუმროების შენობები არ იყო იმ მასშტაბების, რომელიც XIX-XX სს მიჯნის ტფილისის ტურისტულ და კომერციულ მოთხოვნებს შეეფერებოდა.
მართლაც, XX საუკუნის დასაწყისში ტფილისში უკვე დიდი მასშტაბის სასტუმრო კომპლექსების აშენება იწყება. ცნობილმა მეცენატმა და მეწარმემ მიქაელ არამიანცმა გოლოვინის (დღევანდელი რუსთაველის გამზირი) პროსპექტზე ააგო მდიდრული სასტუმრო, რომელსაც შვილების სახელების პირველი ასოებისგან შემდგარი სახელი, “არფასტო” (არამი, ფლორა, ანა, სოლომონი, თამარა [უფროსი ვაჟის მეუღლე] და ოვანესი) უწოდა. დღეს ამ შენობაში შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტია განთავსებული.
შემდეგ არამიანცმა გოლოვინის პროსპექტზევე კიდევ უფრო გრანდიოზული პროექტის წამოწყება გადაწყვიტა. გოლოვინისა და ბარიატინსკის ქუჩების კვეთაზე ვინმე როტინოვის სახლი მდგარა, სადაც ფოტოგრაფ პეტრე განკევიჩს ატელიე ჰქონდა მოწყობილი. არამიანცმა ეს შენობა შეისყიდა და მომავალი სასტუმროს პროექტის შექმნა იმ დროის ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ, ტფილისსა და ბაქოში ცნობილ არქიტექტორს, გაბო ტერ-მიქელოვს მიანდო. არამიანცმა ტერ-მიქელოვი ევროპაში გაამგზავრა პროექტზე სამუშაოდ. შედეგად, 1915 წელს, გოლოვინის პროსპექტზე აშენდა სასტუმრო “მაჟესტიკი”, რომელიც დღეს ჩვენთვის “თბილისი მარიოტით” არის წარმოდგენილი. “მაჟესტიკის” მშენებლობა საკმაოდ ძვირი დაჯდა, რადგან შენობა მომრგვალებული ფორმის იყო.
ამ ორი სასტუმროს მოშორებით, დღევანდელი თავისუფლების მოედნის ტერიტორიაზე, იქ სადაც დღეს “ქორთიარდ მარიოტია”, მდებარეობდა ცნობილი სასტუმრო “კავკაზი”. ამ შენობის პირველ სართულზე განთავსებული იყო სავაჭრო მაღაზიები და საკუთრივ სასტუმრო ცნობილი იყო თავისი მომსახურებით.
აღნიშნული სასტუმროების გარდა, ტფილისში ასევე მრავლად იყო სხვა ბევრი ნაკლებად ცნობილი სასტუმრო. ასე მაგალითად, დღევანდელი რუსთაველის გამზირის N19-ში მდებარეობდა სასტუმრო “საბადური”. ძველ ქართულ გაზეთებში გვხვდება ამ სასტუმროს აღწერა, რომელიც არ გამოირჩეოდა განსაკუთრებული დეტალების გადმოცემით, თუმცა, მისგან განსხვავებით, სასტუმრო “პურ-ღვინოს” აღწერილობა ბევრად მეტ ინფორმაციას გვაწვდის: “ორი თავი საჭმელი (ორჯერადი კვება) ჰღირს თვეში 12 მან. სამი თავი – 18 მან. ღვინისა, არყისა და ყავის მსურველებთან განსაკუთრებული და მეტად სახეირო პირობებით შეიძლება მორიგება”.
საინტერესოა 1890-იან წლებში თანამედროვე რკინიგზის სადგურის მახლობლად მდებარე სასტუმრო “აბაშის” საგაზეთო რეკლამა, რომელიც გვამცნობს, რომ ოთახების ფასი დღეში 60 კაპიკიდან 1,5 მანეთამდე მერყეობდა.
ეს მხოლოდ მოკლე ჩამონათვალია იმ სასტუმროებისა, რომლებიც XIX-XX საუკუნეების მიჯნის ტფილისში არსებობდა.
დატოვე კომენტარი