პოლონეთმა თვითმავალი ჰაუბიცების, Krab-ების მიწოდებასთან დაკავშირებით უკრაინასთან $650 მილიონის ღირებულების სამხედრო-თავდაცვითი კონტრაქტი გააფორმა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედიაგამოცემა Ukrinform-ი ავრცელებს. მისი ცნობით, სიახლის შესახებ საზოგადოებას პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიცე-პრემიერმა, ასევე სახელმწიფო ქონებისა და ეროვნული თავდაცვის მინისტრებმა ერთობლივ პრესკონფერენციაზე აუწყეს.
პოლონეთის პრემიერ-მინისტრის, მატეუშ მორავიეცკის განცხადებით, ქვეყანამ ბოლო 30 წლის განმავლობაში ხელი ერთ-ერთ ყველაზე დიდ სამხედრო კონტრაქტს მოაწერა. მან ასევე აღნიშნა, რომ Krab-ის ტიპის თვითმავალ ჰაუბიცებს აღმოსავლეთ უკრაინაში მიმდინარე ბრძოლებში მნიშვნელოვანი როლი ექნება.
პოლონეთის პრემიერ-მინისტრის განმარტებით, სამხედრო კონტრაქტის ღირებულების დაფარვაში უკრაინას ნაწილობრივ ევროკავშირისგან მიღებული დაფინანსება დაეხმარება. სხვა ოფიციალური პირების განცხადებით, კონფლიქტის მიმდინარეობაში საარტილერიო სისტემებს უდიდესი გარდატეხა შეაქვთ. სწორედ ამიტომ, პოლონეთი კიდევ უფრო დიდი ძალისხმევით განაგრძობს მსგავსი სისტემების გაუმჯობესებას.
გარდა თვითმავალი ჰაუბიცებისა, პოლონეთმა შესაძლოა უკრაინას ხელით გადასატანი ჰაერსაწინააღმდეგო სისტემების ახალი პარტიაც მიაწოდოს. აღნიშნული სისტემების დამატებით შეძენასა და მარაგების შევსებას ქვეყნის თავდაცვის სამინისტრო საკუთარი შეიარაღებისთვისაც გეგმავს.
დატოვე კომენტარი